შორენა თეთრუაშვილი მოწმის სახით დაიკითხება | Allnews.Ge

შორენა თეთრუაშვილი მოწმის სახით დაიკითხება

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი პროკურატურის შეკითხვებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ამ წუთებში საპატრიარქოში მივიდა.

იურისტის ინფორმაციით, გარკვეული კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა, თუმცა კონკრეტული დრო, თუ როდის უნდა მივიდეს დაკითხვაზე შორენა თეთრუაშვილი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

"ჩვენ ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას. ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისთვის, მზად ვართ პასუხი გავცეთ", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება მოწმის სახით, ვინაიდან სხვა გარემოება არ არსებობს.

კითხვაზე, რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს შორენა თეთრუაშვილი, ქარჩავამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებს არ იცნობენ და არ იციან, თუ რა კითხვები ექნება პროკურატურას.

"ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონტაქტი იყო, რომ უნდა დაკითხულიყო, ან გამოკითხულიყო ქალბატონი შორენა. ჩვენ მზად ვართ მივიდეთ და მივცეთ ჩვენება", - აღნიშნა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა დღე ისე დასრულდა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი პროკურატურაში არ მისულა.

myquiz