"მე, რომ ვიძინებ მაშინ მოდის თოვლის პაპა" - ბავშვები ახალი წლის შესახებ | Allnews.Ge

"მე, რომ ვიძინებ მაშინ მოდის თოვლის პაპა" - ბავშვები ახალი წლის შესახებ

ახალი წლის მოსვლა რომ ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ამაზე არავინ დაობს, ამიტომაც, დღეს Allnews.ge-ს რესპონდენტები ბავშვები არიან, რომლებიც ახალ წელზე, თოვლის ბაბუასა და საჩუქრებზე საუბრობენ.

ზოგიერთ მათგანს თოვლის ბაბუის არსებობის არ სჯერა, მაგრამ საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს სიხარულით იღებს.

ნიკოლოზი 10 წლის

ახალი წელი ჩემთვის ძალიან საყვარელი დღესასწაულია, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის.

ვფიქრობ, თოვლის პაპა არ არსებობს, მაგრამ გულში მაინც მჯერა მისი არსებობის.

ჩემი აზრით, თოვლის ბაბუა ძალიან კეთილია. ის ძალიან მოხუცია და მიკვირს, ღამის განმავლობაში როგორ ასწრებს საჩუქრების ჩამორიგებას. მას ჰყავს ურემი, რომელშიც შებმულია 6 ირემი.

ანა 5 წლის

წელს, მამლის წელია და მე და დედამ ფერადი ფურცლებისგან გამოვჭერით მამალი. ახალ წელს თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს ლაპლანდიიდან. ახალი წელი კიდევ იმიტომაც მიყვარს, რომ შემიძლია ვიგუნდაო.

თეკლა 6 წლის

მე მაქვს თოვლის ბაბუას კალათი, რომელშიც სულ მხვდება შოკოლადები.

ვფიქრობ, მსოფლიოში მხოლოდ ერთი თოვლის ბაბუა არ არის.

ძალიან ბევრნი არიან, ისინი სხვა ქვეყნებშიც დადიან და ბავშვებს საჩუქრებს ურიგებენ. ჩემთან ყოველ წელიწადს ჩამოდის თოვლის ბაბუა. თოვლის ბაბუს წერილი გავუგზავნე და მომიტანა ელზას კაბა, ჩანთა, სამაჯური.

კატო 4 წლის

ძალიან მიყვარს ახალი წელი, ვაპირებ გავაკეთო თოვლის ბაბუა, ვიგუნდაო და ვისრიალო ციგით. ძალიან მინდა თოვლის ბაბუამ მომიყვანოს ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირი. დილით კი არ მოდის თოვლის ბაბუა, მე რომ ვიძინებ აი ამ დროს მოდის.

ალექსი 6 წლის

ახალი წლის მოსვლა მიხარია იმიტომ, რომ თოვლის ბაბუა საჩუქრებს გვირიგებს. ახალი წლის ზეიმებს ვაწყობთ და დიდი სიხარული და მხიარულებაა. ნაძვის ხეს ყოველთვის ვრთავთ, წელს სათამაშოები მე და ჩემმა დამ ჩამოვკიდეთ. თოვლის ბაბუა ახლა გზაშია და თავის სახლში მიდის.

ლიზა 6 წლის

თოვლის ბაბუას თეთრი მოსასხამი აცვია და დიდი წვერები აქვს, სურათიც მაქვს გადაღებული მასთან ერთად. თოვლის ბაბუამ თოჯინა მიყიდა 4 წლის რომ ვიყავი. წელს მინდა, პლასტელინი მაჩუქოს და კიდევ მოვიფიქრებ რამეს.

მართა 6 წლის

ახალი წელი ჩემთვის არის ლამაზი, ჯადოსნური დღესასწაული.

მთელი წელი კარგად ვიქცეოდი და მჯერა, რომ თოვლის ბაბუა მომიტანს საჩუქარს.

მას წერილი გავუგზავნე და ვთხოვე თუთიყუში თავისი გალიით. ჩემს მეგობრებს ვუსურვებ, საჩუქრები მათაც მისვლოდეთ და კარგი ქცევით დედები გაეხარებინოთ.

