როგორი იქნება ეკოქალაქი, რომელიც თბილისის ზღვასთან შენდება | Allnews.Ge

როგორი იქნება ეკოქალაქი, რომელიც თბილისის ზღვასთან შენდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, განაშენიანებული ტერიტორიის 60-65% გამწვანდება. პროექტი დაახლოებით, 10-12 წელში დასრულდება.

"ჯინო გრუფის" დამფუძნებლის, ნოდარ გიორგაძის თქმით, პროექტი სამ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი, "ჯინო პერედაისი" უკვე დასრულებულია. მასში 21 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია ჩაიდო.

"მეორე ეტაპი, აკვაპარკის გარშემო აპარტ-ოტელების, სავაჭრო ობიექტების, ოფისების მშენებლობას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე, პირველი საპილოტე პროეტი აპარტ-ოტელი მშენებლობის პროცესშია და სხვა ობიექტებზე საპრტოექტო სამუშაოები მიმდინარეობს,"-განმარტა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, რომელიც უკვე 300 ჰექტარზე განაშენიანებას ითვალისწინებს, საპარტნიორო ფონდისთვის ამჟამად, მიწა უკვე გადაცემულია და მასტერპლანზე მიმდინარეობს მუშაობა.

"ვფიქრობთ, რომ ივნისის ბოლოს, მაქსიმუმ ივლისის შუა რიცხვებში ძირითად გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, მაგრამ გაზაფხულზე, მომავალ წელს, პროექტი მიმდინარეობის პროცესში იქნება.

ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრების, ოფისების, სასტუმროების კომპლექსების, საცხოვრებელი მასივების, სამკურნალო დაწესებულების, სამედიცინო ცენტრის, სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნებისა და აკადემიის მშენებლობაა დაგეგმილი. ზღვისპირა ზოლზე სავაჭრო ქუჩა მოეწყობა,"-აღნიშნა მან.

ნოდარ გიორგაძის თქმით, ეკოქალაქში ყველაფერი მწვანე ენერგიაზე იმუშავებს.

"ესენი იქნება მზე, ქარი, ბიოგაზი, წყლის და გეოთერმული ენერგიები. საკითხი არ დგას, რომ რაიმე სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს, თუმცა, ჩვენ უკვე დავიწყეთ ელექტრომანქანების შემოყვანაზე ზრუნვა. შემდეგ თვენახევარში უკვე გვეყოლება ეკოლოგიური ტაქსები, მწვანე ტაქსები, რომლებიც ელექტროენერგიაზე მუშაობენ.

ასევე, ვინც ელექტრომობილებს შეიძენს, მათთვის ამ ტიპის ავტომობილებზე განახევრებული ფასები იქნება, ხოლო მათთვის, ვინც ამ ქალაქში იცხოვრებს, ელექტროენერგიის გადასახადები, ფაქტობრივად, განახევრდება,"-განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ ეკოქალაქის მშენებლობაში 700 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია იდება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz