ანა მარგველაშვილი - განსხვავებული აზრის მქონე ხალხის ახლობლები იდევნებიან | Allnews.Ge

ანა მარგველაშვილი - განსხვავებული აზრის მქონე ხალხის ახლობლები იდევნებიან

ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს ძალიან გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის შვილები, ახლობლები და ნათესავები იდევნებიან ჩვენს რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილმა ანა მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, როდესაც მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის დიდი ოდენობით "სუბუტექსის" აღმოჩენის ბრალდებით დაკავებაზე ისაუბრა. ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მის მეგობარს ნარკოტიკი არ ჰქონია და ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ყველა საქმეს, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ოჯახის წევრების დაკავებას ეხება, იდენტური ხელწერა აქვს.

"მე ხელს არავის არ ვადებ, მაგრამ ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. თუნდაც, ყველამ ვიცით, რომ ბოლო დროს გახმაურებელი საქმეები არის იდენტური მიხეილ თათარაშვილის საქმესთან", - აღნიშნა ანა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მის ოჯახზე მიმდინარეობდა ზეწოლა, პროკურატურამ დაკითხა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, თუმცა გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ანა მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ ჯერზე ისინი არ აპირებენ სამართალდამცავებს მიმართონ.

"არც ვაპირებთ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართოთ,რადგან აღარ ვენდობით მათ და მათ გამოძიებას", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

როგორც ანა მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას დაესწრება, რომლის სახელწოდებაა "არა ჩადებას".

"მე მინდა, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და ბოლომდე ვიბრძოლო მათი სიმართლის დასამტკიცებლად.

ყოველთვის ვეცდები გვერდით დავუდგე მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს და სოლიდარობა გამოვუცხადო. ძალიან ბევრი ფაქტია დაფიქსირებული და ამაზე გაჩუმება არ შეიძლება", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

myquiz