როგორ უნდა მოვიქცეთ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში | Allnews.Ge

როგორ უნდა მოვიქცეთ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქალთა მიმართ ძალადობა, რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, სწორედ ქალია.

მხოლოდ 2015 წლის 1-ელ ნახევარში, სახალხო დამცველის აპარატმა ოჯახში ძალადობის 1 478 ფაქტი დააფიქსირა. აქედან 93% შემთხვევაში მოძალადე მამაკაცი იყო, ხოლო მსხვერპლთა 87%  ქალი. რით არის გამოწვეული ძალადობის ფაქტების გახშირება და რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?

ოჯახში ძალადობის კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია ფიქრობს, რომ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ინფორმაცია ბევრად გასაჯაროვდა, ამასთან, უკვე არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო მექნიზმი.

გოგოხია მიიჩნევს, რომ ძალადობის მაპროვოცირებელი მიზეზი გავრცელებული სტერეოტიპებია.

"მამაკაცი ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს, ხოლო ქალი ქცევას უქვემდებარებს მეუღლეს - ემსახურება. საზოგადოებრივი აზრი ხშირად უმყარებს მოძალადეს წარმოდგენას, რომ ის მის კუთვნილს მოითხოვს - მოითხოვს გაჩუმდე, მოემსახურო, დაუქვემდებარო ქცევა."

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისა და სოციალური განათლების მიმართულების კოორდინატორის, მამუკა გაჩეჩილაძის განმარტებით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. "საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის,რომ ძალადობა არის მხოლოდ ის ფორმა, რომელიც გამოხატულია ცემაში, მკვლელობაში. ძალადობის სხვა ფორმებს, საზოგადოება ნაკლებად მიიჩნევს ძალადობად".

მამუკა გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სტატისტიკის კლება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სახელმწიფო დაცვის მექანიზმებზე, საგანმანათლებლო კამპანიებსა და სერვისებზე, თუ რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლს. "სტატისტიკის კლება პირდაპირ კავშირში არის იმ საინფორმაციო კამპანიებთან, რომელიც სახელმწიფოში არსებობს და იმ სერვისებთან, რომელზეც ხელმისაწვდომობა იზრდება, საზოგადოების და ცნობიერების ამაღლება ხდება. ძალადობა გაიზარდა თუ არა, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, თუმცა მიმართვიანობა გაზრდილია."-აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

თბილისში ერთი თავშესაფარი და ერთი კრიზისული ცენტრია. მსგავსი ცენტრებია თელავში, გორსა და ქუთაისშიც. საიას პროექტის კოორდინატორის, ნინო ჩიხლაძის განმარტებით, ადამიანს თავშესაფრით სარგებლობა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას მსხვერპლის სტატუსი აქვს მინიჭებული. "სტატუსის მინიჭება გულისხმობს, რომ უნდა იყოს გაცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, ან გამოძიება უნდა იყოს დაწყებული ოჯახურ დანაშაულზე".

სახელმწიფო თავშესაფრების შინაგანაწესით განსაზღვრულია 3 თვემდე ვადა, თუმცა ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ვადა გაიზარდოს ან შემცირდეს.

"თუ ადამიანმა ფსიქორეაბილიტაცია უკვე გაიარა და მსხვერპლი უკვე მზად არის დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება ასეთ შემთხვევაში ის ტოვებს თავშესაფარს. იმ შემთხვევაში თუ არ არის საკმარისი დრო გასული, მსხვერპლს ესაჭიროება დახმარება და იგი ისევ არის საფრთხის წინაშე, თავშესაფრის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ მას სტატუსი გაუგრძელდეს."- განმარტავს ნინო ჩიხლაძე.

საიას პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ ხშირია ფაქტები, როდესაც მსხვერპლი ისევ იმ გარემოში ბრუნდება, რომელსაც თავი დააღწია, რადგან მას არ გააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი.

თუკი მსხვერპლს აქვს ეჭვი, რომ მას ემუქრება საფრთხე, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ამის შესახებ.

იურისტმა ციალა რატიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თავშესაფრების ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია. "თუ თავად მსხვერპლი არ ეტყვის მოძალადეს, სად იმყოფება, მოძალადემ არ აცის მსხვერპლის ადგილმდებარეობა".

 

ირმა ჭკუასელი

myquiz