აპრილიდან თბილისში ავტობუსების რაოდენობა 600-ს გადააჭარბებს | Allnews.Ge

აპრილიდან თბილისში ავტობუსების რაოდენობა 600-ს გადააჭარბებს

მიმდინარე წლის აპრილში, თბილისში ავტობუსების რაოდენობა 600-ზე მეტი გახდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, თბილისში, დაახლოებით 520 ავტობუსი მოძრაობს და ამ სატრანსპორტო საშუალების პარკის ჩანაცვლების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, - "ეს 143 ახალი ავტობუსის შემოყვანას გულისხმობს, რომლებიც 12 მეტრის სიგრძისაა და შედარებით გრძელ დისტანციებზე იმოძრავებენ," - განაცხადა მან.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მარტის ბოლოს სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი 143 ახალი ავტობუსით დაიტვირთება და მეტნაკლებად თბილისის ყველა უბანს მოიცავს.

"ამ დროისთვის ორი ხაზია დატვირთული, 51 და 61 ნომერი, რომლებზეც დაახლოებით 25 ერთეული ავტობუსი მოძრაობს. უახლოეს 3-წლიან პერიოდში ვფიქრობთ, რომ ძველი ავტობუსების ჩანაცვლება, შედარებით მოკლე, 8 და 10 მეტრიანი ავტობუსებით მოხდეს,"-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ავტობუსები, თბილისში სექტემბერში შემოვიდა. ისინი ძველ ავტობუსებთან შედარებით დიდი ზომისაა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz