ირღვევა თუ არა სამსახურში აყვანილი არასრულწლოვნების უფლებები საქართველოში | Allnews.Ge

ირღვევა თუ არა სამსახურში აყვანილი არასრულწლოვნების უფლებები საქართველოში

ქვეყანაში, სადაც დასაქმება უმნიშვნელოვანეს სოციალურ პრობლემად ითვლება, არიან არასრუწლოვანი დასაქმებულებიც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალა 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 37 200 ადამიანია. მათგან 27 500 დასაქმებულია, 9 800 - უმუშევარი. დასაქმებულთაგან 19 900 თვითდასაქმებულია, 7 300 - დაქირავებული, 300 კი - გაურკვეველი. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 172 800 ადამიანია.

ზოგადად, ბავშვთა შრომის საკითხი ორმხრივია. ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა დასაქმება ცუდი სულაც არაა, რადგან ისინი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან შრომას და უფრო მიზანდასახულ ადამიანებად ყალიბდებიან. მეორე მხრივ, აუცილებელია დარწმუნებული იყოთ, რომ არ ხდება ბავშვთა ექსპლუატაცია და მათი შრომითი უფლებები არ ირღვევა. აუცილებელია, რომ კანონმდებლობა ადეკვატურად არეგულირებდეს არასრულწლოვანთა შრომის საკითხებს.

21 წლის ნიკა შელია 15 წლის ასაკიდან მუშაობს ტელევიზიაში. თავდაპირველად საბავშვო გადაცემის წამყვანი იყო, შემდეგ კი მემონტაჟედ მუშაობდა.

"როგორც საბავშვო გადაცემის წამყვანს ანაზღაურება არ მქონდა, მშობლების თანხმობით ვმუშაობდი.

ტელევიზიაში მშობლების ნებართვით ხელშეკრულება გამიფორმეს და ჩვეულებრივად ვიღებდი ანაზღაურებას. უბრალოდ, 18 წლამდე სახელფასო ანგარიშის გახსნის უფლება არ მქონდა და ხელზე ვიღებდი ანაზღაურებას. ჩემი უფლებები საერთოდ არ ირღვეოდა. პირიქით, ყველა მეხმარებოდა და ხელს მიწყობდა," - ამბობს ნიკა შელია.

ნიკა ამჟამად თავად უძღვება მონტაჟის, რეჟისურისა და გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსს. ის საკუთარ სარეკლამო კომპანიას აყალიბებს, რომელიც მალე გამოჩნდება ბაზარზე. 21 წლის ასაკში კარიერის ასეთ დონეზე განვითარებას კი სწორედ იმას უმადლის, რომ ადრეულ ასაკში დაიწყო მუშაობა.

"ამ საქმის კეთება ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ დამოუკიდებლად არც ისე კარგად გამომდიოდა. როცა ხელმძღვანელი გყავს და დავალებას გაძლევს, ფანტაზიაც უფრო გეხსნება და უკეთეს შედეგს აღწევ. პასუხისმგებლობაც მეტი ეკისრება ადამიანს. თუ რამე გეშლება, გეხმარებიან და გასწავლიან. მეტ საინტერესო ადამიანს იცნობ. პროფესიულად იზრდები და ყალიბდები.

ადრეული ასაკიდანვე იცი რა გინდა და ამ მიზანს უკეთესადაც აღწევ.

ბევრმა 30 წლის ასაკშიც არ იცის, რა უნდა და რა გააკეთოს. ამიტომაც იკარგებიან ადამიანები პროფესიულად. ისინი ძალიან გვიან იწყებენ კარიერაზე ფიქრს. უმუშევრობის მაღალი დონის ერთ-ერთი მიზეზიც ესაა. როცა ბავშვობიდან რაღაცას რეგულარულად აკეთებ, 25 წლის ასაკში უვე პროფესიონალი ხარ. სამსახური არც განათლების მიღებაში მიშლის ხელს. მართალია, მემონტაჟედ ვმუშაობდი და ახლა ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ, მაგრამ ჟურნალისტებისგან იმდენი რამე ვისწავლე, რომ ახლა რასაც მასწავლიან, ფაქტობრივად ყველაფერი ვიცი," - განმარტავს ნიკა.

ნიკა შელია არასრულწლოვანთა შრომის კარგი მაგალითია. თუმცა, რეალურად საქართველოში არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი ფიზიკურად შრომობს და მათი უფლებები დარღვეულია.

არასრულწლოვანი დედები და მათი ისტორიები

ეროვნულ დონეზე ბავშვთა შრომით უფლებებს იცავს საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც აწესებს მინიმალურ სტანდარტებს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვის სფეროში.

მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, არასრულწლოვანთა შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლის ასაკიდან იქმნება.

შრომითი ურთიერთობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავდეს მას განათლების მიღების საშუალებას. ამასთან, დამსაქმებელს ეკრძალება არასრულწლოვანთა დასაქმება მძიმე, საშიშპირობებიანი და მავნე ხასიათის სამუშაოზე. ასევე, აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

"ბავშვთა შრომითი უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწასა და განვითარებას ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის საკითხი. კერძოდ, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, რაც საქართველოში არ სრულდება," - განმარტავს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

მისივე განმარტებით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ იქნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს უხდებოდათ თავიანთ ასაკთან შეუსაბამო შრომითი სამუშაოების შესრულება სხვადასხვა კერძო სამუშაოზე.

ეს კი საფრთხეს უქმნიდა ბავშვების განათლებისა და ჯანდაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას. წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ბავშვებს უხდებოდათ თავიანთ ასაკთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონეა.

რა შედეგები მოაქვს არასრულწლოვნების მიერ თამბაქოს მოხმარებას

"ამ დრომდე სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის შემოწმების მიზნით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო და განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროება. თუმცა შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელია დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ.

ეს კი არაეფექტურია, რადგან, თუ დამსაქმებელი უარს განაცხადებს შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე, მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, აღნიშნულის მიუხედავად ჩაატაროს მონიტორინგი," - განმარტავს სხილაძე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებული ორგანო შემოიფარგლება მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით, რომელიც არ არის სავალდებულო შესასრულებლად. აღნიშნული სახელმწიფო ქვეპროგრამა არ ადგენს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგის სპეციფიკურ რეგულაციებს.

შრომისა და დასაქმების ინსპექტირების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად რამდენიმე ორგანიზაციაში დაფიქსირდა არასრულწლოვანთა დასაქმების შემთხვევები. ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესწილად გამოვლენილ იქნა დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია მიკროკლიმატისა და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაუცველობასთან, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის სისტემის არარსებობასთან. ამასთან, პრობლემურია, რომ აღნიშნულ საწარმოებში მაღალია პროფესიული დაავადების რისკი. აღმოჩენილ დარღვევებზე გაიცემა რეკომენდაციები, რომლებსაც არ გააჩნიათ სავალდებულო ხასიათი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია "სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ" და "ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ" კონვენციების ეროვნულ დონეზე ეფექტიანი იმპლემენტაცია.

ნანა მღებრიშვილი

myquiz