დეკანოზი გიორგი მამალაძე უახლოეს დღეებში დუმილის უფლებას დაარღვევს | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე უახლოეს დღეებში დუმილის უფლებას დაარღვევს

მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას მისცემს უახლოეს დღეებში ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს. ეს შეიძლება მოხდეს 22 თებერვალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელმაც ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ მოინახულა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას.

"ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს. დეკანოზი გუშინ საღამოს ჩაფიძის გულის ცენტრიდან "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა დეკანოზი ამის შემდეგ მალევე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს.

როგორც გუშინ ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განაცხადა, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს. ექიმის განცხადებით, გაუმჯობესებულია დინამიკა, როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევების.

კითხვაზე, როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწერა საავადმყოფოდან, ექიმის თქმით, შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება.

myquiz