მენინგოკოქცემია - რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის უნდა ავცრათ ბავშვები? | Allnews.Ge

მენინგოკოქცემია - რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის უნდა ავცრათ ბავშვები?

წელიწადი არ გავა, რომ საინფორმაციო საშუალებებმა მენინგოკოქცემიის ლეტალური შემთხვევების შესახებ არ გვაცნობონ. რა დაავადებაა იგი, როგორ დავიცვათ მისგან თავი? გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე ვიტალი ხარაშვილი.

დაავადების გამომწვევია მენინგოკოკი. ანტიგენური სტრუქტურის მიხედვით მენინგოკოკები რამდენიმე სეროლოგიურ ჯგუფად იყოფა. ყველაზე მაღალი ვირულენტურობით გამოირჩევა A სეროტიპი, რომელსაც განსაკუთრებული ინვაზიურობის (დაავადების გამოწვევის) უნარი აქვს და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, აშშ-ში კი უმთავრესად B დაC ჯგუფის სეროტიპები (45%-მდე) გვხვდება.

ამის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარებისას.

მენინგოკოკი გარემოში დიდხანს ვერ ძლებს. +56 გრადუსზე ის 5 წუთში იღუპება, 100 გრადუსზე - 30 წამში. ნაკლებად გამძლეა დაბალ ტემპერატურაზეც - -10 გრადუსზე მხოლოდ 2 საათს ძლებს, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით კი მაშინვე კვდება. ძლიერ მგრძნობიარეა სადეზინფექციო ხსნარების მიმართაც.

- როგორ იჭრება მენინგოკოკი ბავშვის ორგანიზმში?

- ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით ამოსუნთქვის, ლაპარაკის, ცემინების დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფთან ახლო კონტაქტს. გადაცემის ალბათობა იზრდება, როდესაც მენინგოკოკურ ინფექციას ერთვის მწვავე რესპირაციული დაავადებები (გრიპი და სხვა). დაავადების შემთხვევათა 80% ბავშვების წილად მოდის. მენინგოკოკური ინფექციისადმი ორგანიზმის მიმღებლობა არც ისე მაღალია, კონტაგიოზური ინდექსი (მოსახლეობის ავადობა) 10-15%-ით შემოიფარგლება.

ინფექციის წყარო და რეზერვუარი მხოლოდ ადამიანია.

ავადმყოფი გადამდებია უმთავრესად დაავადების დასაწყისში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კატარული მოვლენები (ცემინება, სურდო, ხველა) მკვეთრად აქვს გამოხატული. ასეთი ფორმით დაავადებული 6-ჯერ მეტად ასნებოვნებს კონტაქტში მყოფებს, ვიდრე ჯანმრთელი მატარებელი. მიუხედავად ამისა, დაავადებას მატარებლები უფრო მეტად ავრცელებენ, რადგან გაცილებით მეტნი არიან. მათი რაოდენობა დაავადებულებისას 2000-ჯერ აღემატება.

- როგორია დაავადების განვითარების რისკფაქტორები?

- დაავადების განვითრებაში დიდ როლს ასრულებს:

. მჭიდრო კონტაქტი დახურულ დაწესებულებაში (ბაგაში, ბაღში, სკოლაში და სხვა);

. მაღალი ტემპერატურა;

. ტენიანობა.

დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა ქალაქის მოსახლეობის წილად მოდის. სოფლის მკვიდრნი ნაკლებად ავადდებიან, მაგრამ თუ მაღალი მატარებლობის კოლექტივებში მოხვდნენ, დაავადება სწრაფად და მძიმე ფორმით უვითარდებათ. მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება 10-15-წლიანი ინტერვალებით ხდება.

დაავადებას სეზონურობა ახასიათებს - უმთავრესად ზამთარში და გაზაფხულზე იჩენს თავს.

შემთხვევების პიკი თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში მოდის. მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზება (მენინგოკოქცემია) ორგანიზმის იმუნორეაქტიულობის დაქვეითების ფონზე ხდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ადრე გადატანილ დაავადებებს, ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას სტრესფაქტორების ზემოქმედებით. ასეთი ფაქტორებია ვირუსული ინფექციები (მათ შორის - გრიპი), ჰერპესინფექცია, კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება, ტრავმა.

- როგორ ვლინდება დაავადება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ სამედიცინო დახმარებამ არ დაიგვიანოს?

- მენინგოკოქცემია იწყება ტემპერატურის უეცარი მომატებით. სიცხე ერთბაშად 39-40 გრადუსამდე იწევს, მერე კი შესაძლოა, მუდმივი ჰექტიური (ძალიან მაღალი) ან ტალღისებური ხასიათი მიიღოს. ზოგჯერ დაავადება ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობს. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს ტემპერატურა, ჩვეულებრივ, სუბფებრილურ დონემდე ეცემა, ზოგჯერ ჰიპოთერმიაც კი ვითარდება. ჰიპოთერმიას ერთვის შემცივნება, განმეორებითი ღებინება, თავის ძლიერი ტკივილი.

ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ამ დროს დამახასიათებელია ტირილი გამყინავი ხმით, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა. გარდა ამისა, გამოხატულია ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები, უმადობა, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, წყურვილის შეგრძნება, პირის ღრუს სიმშრალე, სიფერმკრთალე, ქოშინი, ციანოზი (კანის მოლურჯო ელფერი). ეს ყველაფერი პირველი 6-12 საათის განმავლობაში ვითარდება, ზოგჯერ - უფრო გვიან. დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარი მეორე დღიდან ჩნდება.

განსაკუთრებით შესამჩნევია ქვედა კიდურებზე, დუნდულებზე, ბარძაყის უკანა ზედაპირზე, წვივებზე, ქუთუთოებზე, სკლერებზე. მძიმე ფორმის კლასიკური მიმდინარეობის შემთხვევაში გამონაყარი ჰემორაგიულია, სხვადასხვა ზომისა და ფორმისა - წვრილწერტილოვანი პეტექიიდან დაწყებული, მსხვილი სისხლჩაქცევებით დამთავრებული. შედარებით ტიპობრივია უსწორმასწორო, ვარსკვლავისებური გამონაყარი ცენტრალური ნეკროზით, რომელიც კანიდან წამოწეულია და შეხებისას მკვრივი. ჰემორაგიული ხასიათის ერთეული გამონაყარი მენინგოკოქცემიის ეჭვს ბადებს.

გამონაყარი ერთდროულად არ ვითარდება, ამიტომ ავადმყოფს სხეულზე სხვადასხვა შეფერილობის ელემენტები აქვს.

ჰემორაგიული გამონაყარის უკუგანვითარება კანის დაზიანებული ფართობის ზომაზეა დამოკიდებული. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს თითების, ტერფის, ყურის ბიბილოს, ცხვირის განგრენა. მენინგოკოქცემია ზოგჯერ თვალის სისხლძარღვების ანთებას - ირიდოციკლიტს იწვევს. ამ დროს თვალის ფერადი გარსი ჟანგისებრ ელფერს იღებს, ვითარდება კონიუნქტივიტი. დაზიანება ხშირად ცალმხრივია.

- მენინგოკოკური ინფექციის ყველაზე რთული ფორმაა ელვისებური მენინგოკოქცემია, რომელსაც უმძიმესი პროგნოზი აქვს...

- ელვისებურ მენინგოკოქცემიას ხშირად უწოდებენ ზემწვავე მენინგოკოკურ სეფსისს ან უოტერჰაუს-ფრიდერიქსონის სინდრომს. მისთვის დამახასიათებელია დაავადების დაწყებიდან რამდენიმე საათში ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. დაავადება ისე უეცრად იწყება და ვითარდება, რომ ექიმის მოსვლისას მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმეა ხოლმე. დამახასიათებელია:

. შემცივნება და ტემპერატურის სწრაფი მომატება 39-40 გრადუსამდე, რომელიც რამდენიმე საათში შესაძლოა ჰიპოთერმიით შეიცვალოს;

. პროგრესირებადი ქოშინი;

. სიფითრე კიდურებზე გენერალიზებული ციანოზით.

ტანზე ჩნდება მოწითალო-მოლურჯო ლაქები, რომლებიც პოზიციის შეცვლისას ადგილს იცვლის (ცნობილია გვამური ლაქების სახელწოდებით). მათ გაჩენას წინ უძღვის გულის წასვლა, აგზნება, კრუნჩხვა, შემდეგ ვითარდება პროგრესირებადი პროსტრაცია (დაძაბუნება, უგუნებობა) და გონების დაკარგვა. ინტოქსიკაციის ფონზე გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის შედეგად დაავადება შესაძლოა გართულდეს ტვინის შეშუპებით და შემდგომ - მოგრძო ტვინის ჩაჭედვით (ეს დაავადების ტერმინალურ სტადიაში ხდება). თავის ტვინის შეშუპების პირველ სიმპტომად ითვლება:

. თავის მკვეთრი ტკივილი;

. განმეორებითი ღებინება;

. გაბრუება, დეზორიენტაცია, ძილიანობა;

. გულის წასვლა;

. კრუნჩხვა;

. შარდვის შეკავება.

მშობლები ხშირად თავზურგტვინის პუნქციის წინააღმდეგნი არიან, არადა მისი ჩატარება აუცილებელია დიაგნოზის დასაზუსტებლად და სათანადო მკურნალობის დასანიშნავად.

- რა პროფილაქტიკური ღონისძიებები უტარდებათ ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებს?

- დაავადების ყველა შემთხვევა სასწრაფოდ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურს. კოლექტივში, სადაც ეს შემთხვევა აღირიცხა, ათი დღის განმავლობაში არ მიიღება ახალი წევრი, ასევე აკრძალულია ბავშვების ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაყვანა. კონტაქტში მყოფებს უტარდებათ ორჯერადი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 3-7-დღიანი ინტერვალით. ასარჩევ პროფილაქტიკურ პრეპარატად ითვლება რიფამპიცინი, თუმცა მენინგოკოკის მატარებლობის დროს ცეფრიქსონი უფრო ეფექტურია.

- როდის ითვლება ავადმყოფი გამოჯანმრთელებულად და ეპიდემიოლოგიურად უვნებლად?

- გენერალიზებული მენინგოკოკური ინფექციის გადატანის შემდეგ ავადმყოფის გაწერა ნებადართულია ცხვირ-ხახიდან აღებული ნაცხის ორჯერადი უარყოფითი ბაქტერიოლოგიური პასუხის შემდეგ.

გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკის შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღის შემდეგ.

- როდის და როგორ უნდა ავცრათ ბავშვები?

- ამჟამად არსებობს რამდენიმე ვაქცინა A, C, Y, W-135 2 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. 2 წლამდე ც ვაქცინა არაიმუნოგენურია. თუ ბავშვი 4 წლამდე იყო ვაქცინირებული, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სისხლში ანტისხეულების რიცხვი მკვეთრად იკლებს, ამიტომ თუ დაავადების რისკი დიდია, ვაქცინაციიდან 1 წლის შემდეგ შეიძლება C ჯგუფის საწინაღმდეგო იმუნიზაციის ჩატარება.

თუ აცრა 5 წელზე უფროს ბავშვს ჩაუტარდა, განმეორებითი ვაქცინაცია (რევაქცინაცია) ტარდება 5 წლის შემდეგ. A ჯგუფის მენინგოკოკურ ვაქცინას კარგი იმუნური თვისებები აქვს მე-3 თვიდან. 18 თვემდე ასაკის ბავშვებს ეპიდემიური საშიშროებისას უკეთდებათ ვაქცინის 2 დოზა 3-თვიანი ინტერვალით.

 Mkurnali.ge