20.03.2017 / 14:53
შრიფტის ზომა:

"შოკი მივიღე და ერთადერთი რეაქცია რაც მქონდა გაქცევა იყო" - ვინ არიან ექსჰიბიციონისტები

მაშინ პირველ კურსზე იყო, რუსთავიდან თბილისში ჩამოდიოდა და გმირთა მოედნისა და ვარაზის ხევის გავლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიდიოდა. მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა ყოველდღიურად უხდებოდა, თუმცა გაზაფხულამდე არც კი ეჭვობდა, რომ ამ გზაზე რაიმე ხიფათს წააწყდებოდა.

როდესაც ანა ერთ ჩვეულებრივ დღეს, მიწისქვეშა გადასასვლელში ტანს ქვემოთ შიშველ ადამიანს წააწყდა, ექსჰიბიციონიზმის არც თეორიული და, რა თქმა უნდა, არც პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. ამ თემაზე საუბარის გამბედაობაც მხოლოდ უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე მოიკრიბა და აღმოაჩინა, რომ მის გამოცდილებას კიდევ ბევრი ადამიანი იზიარებდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მასავით დუმდა.

"შოკი მივიღე და ერთადერთი რეაქცია რაც მქონდა გაქცევა იყო.

დიდი ხანი დამჭირდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანმა ჩემზე სექსუალური ძალადობა დააპირა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის სექსუალური ძალადობა. ყველაზე ახლო მეგობრისთვისაც კი ვერ ვბედავდი ამის თქმას, რადგან ძალიან მცხვენოდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დღემდე მეშინია და თავს ვარიდებ, სანაცვლოდ დატვირთული მოძრაობის მიუხედავად ვამჯობინებ პირდაპირ გზაზე გადავიდე"- ყვება ერთ-ერთი დაზარალებული ანა მებურიშვილი.

პატრულში დარეკვა არც კი გახსენებია - ამ გადაწყვეტილებას შოკს აბრალებს, თუმცა ამასთანავე ამბობს, რომ სანამ პატრული რეაგირებას მოახდენდა, ექსჰიბიციონისტი, თავს გაქცევით უშველიდა და სამართალდამცველის მოსვლას აზრი აღარ ექნებოდა.

"როდესაც მომავალში ამ საკითხზე სხვებთან ვსაუბრობდი მათაც უთქვამთ, რომ ამ დროს პატრულში დარეკვა არც მოფიქრებიათ, რადგან არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ სამართალდამცველები მათ დაცვას შეძლებდნენ"- იხსენებს ანა მებურიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ პრობლემას იცნობენ. Allnews.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2016 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით "გარყვნილი ქმედება", გამოძიება სისხლის სამართლის 40 საქმეზე დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასასწორებელ სამუშაოს, ვადით ერთ წლამდე ანდა, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

შსს-ს პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებისა შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.

რა არის ექსჰიბიციონიზმი?

ექსჰიბიციონისტი, ძირითადად, შიშვლდება საპირისპირო სქესის ადამიანის წინ, საზოგადოებრივ ადგილას. როგორც წესი, ის არ ფიქრობს სექსუალური კონტაქტის გაგრძელებაზე ან ურთიერთობის დამყარებაზე. მეცნიერები ცრუ და ჭეშმარიტ ექსჰიბიციონიზმს გამოარჩევენ. ცრუ ექსჰიბიციონიზმის პირობებში საჯარო ადგილებში გაშიშვლება ხულიგნურ ქმედებად ითვლება. ჭეშმარიტი ექსჰიბიციონიზმის პირობებში კი ავადმყოფობის კატეგორიას განეკუთვნება, რაც სექსუალური ნორმისგან გადახრას გულისხმობს და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის F65,2 კოდი ენიჭება.

ანა მებურიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანებისგან დაცლილ ისეთ ადგილებში, როგორიც მიწისქვეშა გადასასვლელია, პოლიციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. გარდა ამისა, ძალადობის ამ ფორმისგან დაზარალებულმა ადამიანებმა, თავდაცვის ალტერნატიულ საშუალებებზეც უნდა იფიქრონ და უპირველეს ყოვლისა ამ პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბრონ.

ხმამაღლა საუბარი მოსახლეობამ Facebook-ით დაიწყო, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გვერდის "რა მოხდა ქუჩაში" ნახვა შეუძლია. ამ გვერდის დახმარებით ექსჰიბიციონისტების მსხვერპლი ადამიანები საკუთარ შემთხვევებსა და ისტორიებზე დაუფარავად საუბრობენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და გამოსავლის მოძებნას ცდილობენ.

 

სალომე აბულაშვილი