ანასტასია 6 წლის

ძალიან მიყვარს ნაძვის ხე და ახალი წელი ასევე დაკავშირებული თოვლთან. ახალ წელს ყველა ზეიმობს, სტუმრები მოდიან, გემრიელ საჭმელებს ამზადებენ და თოვლის ბაბუა საჩუქრებს დატოვებს.

ელენე 7 წლის

იმიტომ მიხარია ახალი წელი, რომ თოვლის ბაბუა საჩუქრებს მომიტანს და ფოიერვერკებსაც გავუშვებთ. ჩემი ბაბუას დაბადების დღეც არის ახალი წლის დღეს და ყოველთვის მხიარულებაა.

ლიზა 6 წლის

ახალ წელზე მხიარულებაა ჩვენს ოჯახში, დედასთან და მამასთან ერთად ვრთავ ნაძვის ხეს და საჩუქრებიც მათ მოაქვთ. თოვლის ბაბუა კი არ არსებობს.

საბა 6 წლის

ახალ წელს ნაძვის ხეზე სათამაშოებს ვკიდებ დედასთან ერთად. თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს, წელს ჯერ არ დამხვედრია საჩუქარი, მაგრამ როცა მოვა თოვლის ბაბუ, მინდა სუპერმენის ფორმა და პულტიანი მანქანა მომიტანოს.

როგორც აღმოვაჩინეთ ბავშვების ნაწილს არ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, უმრავლესობას კი სჯერა და მშობლები ცდილობენ ბავშვური სამყარო დიდხანს შეუნარჩუნონ. სწორედ სანტა-კლაუსის მიერ დატოვებული საჩუქრები ასოცირდება მათთვის ახალ წელთან და ზეიმთან.

თოვლის ბაბუასთან დაკავშირებულ ემოციებთან დაკავშირებით, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ვესაუბრეთ. მისი თქმით, პატარებისთვის გააზრება, რომ არ არსებობს თოვლის ბაბუა არ არის მტკივნეული, ვინაიდან თოვლის პაპა მათთვის არის ზღაპრის პერსონაჟი.

"საჩუქარია მართლაც ახალი წელი. ეს საჩუქარი მოდის იმ სამყაროდან, რომელიც არის რეალური და ამავე დროს ზღაპრული. რეალურია სათამაშო, საჩუქარი, მაგრამ თოვლის ბაბუა არის წარმოსახვითი", - აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

ფსიქოლოგმა ბავშვების ახალ წელთან დაკავშირებულ სტრესზეც ისაუბრა.

"ახალი წელი ზეიმია ბავშვებისთვის. მორთული სახლი, ნაძვის ხე ყოველთვის არის დაკავშირებული სასიამოვნო განწყობასთან, რაც ბავშვებში იწვევს დადებით ემოციებს.

აც შეეხება სახლს მიღმა გარემოს, მაგალითად თბილისში არის პარადოქსული ხმაური.

კარგია, რომ ფოიერვერკებია, მაგრამ ხმაური, გრუხუნი იწვევს სტრესს ბავშვებში.

აივანზე არ შეიძლება ბავშვის გაყვანა. ამასთან, საბავშვო ზეიმები, სადაც ბავშვებმა ლექსები უნდა თქვან და იმღერონ, უნდა იყოს უფრო ბუნებრივი და ნაკლებად სტრესული. მაგალითად, საბავშვო ბაღებში წინასაახალწლო ზეიმის მომზადება დაკავშირებულია დაძაბულობასთან. მშობლების, ასევე მუსიკის მასწავლებლის დაძაბულობა გადადის ბავშვებზეც. პატარები ფიქრობენ, მოიწონებენ თუ არა საკონცერტო ნაწილს მშობლები, ამიტომ, ეს უნდა იყოს ნამდვილი საბავშვო ზეიმი, ბავშვები ბუნებრივად უნდა ერთობოდნენ და თამაშობდნენ", - აღნიშნა ფსიქოლოგმა.

ნინო ხოზრევანიძე

myquiz