საჩუქრები, რომელთა შეძენა მინიმალურ ფასად არის შესაძლებელი | Allnews.Ge

საჩუქრები, რომელთა შეძენა მინიმალურ ფასად არის შესაძლებელი

შობა-ახალი წელი არამხოლოდ დროის ცვლილებას, სადღესასწაულო მორთულობასა და ტკბილეულს, არამედ გარშემომყოფების გაბედნიერებასაც უკავშირდება. ყველა ცდილობს, საყვარელ ადამიანებს ისეთი საჩუქარი შეურჩიოს, რომელიც გაახარებს.

სურვილის მიუხედავად, ძვირადღირებული საჩუქრის შეძენის საშუალებას ხშირად ჩვენი ბიუჯეტი არ გვაძლევს. Allnews.ge-მ მაღაზიებში განთავსებული ფასდაკლებული ნივთები დაათვალიერა, რომლებიც 50 ლარის ფარგლებში მერყეობს და საახალწლო საყიდლებზე წასვლამდე დაგეხმარებათ.

თუ საჩუქრის შეძენა ოჯახისთვის გსურთ, მაშინ დეკორატიული სანათი, სარკე, კარზე ჩამოსაკიდი საახალწლო გვირგვინი, ნაძვის ხის მოსართავები, მინის ან ხის ნაკეთობები, ნამდვილად კარგი საჩუქარია. სანათს, დაახლოებით 35 ლარიდან შეიძენთ, სარკეს 20-დან, ხოლო ცნობილი მხატვრების ტილოების ასლების ღირებულება, დაახლოებით 25 ლარიდან იწყება.

ნაძვის ხის ულამაზესი სათამაშოების ღირებულება 3 ლარიდანაა და თუ საჩუქრად გსურთ, 15 ლარის ღირებულების სათამაშო, რომელიც ხარისხითაც და ვიზუალითაც გამოირჩევა, ნამდვილად მოგეწონებათ.

თუ უპირატესობას საახალწლო თემატიკის მქონე ჭურჭელს ანიჭებთ, ჭიქებს, სანტა კლაუსის გამოსახულების მქონე თეფშებსა და სამზარეულოს სხვა აქსესუარებს 50 ლარის ფარგლებში ნამდვილად შეიძენთ.

ოჯახის გარდა, საჩუქარს ალბათ მეგობრისთვის, საყვარელი ადამიანისთვის ან უბრალოდ მათთვის არჩევთ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ქალის შემთხვევაში, სამკაულების, ჩანთების, საფულეებისა და მსგავსი აქსესუარების მაღაზიებში 50 ლარად კარგ საჩუქარს ნამდვილად აარჩევთ, რადგან ყველა მათგანში მინიმუმ 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. საყურის ფასი, დაახლოებით, 7 ლარიდან იწყება! თუ უფრო ხარისხიანი გსურთ, გირჩევთ, 25 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონეს ნუ შეიძენთ. ასევე, 29 ლარიდან მშვენიერი ვიზუალის მქონე საფულესაც შეიძენთ. ჩანთის შემთხვევაში კი ის ხელმისაწვდომი, მინიმუმ 45 ლარიდანაა.

ქალისა და მამაკაცის სასაჩუქრე კოსმეტიკურ ნაკრებებს თითქმის ყველა აფთიაქი თუ პარფიუმერული მაღაზია გთავაზობთ.

ზოგიერთ პარფიუმერულ მაღაზიაში, მათი ფასი 22 ლარიდან იწყება და სუნამოსა და დეოდორანტს მოიცავს, ხოლო აფთიაქებში ის ძირითადად, ტანის ლოსიონისგან, შამპუნისგან, კონდიციონერისგან, ნიღბებისგან, კანის გამწმენდი საშუალებებისგან შედგება და ფასი 50 ლარს აღწევს. თუ სასაჩუქრე ნაკრებში არსებული პროდუქცია არ მოგწონთ, მათი ცალცალკე არჩევის შემთხვევაში, 50 ლარად ხარისხიანი ბრენდის ორ ან სამ პროდუქტს აუცილებლად შეიძენთ.

თუ საახალწლო საჩუქრად წიგნის შეძენა გსურთ, მაშინ უკეთეს პირობებში აღმოჩნდებით, რადგან ზოგიერთ მაღაზიაში 50%-მდე ფასდაკლებაა და წიგნების შეძენა 7-8 ლარიდან შეგიძლიათ, ასე რომ მათ, ვისაც კითხვა უყვარს, 50 ლარად მარტივად გაახარებთ.

შობა-ახალი წელი, განსაკუთრებით, პატარებს უხარიათ, რადგან ამ დროს მათთან სანტა მოდის. სანტას კი ამ დღეებში სათამაშოების მაღაზიებში ფასდაკლება ელოდება და როგორც ბიჭების, ისე გოგონების კარგ სათამაშოს 15-დან 50 ლარამდე აუცილებლად შეიძენს. სატამაშო შეიძლება იყოს, როგორც საშუალო ზომის თოჯინა, ავტომობილი, რომელიმე სუპერ-გმირი ან მულტფილმის გმირი, ისე რბილი სათამაშო. გარდა ამისა, პატარები ასაწყობი კუბიკებით, ფერადი ანბანით ან რიცხვებით, საკმაოდ ხემისაწვდომ ფასად შეგიძლიათ გაახაროთ.

მაღაზიებში განმარტავენ, რომ ფასდაკლებები, საშუალოდ, ძველ ახალ წლამდე გაგრძელდება, შესაბამისად, საჩუქრების შესაძენად დრო ჯერ კიდევ გვაქვს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz