დაკავებული დეკანოზის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა | Allnews.Ge

დაკავებული დეკანოზის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ქობულეთში, დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან, "ტოიოტას", "შკოდას" და "ფორდის" მარკის ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს შემდეგ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც აღნიშნული მანქანებით მოძრაობენ.

დაენიშნა თუ არა დაკავებული დეკანოზის ოჯახს სახელმწიდო დაცვა, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ საუბრობს. "ინტერპრესნიუსი" მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა მათი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

"ეს ღონისძიება არის სახელმწიფო საიდუმლოება და შესაბამისად, არ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ", - განაცხადეს პროკურატურაში.

დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის ავტომანქანების გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მამა გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას დაკავების დღიდან ითხოვდა. ის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზეც უარს აცხადებდა, გუშინ საღამოს კი, ადვოკატებმა მედიასთან განაცხადეს, რომ დეკანოზი დაკითხვის გასაგრძელებლად მზადაა.

myquiz