რამდენი ლარი უჯდება მშობელს საქართველოში ბავშვის რჩენა ყოველთვიურად? | Allnews.Ge

რამდენი ლარი უჯდება მშობელს საქართველოში ბავშვის რჩენა ყოველთვიურად?

"ორსულობის დროს ყველა მხრიდან მესმოდა, რომ დედობა დიდი პასუხისმგებლობაა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მორალურთან ერთად, მშობლობა ამხელა ფინანსურ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენი ოჯახის საშუალო შემოსავლიანთა კატეგორიაშია, თუმცა ფინანსები მხოლოდ საჭიროებებზე გვყოფნის და თითქმის არ გრჩება ფული ახალი ტანსაცმლისთვის, ცოტა გართობისთვის ან უბრალოდ თვეში ერთხელ კინოში წავლისთვის," - ამბობს 28 წლის ანა, რომელიც 2 შვილის დედაა.

ბავშვის საჭიროებები მისი ასაკის მიხედვით განსხვავდება. ჩვენ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ და ვეცადეთ, გაგვეგო თუ რა ჯდება ბავშვის მოვლა-პატრონობა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მცირეწლოვანი ბავშვისთვის საჭირო ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 800 ლარია.

რა ღირს საქართველოში ბავშვის გაჩენა

ბავშვის დაბადებამდე უნდა იყიდოთ საწოლი (300 ლარი), თეთრეული (100 ლარი), ეტლი (300 ლარი), აბაზანა თავისი სადგამით (100 ლარი), ტანსაცმელი (200 ლარი). ეს ყველაფრისთვის დაახლოებით 1 000 ლარი დაგიჯდებათ. თუმცა ჩამოთვლილი მხოლოდ აუცილებელი ნივთებია. ასევე სასურველია, რომ ბავშვისთვის გქონდეთ პამპერსის გამოსაცვლელი მატრასი (50 ლარი), საწოლზე ჩამოსაკიდებელი სათამაშო (50 ლარი), ბაუნსერი (100 ლარი), სპეციალური ხალიჩა (70 ლარი), "მანეჟი" (300 ლარი), რამდენიმე თვეში დაგჭირდებათ საჭმელი სკამი (150 ლარი).

სასურველია, თუ 6 თვემდე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იქნება.

ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი დანახარჯი იქნება პამპერსი, რომელიც ახალშობილს განსაკუთრებულად ბევრი სჭირდება. საშუალო ღირებულების მქონე პამპერსის შემთხვევაში, თქვენ ყოველთვიურად 80 ლარის პამპერსი დაგჭირდებათ. ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ რძის ფორმულის ყიდვაც მოგიწევთ. მისი საშუალო ყოველთვიური დანახარჯი კი 120 ლარია. ასევე, უნდა იყიდოთ ბოთლი, რომელიც დაახლოებით 20 ლარი ღირს.

პედიატრების რჩევით, 6 თვიდან ბავშვმა დამატებითი კვება უნდა დაიწყოს. თავდაპირველად იწყება ბურღულეულის დამატება. ყოველთვიურად 50 ლარი ფაფები დაგჭირდებათ. შემდეგ ეტაპობრივად ემატება ხილი და ბოსტნეული. ხილ-ბოსტნის საშუალო თვიური ხარჯი 100 ლარამდეა. ასევე, აუცილებელია თევზი და ხორცი, რომელისთვისაც თვეში დაახლოებით 80 ლარი დაგჭირდებათ.

ბავშვისთვის ყოველთვიურად მაქსიმუმ 50 ლარის ღირებულების ტანსაცმელი დაგჭირდებათ. სათამაშოებისთვის ბავშვის ზრდასთან ერთად უფრო მეტი თანხაა საჭირო. თავდაპირველად, სათამაშოებისთვის საჭირო თანხა შეიძლება თვეში თვეში 5-10 ლარი იყოს, შემდეგ კი ის 50 ლარი გახდეს. ასევე, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია წიგნები. გამოკითხულ მშობელთა უმეტესობა ამბობს, რომ თვეში ერთი წიგნი (დაახლოებით, 20 ლარი) საკმარისია.

საქართველოში საჯარო ბაღები უფასოა. თუმცა საჯარო ბაღის ჯგუფებში 30-ზე მეტი ბავშვია, ამიტომ მშობლების ნაწილი კერძო ბაღზე აკეთებს არჩევანს. ბაღის მდებარეობის და პირობების მიხედვით მათი ყოველთვიური ღირებულება 250-400 ლარია. თუ ბავშვისთვის ძიძა გჭირდებათ, მაშინ ყოველთვიურად 400-500 ლარი მისთვის უნდა გამოყოთ.

სამი წლიდან ბავშვისთვის სხვადსხვა წრეზე სიარულია რეკომედირებული. ერთი წრის საშუალო თვიური გადასახადი 50 ლარია.

