როგორ მოვიქცეთ განძის პოვნის შემთხვევაში | Allnews.Ge

როგორ მოვიქცეთ განძის პოვნის შემთხვევაში

განძი, ეს არის რაიმე ძვირფასი ნივთი, რომლის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსში ვკითხულობთ, რომ თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დამარხული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა, მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც აღმოაჩინეს განძი.

რაც შეეხება მპოვნელის ვალდებულებას, ამავე კოდექსით, მპოვნელმა უნდა განაცხადოს ნივთის პოვნის შესახებ. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, თავად მპოვნელს ენიჭება საკუთრების უფლება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო.

რა ხდება მაშინ თუ მპოვნელი საკუთრების უფლებაზე უარს აცხადებს?

ასეთ შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოს შუძლია, ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, მაგრამ თუ ნივთი დაბალი ღირებულებისაა, აქვს უფლება უსასყიდლოდ გაასხვისოს. თუკი ნივთის მფლობელი, უფლებამოსილი პირი, იბრუნებს ნივთს, მაშინ მპოვნელს აქვს უფლება მოსთხოვოს მას ჯილდო ან ნივთის ღირებულების 5%-მდე. მპოვნელს ასევე, აქვს უფლება, მოითხოვოს ნივთის მესაკუთრისგან ან სათანადო ორგანოსგან ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.

ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში 14 საუკუნის წინანდელი შენობის ნანგრევები აღმოაჩინა

კულტურული მემკვიდრეობების აღმოჩენის შემთვევაში, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განგვიმარტეს, ხდება ან ნივთის შეძენა ან ხშირად, მპოვნელი საკუთარი სურვილით გადასცემს ნაპოვნ ნივთს მუზეუმებს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ქეთი დიღმელაშვილმა Allnews.ge-ს განუმარტა, კერძო პირის მიერ ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, გააჩნია ნივთის ღირებულებას. თუკი ექსპერტების შეფასებით, კერძო პირის მიერ ნაპოვნი ნივთი განსაკუთრებულად მიშვნელოვანია, ერთ ვარიანტში ვყიდულობთ მისგან, ხოლო, მეორე ვარიანტია, რომ მეპატრონე თავისი ნებით მუზეუმს გადაცემს ნივთს.

"რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა პიროვნებამ მოიტანა ხომლი, ეს არის, ჭაღის საკიდი, რომელიც ერეკლე II-ის შვილის პატივსაცემად დაამზადეს. ეს ნივთი, აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ შევიძინეთ ეს ნივთი, რათა მუზეუმისთვის გადაგვეცა. ხოლო, მეორე შემთხვევაში ტერიტორიის დაზვერვისას, ადგილობრივმა მწყემსმა გვაჩვენა შემთხვევით ნაპოვნი საყურე. როდესაც ჩვენ განვუმარტეთ ამ ნივთის ისტორიული მნიშვნელობა, მან თავისი ნებით შესწირა მუზეუმს.

ნივთის მპოვნელს აქვს უფლება არ გასცეს ნივთი, მაგრამ უნდა დაამტკიცოს საიდან აქვს ეს ნივთი.

როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში, ნაპოვნ ნივთებს მუზეუმს გადასცემენ და არ იტოვებენ საკუთრებაში." - განაცხადა ქეთი დიღმელაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ხშირად, საზოგადოება ძვირფას ნივთებად აღიქვამს მხოლოდ ვერცხლის ან ოქროს ნივთებს, ამ დროს კი, არქეოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება ძვირფასი აღმოჩნდეს ერთი ჩვეულებრივი თიხის ქოთანი, რომელიც რაღაცით გამორჩეულია. გასულ წელს იყო რამდენიმე დიდი აღმოჩენა, მაგალითად, დიდნაურის ნაქალაქარი ასევე, ფიქრის გორაზე, ექსპედიციის ფარგლებში აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები.

 

ნარიტა ჩხაიძე

myquiz