თბილისში შესაძლოა, ტრამვაი დაბრუნდეს | Allnews.Ge

თბილისში შესაძლოა, ტრამვაი დაბრუნდეს

თბილისის მიწათსარგებობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი საკითხი თბილისში ტრამვაის დაბრუნებაა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დამფუძნებელმა და დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ტრამვაის მარშრუტები განსაზღვრული არ არის. გარდა ამისა, ამ ტიპის ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო.

"ტრამვაის დაბრუნების შემთხვევაში, ის უნდა იყოს თანამედროვე, მაღალი კლასის.

იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი უბანი უკვე ამორტიზებულია, ტრამვაი ვიბრაციას, გამონაბოლქვსა და ხმაურს არ გამოიწვევს,"-განმარტავს ის.

სპეციალისტის თქმით, ტრამვაის დაბრუნებით, ბიზნესის ხელშეწყობაც მოხდება.

"სადაც ტრავმაი გაივლის, ხელი ბიზნესის განვითარებასა და სავაჭრო ობიექტების გაჩენასაც შეეწყობა, ეს ძალიან ბევრ ტერიტორიას გამოაცოცხლებს. ჩვენ ძველ მარშრუტებსაც განვიხილავთ, ბევრი მარშრუტი იყო ადრე და შეიძლება მათგან შევარჩიოთ რომელიმე,"- განმარტავს ის.

მამუკა სალუქვაძის თქმით, ტრამვაის დაბრუნება ქალაქის მოძრაობასაც განმუხტავს, რადგან მათი მარშრუტი კერძო ავტომობილების შეძენის ტენდენციას შეამცირებს.

ელექტრო ტრანსპორტი აბსოლუტურად ეკოლოგიურია, რაც თბილისის დაბინძურებულ ქუჩებს ძალიან სჭირდება.

"ფაქტობრივად, ყველა პრობლემა, რაც თბილისშია, განპირობებულია ტრანსპორტის მოძრაობით, ამიტომ ეკოლოგიის თვალსაზრისითაც ტრამვაი ქალაქს ძალიან წაადგება,"-აღნიშნავს სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ ტამვაი და ტროლეიბუსი მარშრუტებს თბილისში 2006 წლამდე ასრულებდა, რის შემდეგაც მისი გაუქმება და ლიანდაგების აყრა მოხდა.

myquiz