რას ნიშნავს ე.წ. ჭკვიანი მრიცხველი და როგორ შეიძლება მისი საშუალებით თანხის დაზოგვა | Allnews.Ge

რას ნიშნავს ე.წ. ჭკვიანი მრიცხველი და როგორ შეიძლება მისი საშუალებით თანხის დაზოგვა

სამომავლოდ, საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დაყენება იგეგმება, რომელიც მომხმარებელს მის მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის შესახებ დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.

ე.წ "ჭკვიანი მრიცხველის" მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იცოდეს საათობრივად, კონკრეტული ტექნიკის გამოყენებით, რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ "ჭკვიანი მრიცხველების" დამონტაჟება ძვირი სიამოვნებაა და ვინც ყოველთვიურად ენელექტროენერგიის საფასურს 10-15 ლარის ან ცოტა მეტის ოდენობით იხდის, მას აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება არ უღირს.

"ძირითადად, მსხვილ მომხმარებლებზეა საუბარი, რომლებიც, კერძო სახლების შემთხვევაში, 3 000 ლარიან ქვითრებს იღებენ. თუ მათ ეცოდინებათ, რომ მრიცხველის დაყენების შემთხვევაში, ღამის ტარიფი შედარებით დაბალი იქნება, ცხადია, უღირთ, მასში თანხის გადახდა. მაგალითად, სოფლების შემთხვევაში, ასეთი ინვესტიციის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის, მისი განხორციელება წლების შემდეგ შეიძლება, როდესაც საქართველოშიც ისეთივე სატარიფო მეთოდოლოგია იქნება, როგორიც ევროპაშია,"-აღნიშნა მან.

მარიამ ვალიშვილის თქმით,  თუ ეკონომიკა და ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, ე.წ. "ჭკვიანი მრიცხველების" მასობრივად დამონტაჟებაზე ფიქრი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.

აღნიშნული მრიცხველების ინვესტირებას კერძო კომპანია განახორციელებს და დ მომხმარებელი მრიცხველის საფასურს კონკრეტული ტარიფის მეშვეობით გადაიხდის. "მაგალითად, როდესაც წლების წინ, ე.წ. ინდუქციური მრიცხველების დამონტაჟება დაიწყო, მოსახლეობამ მათი საფასური ტარიფის საშუალებით გადაიხადა ანუ თავად მოსახლეობას მრიცხველი არ შეუძენია. ეს ქსელის მოწყობის წესების ერთ-ერთი კომპონენტია."-განმარტა მან.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ 2019-2020 წლიდან ბაზრის ახალი მოდელის შექმნა იგეგმება, რომელიც ენერგოგამანაწილებელი კომპანიების მიერ, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრას გულისხმობს.

"ე.წ "ჭკვიანი მრიცხველების" დამონტაჟების შემთხვევაში, ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა ირბინოს სხვადასხვა მომწოდებელ კომპანიასთან და თვითონ შეარჩიოს, ვინ იქნება მომწოდებელი. ბუნებრივია, ეს ადმინისტრაციულად საკმაოდ ხარჯიანი იქნება,"-აღნიშნა მან და განმარტა, რომ გამანაწილებელი კომპანიები ტარიფებს საათობრივად და დღიურად დაადგენენ, რის შესახებაც აღნიშნული მრიცხველის მომხმარებელი ინფორმირებული იქნება.

მარიამ ვალიშვილის თქმით, ე.წ "ჭკვიანი მრიცხველების" გამოყენება, ამჟამად, გენერაციის ობიექტებზე ხდება, "სადაც სხვადასხვა პარამეტრი საათობრივად აღირიცხება,"-განმარტა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ "ჭკვიანი მრიცხველების" მომხმარებლებისთვის შეთავაზებისა და მისი გამოყენების ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ამ მიმართულებით, სამომავლოდ მუშაობა გაგრძელდება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz