ნანა კაკაბაძე - პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

ნანა კაკაბაძე - პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით

როგორც მე შევამჩნიე, პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გუშინ საპატრიარქოში, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთანაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოსთვის დარტყმის მისაყენებლად გამოიყენეს. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ის საპატრიარქოში უფლებადამცველის სტატუსით იმყოფებოდა.

"როგორც მე შევამჩნიე, პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა დაახლოებით იცის მამა გიორგის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

ვფიქრობ, უნდა იცოდეს უწმინდესმა უფრო მეტი, ვიდრე დღეს იცის.

ალბათ ამას გადაწყვეტენ მეუფეები და გადაწყვეტს საპატრიარქო. მე მჯერა მისი სიბრძნის, რომ ის გაუძლებს ყველაფერს.

ასევე შევხვდი შორენა თეთრუაშვილსაც. მან თქვა, რომ არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენეს პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის დარტყმის მისაყენებლად. მისი აზრით, გარკვეულ ძალებს სურდათ დისკრედიტაცია და დასუსტება იმ გავლენის, რაც საპატრიარქოს აქვს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრლინიდან თბილისში 20 თებერვალს, 17:30 საათზე დაბრუნდა. პატრიარქს უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

myquiz