როგორ ერთობიან ახალგაზრდები საქართველოში | Allnews.Ge

როგორ ერთობიან ახალგაზრდები საქართველოში

"ფრიდრიხ ებერტის ფონდის" დაკვეთით, ქვეყნის მასშტაბით, კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა, ქართველი ახალგაზრდების მიერ თავისუფალ დროს განხორციელებული აქტივობების გარკვევას.

"ეისითის" მიერ, ჩატარებული კვლევა 14-29 წლის ახალგაზრდებს მოიცავდა. კვლევის თანახმად, ძირითადი აქტივობები, რომლებზეც ახალგაზრდები რეგულარულად ხარჯავენ დროს გართობისა და რელაქსაციის ისეთ აქტივობებზე მოდის, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ფილმების ან ტელევიზორის ყურება და მეგობრებთან ერთად გართობა. ამ აქტივობებს რეგულარულად მიმართავს ახალგაზრდების ნახევარზე მეტი.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები შეიძლება დავახასიათოთ როგორც არასტრუქტურირებული, რამდენადაც მათ განსახორციელებლად არ არის საჭირო კონკრეტული საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა. ამ აქტივობების უმრავლესობა შესაძლოა განხორციელდეს პრივატულად, თუმცა, მეგობრებთან გართობა შესაძლოა გულისხმობდეს აქტივობების ფართო სპექტს, მათ შორის იმ ვარიანტებსაც, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი.

მეტად სტრუქტურირებულ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვენ გარკვეულ დონეზე ორგანიზებას და შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უფრო შემეცნებითი და კრეატიული აქტივობები, ახალგაზრდები რეგულარულად არ მიმართავენ. ყოველი მეოთხე ახალგაზრდა რეგულარულად კითხულობს წიგნს ან ჟურნალ-გაზეთებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დროგამოშვებით კითხვაზე თავისუფალ დროს, ახალგაზრდების 61% ხარჯავს.

ახალგაზრდების 50% ასევე დროგამოშვებით ხარჯავს თავისუფალ დროს სპორტულ აქტივობებსა და ლაშქრობებზე.

ახალგაზრდების ოთხი მთავარი აქტივობა განსხვავდება თუ მონაცემებს შევხედავთ ასაკობრივი კატეგორიების ჭრილში.

თუ მუსიკას აქტიურად უსმენენ 14-18 წლის (79%) და 19-24 წლის (71%) ახალგაზრდები, 25-29 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების მხოლოდ 62% უსმენს მუსიკას ხშირად. ტენდენცია იგივეა მეგობრებთან ერთად დროის გატარების თვალსაზრისით - რაც უფრო იმატებს ასაკი, მით უფრო ნაკლებია წილი ახალგაზრდების, რომლებიც ხშირად ატარებენ დროს მეგობრებთან. 14-18 და 19-24 წლის ახალგაზრდები ყველაზე აქტიურები არიან თავისუფალი დროის მეგობრებთან გატარების თვალსაზრისით (65%), მაშინ როცა 25-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 46% ატარებს მეგობრებთან დროს ხშირად.

ტელევიზორი ახალგაზრდების ცხოვრების წესის ნაწილია და ასაკთან ერთად იმატებს იმ ახალგაზრდების რაოდენობაც, რომლებიც ხშირად უყურებენ ტელევიზორს. თუ თავისუფალ დროს 14-18 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 40% უყურებს ტელევიზორს აქტიურად, შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია (58%). თავისუფალი დროის კონკრეტული აქტივობებისთვის (მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან ერთად გართობა, კითხვა, წერა, ხატვა, სპორტი, ვიდეო თამაშები) რეგულარულად დათმობის ტენდენცია მსგავსია ახალგაზრდებში - ასაკთან ერთად მცირდება ახალგაზრდების წილი, რომლებიც კონკრეტული სტრუქტურირებული თუ არასტრუქტურირებული აქტივობით რეგულარულად არიან დაკავებული.

სოციალიზაციისთვის ან პირადი აქტივობებისთვის დათმობილი დროის შემცირება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცხოვრების ახალ წესთან, რაც განპირობებულია ქორწინებით ან პარტნიორთან თანაცხოვრებით, ასევე შვილების გაჩენით. ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ქორწინებაში მეტ დროს ატარებენ მეგობრებთან, უფრო ხშირად უსმენენ მუსიკას და დაკავებული არიან სპორტით, ვიდრე მათი დაქორწინებული ან პარტნიორთან ერთად მცხოვრები თანატოლები. მეორე მხრივ, დაქორწინებული ან პარტნიორთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდები მეტ დროს უთმობენ ტელევიზორს.

ახალგაზრდები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ნაკლებ დროს უთმობენ სოციალიზაციას ვიდრე მათი თანატოლები, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ.

ახალგაზრდა მშობლების შედარებით მცირე ნაწილი უსმენს მუსიკას, თუმცა ტელევიზორი ბევრად პოპულარულია იმ ახალგაზრდებს შორის ვისაც შვილები ჰყავთ. თავისუფალ დროს ახალგაზრდები განსხვავებულად იყენებენ სხვადასხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებში. მუსიკის მოსმენა ურბანულ სივრცეში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობის რეგულარული აქტივობაა (თბილისი 79%, სხვა ქალაქები 74%), მაშინ როცა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხოლოდ 62% ატარებს თავისუფალ დროს ამგვარად.

სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების უფრო დიდი ნაწილი (64%) უყურებს ტელევიზორს რეგულარულად თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან (37%) და სხვა ქალაქებში 181 მცხოვრებ ახალგაზრდებთან (45%) შედარებით. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების შედარებით მცირე ნაწილი (52%) ერთობა მეგობრებთან, თბილისსა (61%) და სხვა ქალაქებში (60%) ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში 14-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 21% არის დაკავებული სპორტული აქტივობებით, თუმცა ფიზიკურად აქტიური ახალგაზრდების წილი ქალაქად და სოფლად თითქმის თანაბარია (თბილისი 20%, სხვა ქალაქები 22%, სოფლად 22%).

ახალგაზრდების ცხოვრების წესის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სქესსაც.

უფრო მეტი მამრობითი სქესის წარმომადგენელი (68%) უთმობს თავის თავისუფალ დროს რეგულარულად მეგობრებთან გართობას, ვიდრე მათი მდედრობითი სქესის თანატოლები (46%). ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო აქტიურები არიან ფიზიკურად (34%) ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები (7%).

"ეისითის" რაოდენობრივი კვლევა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, ხოლო თვისებრივი კვლევა რაოდენობრივი კვლევის შედეგების პირველადი ანალიზის შემდეგ, კერძოდ 2016 წლის ივლისში ჩატარდა. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1200 პირისპირი ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია ჩატარდა. ცდომილება არ აღემატება 2.8%-ს.

myquiz