წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი დაჭრეს | Allnews.Ge

წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი დაჭრეს

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

myquiz