ბავშვის აღზრდისას დაშვებული შეცდომები, რომლებიც მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება

"ჩემი ხელფასი თითქმის, მთლიანად ხმარდება დემეტრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს და ჰიგიენის საშუალებებს ძირითადად მიგზავნიან და იშვიათად ვყიდულობ ადგილობრივად," - ამბობს 2 წლის დემეტრეს დედა ნინა. "თუმცა, ცოტა ხნის წინ ვუყიდე ფეხსაცმელი 200 ლარად, საახალწლოდ 3 სათამაშო (არა გრანდიოზული, 2 წლის ბავშვმა რომ ითამაშოს) - 120 ლარი. რაც შეეხება ყოველთვიურ რუტინულ ხარჯებს: პამპერსი - 100 ლარი, ხილ-ბოსტნეული, რომელსაც შაბათ-კვირას ბაზარში ვყიდულობ – 200 ლარი, კვების სხვა პროდუქტები - 200 ლარი, გართობა - 120 ლარი.

ექიმთან თვეში ერთი ვიზიტი მაინც გვიწევს - 50 ლარი. ამ ყველაფერს დამატებული ძიძა და დაახლოებით 1000 ლარი გვჭირდება ყოველთვიურად ბავშვისთვის. თან ამ ყველაფერში ფულს ვერ ვზოგავ. ვერც პამპერსს მოვაკლებ, ვერც გართობას, რადგან განვითარებისთვის აუცილებელია და კვებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. საბედნიეროდ, ტანსაცმელს მე არ ვყიდულობ. ამ შემთხვევაში ხარჯი ბევრად უფრო გაიზრდებოდა," - განმარტავს ნინა.

1 წლის ბარბარეს დედა ელენე ხარჯების მეტ ოპტიმიზაციას ახერხებს და მისთვის ბავშვის მოვა-პატრონობა საშუალოდ ყოველთვიურად 630 ლარი ჯდება.

"ხილის დიდ ნაწილს, ხორცს და სხვა პროდუქტებს მე არ ვყიდულობ, სოფლიდან მიგზავნიან. ავად ძალიან იშვიათად ხდება და წამლის საშუალო თვიური ხარჯი მხოლოდ 10 ლარია," - ამბობს ელენე.

ოჯახის ბიუჯეტიდან ერთ-ერთი მსხვილი გასავალი ექიმის კონსულტაცია და მედიკამენტებია.

ბავშვებისთვის ამბულატორიული მომსახურება სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებეში უფასოა. თუმცა ბევრი მშობელი არჩევანს კერძო კლინიკაზე აკეთებს. ამ დროს პედიატრის კონსულტაციის საშუალო ღირებულება 50 ლარია.

"წლამდე ბავშვისთვის საჭიროა 5 გეგმიური კონსულტაცია. ასაკის მატებასთან ერთად გეგმიური კონსულტაციების რაოდენობა იკლებს. 1-2 წლის ბავშვები უფრო ნაკლებად ავადმყოფობენ. 3-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის კი წლის განმალვობაში 10-12 ვირუსული გრიპი სრულიად ნორმალურია. თუმცა ასეთი გაციების ან ვირუსის დროს წამლებით გადატვირთვა რეკომენდირებული არ არის," - განმარტავს პედიატრი ლელა ზანგურაშვილი.

რატომაა სასარგებლო ბავშვის ცხოველთან ერთად გაზრდა

ცნობილი ამერიკული გამოცემები წერენ, რომ მშობლებმა რომ იცოდნენ რა დაუჯდებოდათ ბავშვის მოვლა, ამერიკის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. გამოთვლებითს თანახმად, ამერიკაში საშუალო შემოსავლიანი ოჯახი წლამდე ბავშვის მოვლისთვის 12 000 დოლარს ხარჯავს. წლის შემდეგ კი ხარჯები მზარდია.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ:

• ეცადეთ ბავშვს ხარისხიანი ტანსაცმელი უყიდოთ. ყიდვის მომენტში უფრო მეტი თანხის გადახდა გიწევთ, მაგრამ ის უფრო გამძლეა და ერთ თვეში ახლის ყიდვა არ მოგიწევთ.

• თუ მეორე და მომდევნო ბავშვის ყოლას აპირებთ, ეცადეთ ორსულობა ისე დაგეგმოთ, რომ ბავშვები ერთსა და იმავე სეზონზე იყვნენ დაბადებული. ამ შემთხვევაში უფროსი შვილის ტანსაცმელს უმცროსისთვის უკეთესად გამოიყენებთ.

• ბავშვის დაბადებამდე ნუ იყიდით ბევრ ტანსაცმელს. ის ძალიან სწარად იზრდება და ტანსაცემლი მალე უპატარავდება. მეორე მხრივ, კი ბევრი სტუმარი საჩუქრად სწორედ ტანსაცმელს მოგიტანთ.

• ბავშვებს საჭმელი თავად დაუმზადეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ კოლოფის ფაფები, ბოსტნეულის სადილები, ხილფაფები, წვენები თუ იოგურტი. ამ შემთხვევაში თქვენ ხარჯების ოპტიმიზაციასაც მახერხებთ და თან ზუსტად გეცოდიენაბთ, რას ჭამს ბავშვი. ამისთვის ერთჯერადად ბლენდერისა და წვენსაწურისთვის თანხის გამოყოფა მოგიწევთ, მაგრამ საერთო ჯამში თქვენ ხარჯის შემცირებას შეძლებთ.

ნანა მღებრიშვილი

myquiz