როგორ მოვიქცეთ, თუ 112-ის დახმარება გვესაჭიროება და ხმის ამოღება არ შეგვიძლია | Allnews.Ge

როგორ მოვიქცეთ, თუ 112-ის დახმარება გვესაჭიროება და ხმის ამოღება არ შეგვიძლია

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც 112-ის დახმარება სჭირდება თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო ხმის ამოღების საშუალება არ აქვს. ცხელ ხაზზე დარეკვისას იმისთვის რომ შესაბამისმა უწყებამ თქვენთვის დახმარების აღმოჩენა შეძლოს, ადგილმდებარეობის დადგენა და კონკრეტული დეტალების დაზუსტებაა საჭირო.

თუმცა, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ სიტუაციაში, როდესაც ვგრძნობთ რომ ხმის ამოღებით ან რაიმე სხვა ხმოვანი მინიშნების გამოცემით საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს უფრო მეტ საფრთხეს შევუქმნით, ვიდრე სიჩუმის შენარჩუნების შემთხვევაში. ასევე საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა განსაკუთრებული საჭიროების, სმენის არ მქონე ადამიანებს, რომლებსაც საუბარი არ შეუძლიათ 112-ის სერვისით სარგებლობა.

აღნიშნული კითხვებით Allnews.ge 112-ს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ დროისთვის, შესაბამისი აპლიკაცია დანერგილი არ არის, თუმცა, სატესტო რეჟიმში იმყოფება.

"ეს მობილური აპლიკაცია ითვალისწინებს, არახმოვანი შეტყობინების, sos-ღილაკის მეშვეობით გაგზავნას 112-ში, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს სწორედ მაგას, რომ ჩუმი განგაშია და შესაბამისი ბრიგადა მიდის მისამართზე, რომელიც შეტყობინების გაგზავნის მომენტში ფიქსირდება.

ახალი აპლიკაცია ფილტრაციის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ ბრიგადებს ნებისმიერი გამოძახების გადამოწმება მოუხდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი ცრუ განგაშს ან შეტყობინების არასწორად გაგზავნას ექნება."- განმარტა 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ალექსიძემ.

112-ის ცნობით, ამჟამად თუ ადამიანმა არ თქვა სად იმყოფება, მისი ადგილმდებარეობის დადგენა და შესაბამისად ბრიგადის გაგზავნა ვერ ხერხდება.

"აღნიშნულ ღილაკს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რათა ცრუ განგაში თავიდან ავიცილოთ.

თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი სანქციები ამოქმედდება. რეგულაციები ჯერ არ არის შემუშავებული.

სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის 112-ს სპეციალური სერვისი აქვს: სმს და ვიდეოზარის სერვისი. ამ სერვსის დანერგვით 2016 წელს მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის საქართველოს 112-ი საუკეთესოდ აღიარეს."- აღნიშნა სოფო ალექსიძემ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გაერთიანებული სამეფოს 112-ში განმარტეს, რომ თუ ცხელი ხაზით ისარგებლა მოალაქემ, მაგრამ ოპერატორს არავინ გაესაუბრა, საფრთხესთან დაკავშირებით მოკვლევა არ იწყება. თუმცა, აქვე განმარტეს, რომ შესაბამისი დახმარების მისაღებად, მომხმარებელმა "ჩუმ გამოსავალს" უნდა მიმართოს. სამწუხაროდ, ამ პროცედურის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

ამიტომ, თუ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობთ, 112-ზე შესაბამისი დახმარება გესაჭიროებათ და ხმის ამოღება არ შეგიძლიათ, დამატებით "55" უნდა აკრიფოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარი დასრულდება.

myquiz