რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასი 2017 წელს | Allnews.Ge

რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასი 2017 წელს

2017 წლის იანვარიდან მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება, საშუალო ხელფასი კი 800 ლარი გახდება. ასეთია განათლების სამინისტროს გეგმები. თუმცა რეალურად იზრდება არა საბაზისო ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.

ამჟამად არსებობს მასწავლებლის სამი სტატუსი: უფროსი, წამყვანი და მენტორი. სწორედ ამ სტატუსების მიხედვით მოხდება დანამატის გაზრდა. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგები მიიღებენ დანამატს.

სტატუსის შესაბამისი დანამატების რაოდენობა ასე გამოიყურება:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 180 ლარისა, იქნება 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 270 ლარისა, იქნება 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს განსაზღვრული 500 ლარისა, იქნება 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.

• მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი – 142 ლარი იქნება.

ანაზღაურების მატება შეეხება 18 494 უფროს მასწავლებელს და 213 წამყვან მასწავლებელს. 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი სქემაში არ ფიქსირდება, ამიტომ მენტორის გაზრდილ დანამატს 0 მასწავლებელი მიიღებს.

მაღალმთიან რეგიონებში კი 10 000–მდე პედაგოგია დასაქმებული.

სქემით გათვალისწინებული სტატუსების მიხედვით დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატებიც:

კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

კლასის დამრიგებლობის დანამატი;

სრულზე მეტი დატვირთვისთვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი;

• სქემაში განაწილებულ მასწავლებელს, რომელსაც დადგენილი წესით შრომის ანაზღაურება ევსებოდა 1000 ლარამდე, უნარჩუნდება სქემაში განაწილებამდე არსებული მდგომარეობა (თანამდებობრივი სარგო დადგენილი წესით შეევსება 1000 ლარამდე), იმ დრომდე, სანამ სქემით განსაზღვრული სტატუსისათვის მის მიერ მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს.

• ნაწილობრივი დატვირთვის დროს, მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა კლასის დამრიგებლობის დანამატისა).

მუდმივად მზარდი ხელფასის მიუხედავად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განათლება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზუღაურებად სფეროდ რჩება. 2016 წლის მესამე კვარტალში განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 545 ლარი იყო. 10 წლის წინ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 122 ლარი იყო.

ნანა მღებრიშვილი

myquiz