როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ექიმმა ზედმეტი წამლები გამოგვიწერა | Allnews.Ge

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ექიმმა ზედმეტი წამლები გამოგვიწერა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ექიმების მხრიდან მედიკამენტების არარაციონალურად გამოწერის შემთხვევების (პოლიპრაგმაზია) აღმოსაფხვრელად კონკრეტული გეგმა აქვს - ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც წლის ბოლომდე ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება.

პოლიპრაგმაზია საქართველოში დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს. Allnews.ge დაზარალებულ პაციენტს ესაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, გაციების, გრიპისა და სისუსტის გამო ერთ-ერთ პოლიკლინიკას მიმართა, თუმცა, პირად ექიმს არ ეცალა და უბნის ექიმთან გადაამისამართეს.

"როდესაც სიცხე გამიზომა და გამსინჯა, მითხრა, რომ ღვიძლი გადიდებული იყო და გულის პრობლემები მქონდა. დაახლოებით, ერთი გვერდი წამლები გამომიწერა და თან მიმითითა, რომელ აფთიაქში უნდა მეყიდა. ეს მედიკამენტები არ შემიძენია, რადგან დიაგნოზის სანდოობაში ჩემს ოჯახს ეჭვი შეეპარა. შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩემს ექიმთან მივედი და მითხრა, რომ გულისა და ღვიძლის პრობლემები არ მქონდა, უბრალოდ, ორგანიზმში ვირუსი და გრიპი იყო, ამიტომ ზუსტად ორი მედიკამენტი გამომიწერა და გაციებამაც გამიარა," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ როგორც პირად ექიმთან გადაამოწმა, უბნის ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები, მიღების შემთხვევაში, უკუჩვენებებს არ გამოიწვევდა.

აღნიშნული პრობლემა პაციენტებს რომ აღარ შეექმნათ, "შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნათია ნოღაიდელის თქმით, 2016 წლის აგვისტოდან, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის სისტემა ამოქმედდა. ამ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, თბილისში, ამ მიმართულებით, როგორც პოლიკლინიკები, ისე სტაციონარის ექიმებიც გადაამზადეს. აღნიშნული პროგრამა რეგიონებშიც დაიწყება.

"ეს სისტემა პოლიპრაგმაზიის შემთხვევების გამოვლენისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.

ელექტრონული რეცეპტების სისტემაში გამოწერილ რეცეპტზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია არამარტო ექიმისთვის, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, არამედ პაციენტისთისაც, რომელსაც შეუძლია ნახოს მისთვის გამოწერილი მედიკამენტების შესახებ იფორმაცია,"- განმარტავს ის.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ მედიკამენტების გამოწერის შემდეგ მის სანდოობაში ეჭვი შეგეპარათ და მტკიცებულებები გექნებათ, ნათია ნოღაიდელის თქმით, შეგიძლიათ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიმართოთ, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.

"პაციენტს სპეციფიკური განათლება არ აქვს, მას გაუჭირდება, დაადგინოს, იყო თუ არა პოლიპრაგმაზიის შემთხვევა, მაგრამ მას თუ ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულებები გააჩნია, შეუძლია, მარეგულირებელ უწყებას მიმართოს და შემდეგ, აღნიშნული ფაქტის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესწავლა მოხდება," - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სისტემა საქართველოში ერთიანი იქნება, თუმცა, მონაცემები მედიკამენტების შესახებ პერსონალური და მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ და თქვენს პირად ექიმს გექნებათ.

იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სფეროს ან სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელი ბრძანდებით და სისტემაში ჩართვის სურვილი გაქვთ, ელექტრონული სისტემის ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსოთ, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz