ზაალ უდუმაშვილი - სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა ძალიან ძნელია | Allnews.Ge

ზაალ უდუმაშვილი - სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა ძალიან ძნელია

ამ წუთიდან "რუსთავი 2" ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს უნდა გამოირთოს, - ამის შესახებ "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2"-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება. დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. "რუსთავი 2" თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანის ოჯახებში შემოვლენ, რასაც უნდა გააკეთებენ და ამ ქვეყანაში სივრცე აღარ იქნება, რომ თქვენი პრობლემები გააუშოქოს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა მიმართა მოსამართლეებს, რომლებიც, მისი თქმით, დღემდე მედგრად დგანან და აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა დარჩა და მოუწოდა იყვნენ მედგრად. "თქვენ იღებთ დღეს გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის - გადაწყვეტილებას იმაზე, როგორ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ თქვენი შვილები და მე მგონი, დღეს არც ერთ მოსამართლეს არ სურს, მათი გვარები დადგეს ნაზღაიძის და ურთმელიძის გვარების გვერდით", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა ძალიან ძნელია.

"შეიძლება ხელისუფლებამ თავისი სისტემით დაჩაგროს ადამიანების ჯგუფი, შეუძლია გათიშოს და დაჩაგროს ადამიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ანდაზა "ძალა აღმართს ხნავს" ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს ძალა ხნავს აღმართს და ამ ძალას წინ ვერაფერი დაუდგება", - მიმართა მან აქციის მონაწილეებს.

myquiz