რას გულისხმობს გაუთქმელობის პირობა და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში | Allnews.Ge

რას გულისხმობს გაუთქმელობის პირობა და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში

უკანასკნელი კვირის განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის ყურადღება საპატრიარქოსა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმისკენაა მიმართული. 10 თებერვალს, მამა გიორგის დაპატიმრებისთანავე, პროკურატურამ მას გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი, რის შემდეგაც დაცვის მხარე, საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვამდე, საქმესთან დაკავშირებით ვერც ერთ დეტალზე ვერ საუბრობდა.

"ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე", - ასე გამოეხმაურა ამ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

"დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცავები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი. როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს თუნდაც თავისი წილი დანაშაულის ან უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მხარეების არათანაბარ პირობებში ყოფნას უსამართლოდ მიიჩნევს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. Allnews.ge დაინტერესდა რას გულისხმობს გაუთქმელობის პირობა და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში. ამ კითხვებით ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატს, რეზო აჭარაძეს მივმართეთ.

ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არსებობს ჩანაწერი 104 მუხლის სახით, რომლის მიხედვითაც, გამოძიების მონაცემების გამჟღავნება დაუშვებელია. პირველი ნაწილი, რომელიც უშუალოდ გამოძიებას ეხება შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული - პროკურორი, გამომძიებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო და ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები და ინფორმაცია.

"პროკურორსა და გამომძიებელს შეუძლიათ, პროცესში მონაწილე ნაბისმიერი პირი, იქნება ეს მოწმე, ადვოკატი თუ სხვა დაავალდებულოს არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია, რომელსაც გამოძიება მას გადასცემს. გაუთქმელობის პირობა მაგალითისთვის შეიძლება დაწესდეს როდესაც არსებობს საფრთხე რომ პიროვნებამ შესაძლოა მტკიცებულებები გაანადგუროს, ასევე რათა ბრალდებულმა არ განახორციელოს ვინმეზე ზეწოლა და როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება.

მიდგომა ყოველთვის ინდივიდუალურია და ჩანაწერი ამის შესახებ არ არსებობს."- განგვიმარტა რეზო აჭარაძემ და აქვე დაამატა, რომ გაუთქმელობის პირობას აუცილებლობით წერილობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს, იმის მიუხედავად მოაწერს თუ არა მას ხელს პირი, რომლისკენაც ის არის მიმართული.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ გაუთქმელობის პირობა დაირღვევა?

ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმა, რომელიც გულისხმობს გამოძიების მონაცემების გახმაურებას. ჩანაწერის მიხედვით, გამოძიების მონაცემების გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, 374 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

"ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოთ, ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე"- აღნიშნა აჭარაძემ.

თუკი პიროვნებას დაკისრებული აქვს გაუთქმელობის პირობა, ნებართვის მიცემამდე მას არ შეუძლია საქმის არსობრივ მხარეზე რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება. სწორედ ამ პირობის გამო, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მთავარ პროკურორს პირობის გაუქმების მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე მიმართეს.

myquiz