მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველას დაუფინანსდება | Allnews.Ge

მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველას დაუფინანსდება

მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვაში მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები.

მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია.

მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე ასაკის პირები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

"სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას მშობიარობის დაფინანებისას, მიუხედავად იმისა, რომელიმე ჯგუფის მოქალაქე დარჩება თუ გადავა კერძო დაზღვევაში. ასევე მეორე ძალიან სპეციფიური საკითხია ონკოლოგია. პირობითად მდიდრების ჯგუფში, თუკი ისინი კერძო პაკეტს აიღებენ, მათ რჩებათ სახელმწიფო პროგრამები და მშობიარობის დაფინანსება, მაგრამ არა ონკოლოგიის. საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები თუკი აირჩევენ გადასვლას, სახელმწიფო საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებში ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ზრუნვას თუკი მათ ონკოლოგიის გამო დასჭირდათ ქიმიოთერაპია და დაბალი შემოსავლის მქონეებში გააგრძელებს ზრუნვას როგორც ქიმიოთერაპიას, ასევე ჰორმონოთერაპიას და სხივურ თერაპიას", - განმარტა დავით სერგეენკომ.

myquiz