ვის უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე | Allnews.Ge

ვის უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე

2016 წელს საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მიღების მოთხოვნით იუსტიციის სახლს სხავდასხვა ქვეყნის სულ 11 620-მა მოქალაქემ მიმართა, რის შედეგადაც ნაწილს უარი ეთქვა.

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, გასულ წელს მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღებაზე ყველაზე მეტი, 434 უარი რუსეთის მოქალაქეებს ეთქვა.

მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებაზე უარი ასევე თურქეთის 209 მოქალაქემ, სომხეთის - 151-მა, საბერძნეთის 57-მა და ისრაელის 57-მა მოქალაქემ მიიღო.

რატომ შეიძლება მიიღონ საქართველოში ბინადრობის უფლებაზე ან მოქალაქეობაზე უარი უცხოეთის მოქალაქეებმა?

"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, აღნიშნულს კანონმდებლობა არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კოტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა."

ვინ არის დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობით?

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო" იღებს. ქვეყანაში ბინადრობის უფლების, მოქალაქეობის უფლების არ მიცემის ან საქართველოში არ შემოშვების მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს. კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი ვერ შემოვა ქვეყანაში, "თუ მისი საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას."

ასევე, პირი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მოიპოვებს, თუ "იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება."

უცხოეთის მოქალაქეებისათვის მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დაახლოებით ორი წლის წინ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი პროცედურებსა და პრობლემებზე იყო. ანგარიშში ჩანდა, რომ ბინადრობაზე უარის თქმის მიზეზები ბუნდოვანი იყო. Allnews.ge დაინტერესედა, რატომ შეიძლება ეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეობისა თუ ბინადრობის უფლების მიღების მსურველს, გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, რომლებიც კანონმდებლობაშია გაწერილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, გიგი ჩიხლაძის თქმით, შენგენის ზონის ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, ჩრდილოეთ ამერიკის და ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყანაში 360 დღის განმავლობაში უვიზოდ შეუძლიათ დარჩენა:

როგორ გავხდეთ შვეიცარიის მოქალაქე

"შესაბამისად, რჩება მხოლოდ და მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის შემდეგ მუდმივი ბინადრობის მოწმობა სჭირდებათ და ქვეყანაში დარჩენა სხვადასხვა მიზნითსურთ, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის, სასწავლო თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები "სერვისების განვითარების სააგენტოა," რომლის გადაწყვეტილებებიც ბინადრობისა და მოქალაქეობის უფლებებთან დაკავშირებით ბუნდოვანია ხოლმე და უარის მიზეზად, ძირითადად, ამბობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის,"-განმარტავს ის.

სპეციალისტის თქმით, ხშირად არის სიტუაცია, როდესაც არასრულწლოვნებს სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზეზით ბინადრობის უფლებას არ აძლევნენ, ამავე პრობლემის წინაშე მეუღლეები, ქმრები და სხვა ნათესავებიც დგებიან ხოლმე:

"ვერანაირ ლოგიკას ჩვენ ამაში ვერ ვხედავთ. აქ საუბარია ასეულობით ადამიანზე, რომლებიც საქართველოში სასწავლებლად არიან ჩამოსულები და არაერთი თვე და წელია უკვე აქ არიან და "იუსტიციის სამინისტროს" თქმით, ქვეყნისთვის საფრთხე უეცრად გახდნენ. საუბარი იყო სტუდენტებზე, ასევე მათზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე არიან დაქორწინებულები, ოჯახი ჰყავთ. ასეთ ადამიანებს ბინადრობის ნებართვას არ აძლევდნენ, მაშინ როდესაც მანამდე ჰქონდათ. შემდეგ ისინი იძულებულები ხდებიან, რომ არალეგალურად დარჩენილიყვნენ ქვეყანაში ან თავიანთ ოჯახს, სწავლას მოწყდნენ და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ," - აღნიშნავს ის.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, გიორგი გობრონიძის თქმით, მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭებაზე ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი რუსეთის, თურქეთის, საბერძნეთის, ისრაელისა და სომხეთის მოქალაქეების შემთხვევაში იმიტომ ფიქსირდება, რომ მოთხოვნა ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღებაზე ამ ქვეყნებიდან შედარებით მაღალია,-"ამ ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სახელმწიფოს ღიად გაცხადებული არ აქვს და არ დაუფიქსირებია, თუ რომელი ქვეყნები არიან სასურველ სიაში და საკუთარ ტერიტორიაზე რომელი ქვეყნის მოქალაქეებს არ მიესალმებიან. აქ კიდევ ერთი საკითხია, ადამიანები, რომლებიც ბინადრობის უფლებისა და მოქალაქეეობის მიღებას ითხოვენ, უშუალოდ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეები არიან თუ ეთნიკურად ქართველები, რომლებსაც საქართველო დატოვებული ჰქონდათ. ასეთი ვითარება შეიძლება თურქეთისა და რუსეთის შემთხვევაში იყოს," - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ ბინადრობის უფლებისა და მოქალაქეობის მიღებაზე უარი ქართული მხარის მხრიდან სულ 1 104-მა უცხოეთის მოქალაქემ მიიღო.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz