როგორ ავაშენოთ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სახლი | Allnews.Ge

როგორ ავაშენოთ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სახლი

როცა გამონაბოლქვის, გახშირებული მშენებლობების, მწვანე ნარგავების დეფიციტის, გენმოდიფიცირებული პროდუქტების პირობებში გვიწევს ცხოვრება, ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შევიძინოთ, რათა შხამქიმიკატებით გამოწვეული დაავადებები თავიდან ავიცილოთ და სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ.

ამ ტენდენციის ნაწილი ეკოსახლებია, რომლებიც ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება, გამძლეა და ენერგოეფექტური. ასეთი სახლები შეიძლება ნამჯის, ხის, თიხისა და პერლიტისგან იყოს აშენებული.

საქართველოში რამდენიმე ნამჯის სახლია, ერთი კახეთში, კერძოდ ბაკურციხეში მდებარეობს, მეორე, საკონფერენციო დარბაზი, მისაქციელში და კიდევ ერთი, "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მეოთხე კურსის სტუდენტებმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში ააშენეს.

ეკოლოგიურად სუფთა ნამჯის სახლი ბაკურციხეში

ბაკურციხეში აგებული 36 კვ.მ-ის ნამჯის სახლის მშენებლობის ღირებულებამ 6 000 ლარი შეადგინა, თბილისში კი, 24 კვ.მ ფართობის სახლი მშენებლობაში 4 000 ლარი დაიხარჯა.

ადამიანის ეკოლოგიის სპეციალისტის, შალვა გივიშვილის თქმით, ეკოსახლების მშენებლობა, საქართველოში თანდათან აქტუალური ხდება. მისი აგება ხის კონსტრუქციით იწყება, რომელშიც ნამჯის ტუკები თავსდება, შემდეგ კი თიხით ილესება.

"ევროპაში არსებობს ნამჯის სახლები, რომლებმაც, დაახლოებით, 200 წელი გაძლეს.

მათი ერთ-ერთი უპირატესობა, ცეცლგამძლეობა და ენერგოეფეტურობაა. გარდა ამისა, ნამჯის სახლის მშენებლობა, სტანდარტულ სახლთან შედარებით ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ,"- განმარტავს ის.

ნამჯის სახლი, რომელიც "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მერვე კორპუსის მიშენების სახურავზეა, სტუდენტებისთვის სპეციალურ ლაბორატორიად გამოიყენება. სახლი, "სტუ-ს" მეოთხე კურსის სტუდენტმა, ნინო ამბოკაძემ ლექტორთან, დავით ლოლუასთან და თანაკურსელებთან ერთად საგრანტო პროექტის ფარგლებში ააგო.

რა დაგიჯდებათ თბილისში საკუთარი სახლის აშენება

"ეს სახლი, ერთი წელია დგას, უძლებს წვიმას. ნამჯის სახლი ამაღლებულ ადგილზე უნდა იყოს განლაგებული და სახურავი, ჩვეულებრივ სახურავებთან შედარებით უფრო გრძელი უნდა ჰქონდეს. წვიმის ჩამოდინება საწვიმარი მილების საშუალებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ხდებოდეს. სახურავი კედლიდან უნდა იყოს გადმოწეული და დაიცვას შენობა, რათა წვიმამ არ დაასველოს,"-განმარტავს ის და დასძენს, რომ ნამჯის სახლი სწორად უნდა ავაგოთ, რათა ნესტმა მის კელდებში სოკო არ წარმოქმნას.

რაც შეეხება ხის სახლებს, შალვა გივიშვილის თქმით, მისი მშენებლობის კულტურა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში დიდი ხანია არსებობს, თუმცა ახლა ნატურალური, წაბლის ხისგან აგებულ სახლებს შლიან და ბლოკით ანაცვლებენ, რაც არაჯანსაღი არჩევანია.

"ხე ნატურალურია, თუმცა პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც მას შხამქიმიკატების შემცველი საღებავებითა და მასალებით ამუშავებენ, ამიტომ ეკოსახლის მშენებლობისას ამასაც უნდა დავაკვირდეთ,"-აღნიშნავს სპეციალისტი.

რაც შეეხება თიხის სახლებს, მისი ორგვარი ვარიანტი არსებობს.

ერთია გამომწვარი თიხით, იგივე აგურით აგებული სახლები, რომლებიც, შალვა გივიშვილის თქმით, სიცივესა და სიცხეს ადვილად ატარებს და ამ თვალსაზრისით არარენტაბელურია და მეორე, გამოუწვავი თიხით, იგივე ალიზით აგებული შენობები, რომლებიც, პროფესიონალურად აშენების შემთხვევაში, აგურის სახლების მსგავსად ათასწლეულების განმავლობაში გაძლებს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რა ღირს მისი მოწყობა საქართველოში

"გამძლეობა მოსაპირკეთებელ მასალებზეა დამოკიდებული. თუ ისე დაამუშავებ, რომ სისველე არ მოხვდეს, ისეც დიდხანს გაძლებს. დამუშავების ორი ვარიანტი არსებობს: შეიძლება ფილების სახით მოპირკეთდეს ან გარედან ხე აეკრას..."- აღნიშნავს ის.

პერლიტი ვულკანური ქანია, რომელიც საქართველოშიც მოიპოვება."იგი გამოწვის შემდეგ მსუბუქდება, ფორებით ივსება და ფუვდება. მისი გამოყენებით აშენებული სახლი, თბოიზოლაციის თვალსაზრისით, ძალიან ეფექტურია,"- აღნიშნავს სპეციალისტი და დასძენს, რომ ენერგოეფექტური კორპუსების მშენებლობისას პერლიტს აქტიურად იყენებენ.

რატომ უნდა ვიცხოვროთ ეკოსახლში?

ადამიანის ეკოლოგიის სპეციალისტის, შალვა გივიშვილის განმარტებით, ცენემტი მომწვამვლელი ნივთიერებაა.

"მახსოვს, სომხეთიდან იმპორტირებულ ცემენტის შეფუთვებზე ვკითხულობდი, ხელთათმანების გარეშე არ შეეხოთო და მთელი ცხოვრების მისი საშუალებით აგებულ სახლში გატარება, ცხადია, ორგანიზმისთვის მავნეა. ცემენტს სხვადასხვა დაავადების პროვოცირება შეუძლია. გარდა ამისა, შხამქიმიკატების შემცველ საღებავებსა და ლაქებს ვიყენებთ, რომლებიც წლების განმავლობაში ორთქლდება და ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს,"- განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ეკოსახლების სამშენებლო კომპანია საქართველოში ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, თუმცა თუ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან აშენებულ სახლში გსურთ ცხოვრება, შეგიძლიათ, სპეციალისტებს მიმართოთ, რომლებიც მშენებლობასთან დაკავშირებით რჩევებსა და მითითებებს მოგცემენ.

 მარიამ მენაბდიშვილი

myquiz