ვინ არის მეუფე პეტრე? | Allnews.Ge

ვინ არის მეუფე პეტრე?

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ე.წ ციანიდის საქმის შემდეგ გახდა. მან მედიასთან არაერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა. კერძოდ, საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების პარალელურად, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ რეზონანსული განცხადებები გააკეთა, მათ შორის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენ თეთრუაშვილზეც, რისთვისაც მას სინოდის სხდომაზე აქტიურობის გამო უსაყვედურეს კიდეც.

რამდენიმე დღის წინ გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა. თუმცა, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას გაფრთხილება არ მიუღია.

ვინ არის მეუფე პეტრე?

ერისკაცობაში პაატა რევაზის ძე ცაავა 1970 წელს, ქალაქ სენაკში დაიბადა. 1987 წელს დაამთავრა სენაკის VII საშუალო სკოლა; ხოლო – 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი.

1997-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე დროს, ცხოვრობდა და აღასრულებდა მორჩილებას საქართველოს საპატრიარქოში რეზიდენციაში.

მეუფე პეტრე ბერად 2000 წლის 27 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღკვეცა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და უწოდა სახელი პეტრე, შემდეგ დღეს კი დიაკვნად იკურთხა. 2000 წლის ივლისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მორჩილი პაატა(ცაავა) გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში – სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად.

2000 წლის 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბერ-დიაკონ პეტრეს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მას დაევალა მღვდელმსახურება ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლებში. ამავე დროს მღვდელ-მონაზონი პეტრე განაგრძობს საქართველოს საპატრიარქოს სოფელ სნოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას.

2002 წლის 16 ივლისს, მეუფე პეტრე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენის ხარისხამდე ამაღლდა.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით წილკნის ეპარქიას გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ახალი საეკლესიო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია ეწოდა. ამ ეპარქიის ეპისკოპოსად წმინდა სინოდმა გამოარჩია იღუმენი პეტრე (ცაავა).

2002 წლის 27 ოქტომბერს სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა დაბა ყაზბეგის (დღევანდელი სტეფანწმინდის) საკათედრო ტაძარში. ამ დროიდან იწყებს იგი სამღვდელმთავრო მოღვაწეობას.

2006 წლის 23 დეკემბერს, სინოდის გადაწყვეტილებით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა,

2007 წლის 5 იანვარს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს;

2008 წლის 23 ნოემბრიდან პეტრე ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია "ერთსულოვნებას."

myquiz