აპრილიდან საქართველოში შედარებით დაბალფასიანი ელექტრომობილები შემოვა | Allnews.Ge

აპრილიდან საქართველოში შედარებით დაბალფასიანი ელექტრომობილები შემოვა

აპრილიდან საქართველოში ახალი, ჩინური კომპანია Changan-ის მიერ წარმოებული, ელექტომობილების შეძენა შეგეძლებათ. მათი ღირებულება 9 000$-დან 11 500$-მდე მერყეობს. ავტომობილებს დაახლოებით, 6-8 კვტ-იანი მოხმარება აქვთ, რისი საფასურიც, დაახლოებით 1,60 ლარია.

სახლის პირობებში, ის 6-8 საათიან შუალედში სრულად იტენება და შეუძლია, 180 კმ-მდე მანძილი გაიაროს.

ელექტრომობილი 90 კმ-სთ სიჩქარეს ავითარებს. საქართველოში მისი ოფიციალური დილერი კომპანია Global Motors Georgia (GMG)-ია.

რა უპირატესობები აქვს შედარებით ხელმისაწვდომ ელექტრომობილს და რატომ უნდა შევიძინოთ ის?

GMG-ის დირექტორის, გოჩა როსტიაშვილის თქმით, ელექტრომობილები, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა, ისინი თანხის დაზოგვის საშუალებასაც იძლევიან, რადგან იმდენ სათადარიგო ნაწილს არ საჭიროებენ, რამდენსაც საწვავზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილები.

"ელექტრომობილს ფილტრები, აალების სანთლები (ე.წ "სვეჩები") და სხვა მოწყობილობები არ ესაჭიროება, შესაბამისად, მისი მოვლა გაცილებით ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ჩვენ ელექტრომობილების სათადარიგო ნაწილებიც შემოგვაქვს,"-განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

რა უპირატესობა აქვს და რა ღირს ჰიბრიდული ავტომობილი

გოჩა როსტიაშვილის თქმით, ელექტრომობილები ქალაქში გადაადგილებისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მათი გავრცელებით კი ქალაქში შედარებით სუფთა ჰაერს ვისუნთქებთ.

"ახლა ავტომობილები საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რის შემდეგაც ერთი მათგანი ჩვენს ცენტრში სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი მსურველს შეეძლება, დაათვალიეროს და ქალაქის პირობებშიც გამოსცადოს. ეს ავტომობილები არის კომპანია Changan-ის ერთ-ერთი მოდელის ბაზაზე აწყობილი და ისეა აღჭურვილი, რომ ნებისმიერ ავტომოყვარული დააკმაყოფილოს,"-აღნიშნავს ის.

რა უპირატესობები აქვს ელექტრომობილს და როგორია მისი ფასი

გარდა იმისა, რომ ელექტრომობილების დატენვა ქალაქის რამდენიმე უბანში დამონტაჟებული სპეციალური დამტენების საშუალებით უფასოა,  ახალი რეგულაციების თანახმად, თანხის გადახდა არც მისი განბაჟებისთვის მოგიწევთ.

ამასთან, თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარადგინონ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს "სითი პარკს" გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz