მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს | Allnews.Ge

მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს

მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა მართვის უფლების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღება შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა შესთავაზეს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, რომელსაც ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს, მართვის მოწმობაზე ქულების განულება მოწმობის ჩამორთმევას და გამოცდის ხელახლა ჩაბარებას იწვევს.

როგორც დეპუტატების წინადადების საპასუხოდ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, შესაძლებელია კანონპროექტი იმდაგვარად ჩასწორდეს, რომ მძღოლს ქულების ამოწურვის შემთხვევაში 6 თვით ან 1 წლით შეუჩერდეს მართვის უფლება, ხოლო თუკი მას ექნება მართვის მოწმობის უფრო ადრე აღების სურვილი, ასეთ შემთხვევაში გამოცდაზე გავა. შს მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მართვის მოწმობის მიმართ მძღოლების პასუხისმგებლობის და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაზრდა, რა მიზანსაც ქულათა სისტემის შემოღება უკავშირდება.

ამასთან, როგორც საკომიტეტი სხდომაზე ითქვა, ვიდეოჯარიმები მართვის მოწმობის ქულების შემცირებაზე არ იმოქმედებს. ქულათა შემცირება მხოლოდ მძღოლის იდენტიფიცირების შემთხვევაში მოხდება.

myquiz