არასწორად წარვმართე ჩემი ცხოვრება - თინა ხიდაშელის ბლიცინტერვიუ | Allnews.Ge

არასწორად წარვმართე ჩემი ცხოვრება - თინა ხიდაშელის ბლიცინტერვიუ

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუში" სტუმრობისას საკუთარი პიროვნების, საქმიანობისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

ხიდაშელის თქმით, თავისუფლების დეფინიცია მან პირველად ბავშვობაში გაიაზრა, როდესაც მამამ უთხრა, ან მისთვის დაეჯერებინა ან თავად მიეღო გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობას თავადვე აიღებდა.

"იმ დღიდან მოყოლებული მე ვაკეთებ ისე, როგორც მე ვთვლი საჭიროდ და მერე ამაზე პასუხისმგებლობასაც ვიღებ," - აღნიშნავს ის.

თინა ხიდაშელის თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან მისი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრების არასწორად წარმართვაა, -"როდესაც სრულად და აბსოლუტურად საჯარო ცხოვრებას ვაჩუქე ჩემი თავი,"- აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ცხოვრებაში მთავარია, საკუთარი ნების, ქმედების, გადაწყვეტილებების, პატრონი იყო და მათზე პასუხს თავად აგებდე.

"სულ ზღვარსა და დანის პირზე დავდივარ, სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და უაზრობად მეჩვენება".

რაც შეეხება შექებას "თუ ჩემი შვილები მაქებენ ძალიან მსიამოვნებს, თუ შემთხვევით ასეთი საოცრება აღმოჩნდება და ჩემი მეუღლე ჩემზე რამე კარგ სიტყვას იტყვის, ასევე ძალიან მიხარია. თუმცა, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მინისტრი ვიყავი, ხშირად გიწევს ხოლმე ისეთი ქების მოსმენა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ის არ არის, რაც გგონია და ეს სასიამოვნო არ არის,"- განმარტავს ის.

მისი თქმით, ერთადერთი რაც აბრაზებს ჩაგვრაა, - "როდესაც განცდა გაქვს, რომ გამოსავალი არ არის. ასეთი მომენტი ალბათ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დამდგარა.

ამ მომენტში ისე ვბრაზდები, რომ გონიერი და ცნობიერი არჩევანის გაკეთების საშუალება მეკარგება.

უსასოობის განცდა გაქვს, როცა იცი, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, მაგრამ წრე ჩაკეტილია და ვერაფერს ვერ იზამ,"- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეცდომების დანახვაში ყველაზე მეტად კრიტიკა ეხმარება, -"თუ მაკრიტიკებენ ყველაზე მეტად მსიამოვნებს, იმიტომ რომ შენს თავს ყველაზე ადვილად ასე ხედავ, ასე ხედავ შენს შეცდომასაც და მერე მისი გამოსწორება ყველაზე მარტივია," - დასძენს ის.

თინა ხიდაშელის თქმით, ის ყველაზე ხშირად შვილებზე, სანდროსა და გიგაზე ფიქრობს, - "მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, თუ როგორი კაცები იქნებიან. იმიტომ რომ ყველაფერს, რაც აქამდე მიკეთებია, ერთ დღეს სახელი მხოლოდ იმით დაერქმევა, თუ როგორი კაცები იქნებიან ისინი,".

"არასოდეს არაფერზე არ მიოცნებია, არასოდეს არაფერს არ ვნატრობ, საერთოდ არ ვიცი, ეს რას ნიშნავს.

ძალიან რაციონალური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. არაფერი არ მწყინს, იმიტომ რომ ამით არაფერი იცვლება."

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, დრო არასდროს არ აქვს, -"ყოველ შემთხვევაში, აქამდე არასდროს არ მქონდა და ამის შემდეგ ვნახოთ, ჩემი ცხოვრება როგორი იქნება," - აღნიშნავს ის.

საკუთარი თავი საშინელ მოხუცად წარმოუდგენია და კითხვაზე, ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს, პასუხობს:

"ჩემი ცხოვრება ასე ინდივიდუალურად არ ამირჩევია.

ამ ქვეყანაში რაღაცები ხდებოდა და ამანაც განაპირობა ბევრი არჩევანი, რომელიც მე ცხოვრებაში გავაკეთე. თუ სხვა საქართველოში, სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი, შეიძლება სრულიად სხვა ადამიანი, სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, დინამიური ცხოვრების მიმართ ჩემი უზომო სიყვარული არ შეიცვლებოდა,"- აღნიშნა თინა ხიდაშელმა გადაცემა "ბლიცინტერვიუში."

myquiz