13.03.2017 / 13:43
შრიფტის ზომა:

QNET-ის "ხაფანგი" - რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ფინანსურ პირამიდებზე

ბოლო პერიოდში ფინანსური პირამიდის სქემით საქმიანობაში რამდენიმე კომპანიას დასდეს ბრალი.

მათგან ყველაზე გახმაურებული "საფინანსო კომპანია საქართველოს" "ქეისი" გახდა, რომელსაც უკვე სასამართლო განიხილავს.

რა არის ფინანსური პირამიდა და რა მექანიზმით მუშაობენ ასეთი კომპანიები?

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და, სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით, მაღალი სარგებლის შეთავაზება. სწორედ მაღალი სარგებლის დაპირებით იზიდავენ მოსახლეობის ძირითად ნაწილს, პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიები.

ფინანსური პირამიდა უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა.

ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად, სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც - მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

ფინანსური პირამიდის ტიპები

არსებობს ფინანსური პირამიდის რამდენიმე ტიპი. პირველი, კომპანიები, რომლებიც კლასიკური ფინანსური პირამიდის სქემით მუშაობენ, ისინი რეგისტრირდებიან საფინანსო კომპანიებად (ძირითადად შპს) და მოსახლეობისგან იწყებენ თამასუქების მიღებას, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით, მაღალ პროცენტში.

ფინანსური პირამიდის მეორე, შედარებით უფრო რთული სქემა არის ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხის მოზიდვას სხვადასხვა ნივთებისა თუ მომსახურების გაყიდვით ახდენენ. უფრო კონკრეტულად, ასეთი სქემით მომუშავე კომპანიები, პოტენციურ დაზარალებულს სთავაზობენ მაგალითად, რომელიმე კურორტის საგზურს, მაგრამ ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასად ამ მომსახურების შეძენის შემდეგ ეს ადამიანი კომპანიის წევრი ხდება და მისი მთავარი ამოცანა ორგანიზაციაში სხვა ადამიანების მიყვანა ხდება, ყოველი მოყვანილი წევრისგან კი მას სოლიდური პროცენტი ერგება.

QNET-ის "ხაფანგი"

ასეთი სქემით მომუშავე კომპანიის მაგალითია კომპანია QNET-ი, მაგრამ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, საქმე კიდევ უფრო რთულადაა იმდენად, რამდენადაც QNET-ში ჩართული ადამიანი ერთადერთია, ვისი მეშვეობითაც შეიძლება სისტემაში შესვლა, მას რეკომენდატორს უწოდებენ.

ყოველ ახალ წევრზე მიმდინარეობს გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა, რის შემდეგაც, სქემაში ჩართულ ადამიანს ეჭვიც არ ეპარება, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებით სხვა ადამიანებს მხოლოდ დაეხმარება და კარგ გზაზე დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ადამიანები მართლაც ნახულობენ მოგებას, მაგრამ მთავარი პრობლემა როგორც ყველა ფინანსური პირამიდის, არის ის, რომ ასეთი კომპანიები მოზიდულ თანხებს ეკონომიკაში კი არ ატრიალებენ, არამედ ის სხვადასხვა ადამიანების ჯიბესა და ინტერესებს ხმარდება.

შესაბამისად, როგორც ყველა ფინანსური პირამიდის, ამ უკანასკნელის ჩამოშლაც გარდაუვალია.

კომპანია QNET-ი 1998 წელს ჰონკონგში დაარსდა და ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საქმიანობდა, თუმცა ორგანიზაციას საქმიანობა ეტაპობრივად მრავალმა ქვეყანამ სცნო თაღლითურად და საქმიანობა აუკრძალეს. ჩვენ რეგიონში კომპანია QNET-ი აქტიურად ოპერირებს უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, თუმცა აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთში უკვე ასობით საჩივარია შესული ამ კომპანიის წინააღმდეგ და დავები სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია საქართველოში 4 წლის წინ შემოვიდა და დღემდე აქტიურად ცდილობს სქემაში მოქალაქეების ჩაბმას.

"თავდაცვა პირამიდისაგან"

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირამიდა-ბიზნესი ითვლება კრიმინალურ საქმიანობად და კანონით ისჯება. კონტროლდება სარეკლამო რგოლები, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. საქართველოში მსგავსი ბიზნესის წარმოება დანაშაულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია იყოს დაზარალებული ან მომჩივანი, ეს კი უკვე ნიშნავს, რომ პირამიდამ რღვევა დაიწყო. ანუ, არსებული კანონით სამართალდამცავი უწყებები მოქმედებენ პოსტფაქტუმ, მაშინ, როდესაც ფინანსური პირამიდა ზენიტშია და მასში ათასობით ადამიანია ჩართული.

ამგვარი კომპანიებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება კარგად ინფორმირებულობაა. პირამიდის სქემით მომუშავე ყველა კომპანიას მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე მუშაობის სტილი აქვთ.

კლასიკური პირამიდის სქემის შემთხვევაში, კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება, კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია.

მეორე მარკეტინგული სქემით მომუშავე "პირამიდების" შემთხვევაში: სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას, ფინანსური პირამიდები ძირითადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით რეგისტრირდებიან.

შესაძლოა, ისინი ე. წ. "შუამავლობასაც" უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს, კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის სოციალური ქსელით და ინტერნეტ საშუალებებით. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე. წ. "საქველმოქმედო" აქციებს.

მომხმარებელმა ამგვარი სქემით მომუშავე კომპანიებთან თანამშრომლობისგან სასურველია თავი შეიკავონ ან თანამშრომლობამდე კარგად გაერკვიონ მათი საქმიანობის სპეციფიკაში.

პაატა თურქია
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"