მთავარი პროკურორის მოადგილე "ციანიდის საქმის" მოტივებზე საუბრობს | Allnews.Ge

მთავარი პროკურორის მოადგილე "ციანიდის საქმის" მოტივებზე საუბრობს

მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი, ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, ის საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, გამოძიებას დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სათანადო მტკიცებულებები გააჩნია.

"საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის მომზადებაზე. გიორგი მამალაძის ბარგში, რომლითაც იგი მიემგზავრებოდა გერმანიაში, აღმოჩენილია ნატრიუმის ციანიდი, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.

მისი გამოყენების შემთხვევაში სასიკვდილო შედეგი გარდაუვალია.

მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად", - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

გიორგი გაბიტაშვილმა ასევე გამოძიების დისკრედიტაციის მცდელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამოვლინება იყო, პროკურატურის თავდაპირველ განცხადებას მოყოლილი ინტერპრეტაციები.

"ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების სპეკულაციებს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გამოძიების დისკრედიტაციას. ლაპარაკი იყო ერთ-ერთი პირის მკვლელობაზე. არ გვითქვამს, რომ ეს პირი, შესაძლოა ყოფილიყო, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რასაც ვერც ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფთ.

პირს რომლის მკვლელობასაც ამზადებდა გიორგი მამალაძე ვერ დაგისახელებთ.

არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება შესაძლოა სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. ამიტომ გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით", - განაცხადა გაბიტაშვილმა.

myquiz