როგორ უნდა დავძლიოთ საქართველოში უმუშევრობა | Allnews.Ge

როგორ უნდა დავძლიოთ საქართველოში უმუშევრობა

საქართველოში გამოკითხულთა 66% თავს უმუშევრად მიიჩნევს - აღნიშნული მონაცემები "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" ინფორმაციით, 2015 წელს უმუშევრობის დონე პროცენტებში 12%-ია.

რატომ დგას საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ასე მწვავედ?

როგორ უნდა მოხდეს მისი დაძლევა და რა პრაქტიკა აქვთ ამ მიმართულებით პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს, რომლებიც 90-იან წლებში ამავე სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ, ამის შესახებ Allnews.ge ანალისტიკოსებს ესაუბრა.

ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის თქმით, საქართველოში დაუსაქმებლებს თვითდასაქმებულთა რაოდენობა ემატება, რომლებიც თავს დასაქმებულებად არ მიიჩნევენ და NDI-ს კვლევაში ასეთი მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამიტომ დაფიქსირდა.

"ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანი ამბობს, რომ უმუშევარია, რომელსაც სტაბილური სამსახური არ აქვს ან სადმე დაქირავებით არ მუშაობს და ყოველთვიურად ხელფასი არ ერიცხება. ნებისმიერი ტაქსის მძღოლი გეტყვით, რომ დასაქმებული არ არის, ამავე პასუხს გაგცემთ გარემოვაჭრე, რეპეტიტორები, მასწავლებლები, სოფლად მაცხოვრებლები, რომელთაც საკუთარი მცირე მეურნეობა აქვთ," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ მათი შემოსავალი იმდენად არასტაბილურია, რომ თავს დასაქმებულებად არ მიიჩნევენ.

მისი განმარტებით, "საქსტატის" მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა 12%-ია, საკმაოდ მძიმე ფონია. საქართველოში, დაახლოებით 300 000-მდე დაუსაქმებელი პირი იქნება, რაც ქვეყნის მცირე ეკონომიკის მაჩვენებელია.

"არაკვალიფიციური მუშახელი გვყავს.

შეიძლება უნივერსიტეტი დამთავრებული აქვთ, თუმცა იქ რეალურად არაფერი უსწავლიათ და ასეთი უამრავია. ასევე არიან ადამიანები, რომელთაც ათეულობით წლის წინ მიიღეს განათლება და ეს ცოდნა დღევანდელ ბაზარზე საჭირო აღარ არის. აქედან გამომდინარე, დაგროვდა ბევრი დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალა, რომელიც სამსახურს ვერ შოულობს,"- აღნიშნავს ის.

რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში არსებულ ვითარებას, საქართველოზე უარეს მდგომარეობაში დღეს მოლდოვა, უკრაინა და სომხეთია, სხვა ქვენებში კი ძირითადად, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ბესო ნამჩავაძის თქმით, აღნიშნული ქვეყნები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მძიმე კრიზისში აღმოჩნდნენ და სწრაფი ეკონომიკური განვითარება 1994-95 წლებიდან დაიწყეს.

"ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი იყო.

ვითარდებოდა ეკონომიკა და უმუშევრობის პრობლემა ნელ-ნელა აღმოიფხვრა. მათ დაეხმარათ ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ და დიდი სამუშაო ძალა ევროპის ქვეყნებში უკვე ლეგალურად გადავიდა. აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის შემთხვევაში, საქმე შედარებით უკეთესადაა, რადგან ისინი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებია და დიდი შემოსავლები აქვთ," - განმარტავს ის და დასძენს, რომ საქართველოში უმუშევრობს პრობლემის დაძლევა, ეკონომიკის განვითარებას შეუძლია.

ეკონომიკის განვითარებას უმუშევრობის პრობლემის დაძლევის მთავარ გამოწვევად, ასევე ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძეც მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ბიზნეს სექტორს არ უნდა გადააბაროს, რადგან ამისი ბერკეტი თავად აქვს.

უნდა გატარდეს სწორედ უმუშევრობის დაძლევაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, რადგან ბიზნესისთვის ახლა არსებული პრეფერენციები საკმარისი არ არის. უნდა გატარდეს მიზანმიმართული პოლიტიკა.

თავდაპირველად, უმთავრესი გამოწვევა წარმოების განვითარებაა.

არსებობს მოსაზრებები, რომ მომსახურების სფეროს გაძლიერება დადებით შედეგებს მოგვცემს და ეს სიმართლისგან შორის არ არის, მაგრამ რეალური შედეგების მისაღწევად, უმთავრესად წარმოების ზრდაა საჭირო," - განმარტავს ეკონომისტი.

ზურაბ კუკულაძე ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი წარმოება უნდა გახდეს, ეს უმუშევრობის პრობლემას გარკვეულწილად აღმოფხვრის.

აღსანიშნავია, რომ "საქსტატის" მონაცემებით, უმუშევრობის დონე პროცენტებში 2014 წელს -12,4%-ს, 2013 წელს 14,6%-ს, ხოლო 2012 წელს 15%-ს შეადგენდა. ამჟამად, მაჩვენებელი 3 ერთეულით შემცირდა, თუმცა უმუშევრობა მოსახლეობის მთავარ პრობლემად რჩება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz