ავანაზღაუროთ თუ არა მაღაზიაში შემთხვევით დაზიანებული ნივთის ფასი | Allnews.Ge

ავანაზღაუროთ თუ არა მაღაზიაში შემთხვევით დაზიანებული ნივთის ფასი

მაღაზიაში შესვლისას, შესაძლოა, შემთხვევით რაიმეს დავეჯახოთ, დავამსხვრიოთ, ან დავაზიანოთ... ამისგან დაზღვეული არავინაა.

მაღაზიაში ნივთის დაზიანების შემთხვევაში უნდა ავანაზღაუროთ თუ არა მისი ღირებულება? ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებსა და რამდენიმე მაღაზიათა ქსელს ესაუბრა.

"მომხმარებელი.გე"-ს დამფუძნებლის, ლია თოდუას თქმით, ეს ძალიან სადავო საკითხია, რადგან მაღაზიის პერსონალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნივთი მომხმარებლის უყურადღებობით დაზიანდა, მომხმარებელი კი პირიქით, მაღაზიის ბრალეულობას ამტკიცებს.

ლია თოდუა განმარტავს, რომ იშვიათად, მაგრამ საქმე ხანდახან სასამართლომდეც მიდის ხოლმე და განაჩენი, ძირითადად, მომხმარებლის სასარგებლოდ გამოაქვთ.

"მომხმარებელმა ნივთის დაზიანება ან მაღაზიას უნდა გადააბრალოს და დაუმტკიცოს, რომ ის მართალია.

გააჩნია, მომხმარებელი რამდენად დაიცავს საკუთარ პოზიციას. შერბილების შემთხვევაში მას დაზიანებული ნივთის საფასურს აუცილებლად გადაახდევინებენ," - განმარტავს ის და დასძენს, რომ მაღაზიის პერსონალმა ნივთები ისე უნდა დააწყოს, რომ არ გადმოცვივდეს, - "მაღაზია წყვეტს, ნივთებს როგორ დააწყობს, რამდენად ფართო გასასვლელს გააკეთებს, თაროებს როგორი დახრა ექნება, შეიძლება ერთი გრადუსით გარეთ გადმოხრილი იყოს და შეიძლება შიგნით გადახრილი იყოს, ამის მიხედვით ნივთები ან იოლად ცვივა ან არა.

ასევე, თაროს ზედაპირის სიგლუვეს უნდა დააკვირდნენ, გასათვალისწინებელია, რამდენად სრიალაა იატაკი - ეს ყველაფერი მაღაზიის განკარგვაშია, მომხმარებელი ამას ვერ განსაზღვრავს. მაღაზიამ უნდა მოაწყოს თავისი სივრცე ისე, რომ გამორიცხოს მომხმარებლის მიერ ნივთების უნებლიე დაზიანება," - აღნიშნავს სპეციალისტი.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" დამფუძნებლის, ამირან შენგელიას თქმით, თუ მაღაზიის პერსონალმა მომხმარებელს ნივთი ისე მიაწოდა, რომ მას ხელიდან გაუვარდა ან თაროზე ისე იყო განთავსებული, რომ მან უნებლიედ დააზიანა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს მისი ანაზღაურება არ მოუწევს, - "იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ხელში გვიჭირავს და დავაზიანებთ, დაგვივარდება და გატყდება, ეს სხვისი მატერიალური ქონების დაზიანებაა, რისი საფასურიც აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს," - განმარტავს ის.

რაც შეეხება მაღაზიების პოზიციებს, ნივთის დაზიანების შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირები ფაქტს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მომხმარებლები, ძირითადად, დაზიანებული ნივთების საფასურს ანაზღაურებენ ხოლმე.

"ერთვება მონიტორინგის სამსახური, ის დააფიქსირებს ნივთი როგორ იყო განთავსებული და თუ მომხმარებელს მის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის, რა თქმა უნდა, არაფერს არ გადაიხდის," - განმარტავს ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი.

როგორც გამოიკვეთა, მაღაზიებში დაზიანებული ნივთების ღირებულების ანაზღაურება, ძირითადად, მომხმარებელს უწევს, ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ფრთხილად და უფრო ყურადღებით ვიქნებით, რათა ასეთი მცირე უსიამოვნება არ შეგვემთხვას.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz