უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ემიგრანტების გასაჭირი | Allnews.Ge

უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ემიგრანტების გასაჭირი

საქართველოს მოსახლეობამ შრომით ემიგრაციაში წასვლა აქტიურად 1990-იან წლებიდან დაიწყო. ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი სამშობლოში თვითრეალიზებისა და უმუშევრობის პრობლემა იყო. საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველები როგორც ახალგაზრდები ასევე, საშუალო ასაკის ადამიანები არიან. მიდიან როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე შორეულ კონტინენტებზე.

Allnews.ge რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. ისინი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რომელთა გამოც, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

შორენა 28 წლის - ქუთაისიდან მალტამდე

კონკრეტული მიზეზი საქართველოს დატოვების არ მქონია. ქუთაისში ვმუშაობდი, მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, მაგრამ სოციალური გარემო იყო ძალიან მძიმე, სიახლე მჭირდებოდა, ამიტომ წავედი მალტაში.

ოქროს კოშკების მოლოდინი არ მქონია, მეგობარი დამხვდა და მუშაობა რესტორანში, ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე. მალტაში წასვლით სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, თითქოს დავპატარავდი და ცხოვრება 17 წლის ასაკიდან დავიწყე.

იყო სირთულეები, ნოსტალგიები და ოჯახის მონატრება, რთულია განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, არის ფინანსური პრობლემებიც, შეიძლება ვერ ნახო სამსახური, გიწევს ზრუნვა, რომ გადაიხადო ქირა და იარსებო. რამდენიმე სამსახურის შეცვლა მომიხდა. ხელფასს რაც შეეხება, რაც საქართველოში მქონდა თვის განმავლობაში, იმ თანხას ერთ კვირაში ვღებულობ. მალტა ისეთი ქვეყანაა, შრომა თუ არ გეზარება ფულს იშოვი.

ქვეყნები, სადაც ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო პირობებია

თეონა 29 წლის - თბილისიდან ნიუ-იორკამდე

20 წლის ასაკში უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, ტანმოვარჯიშე ვიყავი ბატუტზე ხტომაში, მაგრამ საქართველოში თვითრეალიზაციის პრობლემა მქონდა. წავედი ნიუ-იორკში, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრება და საკუთარი თავის გამოცდა დავიწყე. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მარტო ვიყავი, არც არავინ დამხვედრია და არც არავის ვიცნობდი. მომიხდა ბევრი სამუშაოს გამოცვლა, "ბეიბი სითერადაც" (ბავშვის აღმზრდელი) ვმუშაობდი სამი თვით.

უკვე ცხრა წელია აქ ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვე საკუთარი თავი. ბატუტზე ხტომა გამომადგა, სპორტში დავიმკვიდრე ადგილი, ერთი წელია რაც მაგისტრატურაზეც ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი დავასტაბილურე, ხანდახან მაინც არის რთული პერიოდები, ფინანსური პრობლემები.

ყველას ვურჩევდი საქართველოში გააკეთონ მაქსიმუმი, სანამ კედელი არ დახვდებათ და უცხო ქვეყანაში წასვლის გარდა, სხვა გზა არ დაგრჩებათ.

რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას ისევე, როგორც საქართველოდან წასული 2 მილიონამდე ადამიანი, მაგრამ მინიმუმ 5 წელი კიდევ მჭირდება, რომ წელში გავიმართო და ფინანსურადაც გავძლიერდე.

რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველი ემიგრანტები

ლეილა 43 წლის - ზემო აჭარიდან მოსკოვამდე

ჩემი მეუღლე ცუდად გახდა და ექიმმა მშრალ ჰაერზე წასვლა ურჩია. სტუდენტობისას მოსკოვში ცხოვრობდა და გადაწყვიტა ისევ იქ წასულიყო. 2 წლის შემდეგ, 4 და 7 წლის შვილები დედამთილს და მამამთილს დავუტოვე და მეც მოსკოვში წავედი.

თვითმფრინავი მოსკოვში რომ დაეშვა და გარეთ გამოვედი, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, ფრენა რომ ყოფილიყო იმავე დღეს უკან დავბრუნდებოდი. ვიგრძენი თავი როგორც საქართველოს მოღალატემ, ძალიან ცუდად ვიყავი....

ნელნელა შევეგუე, ქართულ რესტორანში მზარეულად დავიწყე მუშაობა, შვილები სიგიჟემდე მენატრებოდნენ, მაგრამ ქართველებთან ყოფნამ შედარებით გამიიოლა მდგომარეობა. ფინანსური საკითხიც მნიშვნელოვანი იყო. სამსახურის მერე შვილებს ინტერნეტით ვუკავშირდებოდი, გაკვეთილებიც მოგვიმზადებია ვიდეოკამერის დახმარებით.

ჩემი უფროსი შვილი 20 წლის გახდა და დაოჯახება გადაწყვიტა, თან უკვე კრიზისი იყო მოსკოვში, დოლარი გაძვირდა, რუსული ფული გაუფასურდა და აზრი აღარ ჰქონდა ჩვენს იქ მუშაობას. 3 თვის წინ დავბრუნდი და შვილის ქორწილიც გადავიხადეთ.

საქართველოში ხალხი ძალიან შეცვლილი და სევდიანი დამხვდა. არავინ იღიმება, არადა რუსეთში ყოფნის დროს მესმოდა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იყო, შენდებოდა ქვეყანა და ხალხიც კარგად ცხოვრობდა, მეც ძალიან ვამაყობდი და მიხაროდა. ახლა საკუთარ სამშობლოსთან შეგუების ეტაპზე ვარ.

მარინა 49 წლის - გორიდან სტამბოლამდე

2008 წლის ომმა ჩემი ცხოვრება დაანგრია. არაფერი მქონდა, დამამთავრებელ კლასებში მყოფ შვილებს რჩენა უნდოდათ. თურქეთში წამოსვლა ადვილი იყო, ვიზა არ სჭირდებოდა. სტამბოლში მეგობრის დახმარებით, ბავშვის აღმზრდელად დავიწყე მუშაობა და უკვე 8 წელია აქ ვარ. 3 ბავშვი გავზარდე და ახლა მეოთხეს ვზრდი. ამ ეტაპზე 1 200$ ვიღებ.

საქართველოში ჩემს შვილებს ვეხმარები, უკვე თავთავიანთი ოჯახებიც ჰყავთ და ფინანსურად არც ისე კარგად არიან. ჩემთვის ბათუმში ბინა ვიყიდე, ტურისტული ქალაქია და უცხოელები ქირაობენ. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, ერთი წელი კიდევ ვაპირებ მუშაობას, რომ ბინის რემონტის ვალიც გავისტუმრო.

ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის დისტანციური ლექციები ჩატარდება

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 12 პროცენტია. ანალიტიკოსების თქმით, სწორედ უმუშევრობაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქართველები შრომით ემიგრაციაში მიდიან. ეკონომიკის ექსპერტის, პაატა აროშიძის თქმით, ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ქალები არიან:

"ემიგრანტთა რიგებში ქალბატონები სჭარბობენ, იმიტომ რომ მათთვის იოლია ბავშვის აღმზრდელის თუ მოხუცის მომვლელის სამსახურის ნახვა. უმთავრესად, ემიგრაციის - ქვეყნის დატოვების მიზეზი მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ემიგრანტთა დიდი ნაკადი მიეკუთვნება 90-იანი წლების, 2 000-იანი წლების დასაწყის პერიოდს. ფაქტობრივად, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ემიგრანტთა ნაკადი შემცირებულიყოს, რაც სავალალოა"

რა გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე ემიგრანტებისგან შემოსული თანხა?

ერთი ადამიანი, რომელიც უცხოეთში იღებს ხელფასს, ნიშნავს საქართველოში მცხოვრები 3 ადამიანის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას.

ფაქტობრივად, ერთი ემიგრანტი უცხოეთში მუშაობით ერთ ქართულ ოჯახს არჩენს.

უცხოეთში გასული ადამიანები ძირითადად თანხებს რიცხავენ. ეს კი გარკვეულწილად, დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.

მაგალითად, რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში რიცხობრივად ყველაზე მეტი ემიგრანტია საქართველოდან. როგორც კი ამ ქვეყნებში დაიწყო ეკონომიკური რყევები - გადმორიცხვებმა იკლო, რაც აისახა, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოსვლაზე და შესაბამისად ლარის კურსზე.

რა შემთხვევაში დაბრუნდებიან შრომითი ემიგრანტები სამშობლოში?

თითზეა ჩამოსასვლელი ადამიანები, რომლებიც დეპორტაციის გარეშე დაბრუნდნენ საქართველოში. ემიგრანტების უმეტეს ნაწილს საბუთები არ აქვთ წესრიგში, არალეგალურად ცხოვრობენ იქ და საქართველოში ჩამოსვლა უჭირთ იმიტომ, რომ უკან ვერ დაბრუნდებიან.

რაც შეეხება ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებას, სანამ საქართველოში არ გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა და მინიმალური შემოსავალი არ იქნება, არ დაბრუნდებიან. აქ თუ ისევ უმუშევრად ყოფნა მოუწევთ, ცხადია, არ დაბრუნდებიან.

ნინო ხოზრევანიძე

myquiz