რა ეტაპზეა გამოძიება მესტიაში ცხოველების მონაწილეობით მომხდარ სასტიკ ინციდენტთან დაკავშირებით | Allnews.Ge

რა ეტაპზეა გამოძიება მესტიაში ცხოველების მონაწილეობით მომხდარ სასტიკ ინციდენტთან დაკავშირებით

დაგლიჯე, ბოლომდე, მიდი ეცი... ასე აქეზებენ კბილებით ერთმანეთს ჩაბღაუჭებულ ძაღლებს მათი აზარტში შესული "გულშემატკივრები" და ცხოველებს გამარჯვებისკენ ან უფრო სწორად, მოწინააღმდეგის სიკვდილამდე მიყვანისკენ აქეზებენ. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა Facebook მომხმარებელმა გიორგი ქალდანმა საკუთარ გვერდზე წარწერით "ჩემი ფარი" რამდენიმე საათის წინ, გამოაქვეყნა. ფარი ერთ-ერთია იმ "მეტისებს" შორის, რომლებიც მესტიაში ერთმანეთს დაუპირისპირეს.

"ეს არის განსაკუთრებული სისასტიკე ცხოველების მიმართ"- ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარე, თეიმურაზ წიქორიძე.

"სამწუხაროდ, ეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად ამით თავიც კი მოაქვთ. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადავუგზავნეთ, ამას შედეგი არ მოჰყვება. ვინმე დაისჯება თუ არა, ამაში ეჭვი გვეპარება იმ მიზეზით, რომ ძალიან ბევრჯერ ცხოველისადმი სისასტიკე სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ნაკლებმნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება"- აღნიშნა ცხოველთადამცველმა.

იმის გასარკვევად თუ რა ეტაპზეა საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა, Allnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცხოველთადამცველმა აღნიშნულ მუხლს მკვდარი მუხლი უწოდა

და განმარტა, რომ ის მსგავსი ქმედების პრევენციას სათანადოდ ვერ უზრუნვეყოფს.

"ყველა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოველისადმი სისასტიკეზე მოქმედებს განსაკუთრებულად, მკაცრი მუხლი. მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში, ცხოველის მიმართ სასტიკი დამოკიდებულება, 5-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 50-დან 100 ათას აშშ დოლარამდე ფულადი ჯარიმით ისჯება. საქართველოში მოქმედი კანონი ძალიან ლმობიერია, გარდა ამისა, სამართალდამცველები ამ კანონსაც არ ასრულებენ შესაბამისად"- განმარტა თეიმურაზ წიქორიძემ.

"უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ აქ თავშესაფარში გვყავს ძაღლი, რომელიც 4 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღით დღისით, ნუცუმიძის მეორე მიკროში დაცხრილეს. ადგილზე მივედით, გადავიღეთ რენდგენი, შესაბამისი მტკიცებულება გვქონდა, გამოვიძახეთ პოლიცია, კრიმინალური სამსახური და რა.. არაფერი. მე პირადად ვარ მომჩივანი ვინმემ რამე დაადგინა და მოიკვლია? უკვე 7 თვე გავიდა"- განმარტა წიქორიძემ.

საკითხზე მსჯელობისას მან პრობლემის გამომწვევი კიდევ ორი მიზეზი, საზოგადოების თვითშეგნება და საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობა დაასახელა. წიქორიძის თქმით, საგანმანათლებლო სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებს ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობა, მცირე ასაკიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს. რა ბერკეტები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს შემთხვევების პრევენციისთვის და როგორია მათი სამოქმედო გეგმა-აღნიშნულ კითხვებზე პასუხი უწყებას ამ დრომე არ მოუწოდებია.