სპეციალისტების რჩევები, რომლებიც გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ | Allnews.Ge

სპეციალისტების რჩევები, რომლებიც გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ

საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ტემპერატურამ მკვეთრად იკლო. მოსახლეობამ ზამთრისთვის მზადება უკვე დაიწყო. ძირითადი სამზადისი სახლში გათბობის უზრუნველყოფას ეხება. დედაქალაქის, ისევე როგორც სხვა ქალაქების მცხოვრებთა უმრავლესობა, გაზის გამათბობლებს იყენებს. შესაბამისად, ზამთრის პერიოდში ხშირია ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები, რისი მიზეზიც სპეციალისტების აზრით, ცუდი ხარისხის გამათბობლები და მათი არასწორად მონტაჟია.

Allnews.ge დაინტერესდა რა შეცდომას უშვებს მოსახლეობა წყლის გამათბობლების შეძენა-დამონტაჟებისას და რა უნდა გაითვალისწინონ მათ ამ პროცესში? კითხვებზე პასუხის მისაღებად ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების ხელოსანს, ილია ფარცვანიას ვესაუბრეთ.

პირველ რიგში, მოსახლეობა უნდა შეეცადოს რომ ხარისხიანი გამათბობლები იყიდოს.

საუბარია, როგორც წყლის ისე ოთახის გამათბობელზე. სამწუხაროდ ჩვენს ბაზარზე ისეთი გამათბობლებიც შემოდის, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდებული. მაგალითისთვის ისეთი წყლის გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ და ნაკლებადხარისხიანი დამცავი მექანიზმებით არიან აღჭურვილები.

როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ უნდა აღინიშნოს ორმაგი ნამწვი აირის მილით აღჭურვილი გამათბობელი, რომელსაც დახურული წვის კამერა აქვს, ჟანგბადსაც გარედან იღებს და ნამწვიც გარეთ გააქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი სისტემის გამათბობლები ყველანაირად უსაფრთხოა.

საჭიროებს თუ არა აღნიშნული მოწყობილობა შემოწმებას?

როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს მოწყობილობა, დამონტაჟებიდან ორ მაქსიმუმ სამ წელში უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს. გასუფთავებისას სპეციალისტის გამოძახება აუცილებელია. გვქონდა შემთხვევები, როდესაც თანხის დაზოგვის მიზნით თუ სხვა მიზეზით, თვითონ დაუშლიათ, რაც რეკომენდებული არ არის. ჯობს დანადგარი თვითონ არ დაშალოთ.

რა ხდება მაშინ, როდესაც დანადგარი არასწორადაა დამონტაჟებული

ხარისხიან დანადგარს ისეთი მექანიზმი აქვს, რომ არასწორად დამონტაჟების შემთხვევაში უბრალოდ არ ჩაირთვება და არ იმუშავებს, იმავეს თქმა უხარისხო მოწყობილობებზე არ შეგვიძლია.

სად უნდა დავაყენოთ წყლისა და ოთახის გამათბობელი?

წყლისა და ოთახის გამათბობელი აუცილებლად გამავალ კედელთან უნდა დაიდგას, მილი, რომელიც მოჰყვება, გარეთ უნდა გავიდეს. არის პროექტები, სადაც სამზარეულო საცხოვრებელი სახლის შუაშია მოქცეული, მსგავსად დაპროექტებულ სახლებში წყლის გამათბობელი სამზარეულოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიდგას. ძველი კორპუსების უმეტესობში, ბინებს ინდივიდუალური სავენტილაციო არხი არ ჰქონდათ. ერთ არხით სარგებლობა რამდენიმე ბინის მაცხოვრებლებს შეეძლოთ, ამიტომ ამ არხების გამოყენება წყლის გამათბობლების დამონტაჟებისას დაუშვებელია.

იაფასსიანი გამათბობლები, რომლებიც ქარიან ამინდში ქვრება თავის დაზღვევის მიზნით, უნდა შეიცვალოს. ახალ დანადგარებს მუშაობა არც ქარიან ამინდში უჭირთ.

რამდენ ხანს შგვიძლია ვიხმაროთ წყლისა და ოთახის გამათბობელი?

დანადგარების გამოყენების ვადა მათი მოხმარების ინტენსივობიდან გამომდინარეობს. გააჩნია დატვირთვა როგორი აქვს, ამიტომ არის რომ 2 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. მასში არსებული ფირფიტები სპილენძისაა და დროთა განმავლობაში სიმხურვალისგან დნება. თუ ეს ფირფიტები დამდნარია ნამწვი ვერ გააქვს გარეთ და ბრუნდება შიგნით. თავის მხრივ, ახალ დანადგარებში ამ ე.წ რადიატორში ფირფიტები თუ დადნა დამცავი მექანიზმები თიშავს მოწყობილობას.

ხელოსნის განმარტებით, კარგი ხარისხის წყლის გამათბობლების ფასი 300 ლარიდან იწყება, გამათბობლებს კი რომელთა ღირებულება 100-დან 130 ლარამდე მერყეობს ნაკლებადხარისხიანი დამცავი მექანიზმი აქვს.

myquiz