რა სცენარით განვითარდება მოვლენები საქართველოში | Allnews.Ge

რა სცენარით განვითარდება მოვლენები საქართველოში

ახალ, 2017 წლამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ყველა ვემზადებით, ველოდებით კიდევ ერთ 12 თვეს, რომელიც ყოველთვის გვგონია, რომ უკეთესი, პოზიტიური და წარმატებული იქნება. როგორც წესი, ჩვენი წარმატება და კეთილდღეობა, სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ამიტომ საინტერესოა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორი იქნება 2017 წელი?!

საშინაო, საგარეო, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა სახელმწიფოში ძირითად ამინდს ქმნის, ამიტომ ჩვენს მკითხველს ანალიტიკოსების პროგნოზებს გავაცნობთ, რომელიც მომავალი წლის განჭვრეტაში დაგვეხმარება.

წელს, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა ვალუტის გაცვლითი კურსი აღმოჩნდა, რომელმაც მოსახლეობას როგორც კრედიტები, ისე ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქცია გაუძვირა.

ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოყვანის გეგმა შემოგვთავაზა, რომელიც ლარიზაციას, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას, ონლაინ-კრედიტების მოდიფიკაციასა და სხვა ცვლილებებს გულისხმობს, თუმცა, პოლიტოლოგისა და ეკონომისტის, გია ხუხაშვილის თქმით, დაგეგმილი პროცესები გამოწვევებს ვერ პასუხობს, შესაბამისად, ძირითადი პრობლემების მომავალ წელს აღმოფხვრის ნაკლებად სჯერა:

"გეგმა არ გვაძლევს საშუალებას, რომ პოზიტიური მოლოდინები გაგვიჩნდეს.

დღევანდელი მდგომარეობით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის რისკები ძალიან მაღალია, რადგან საშუალო სტატისტიკური ქართველის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. ყველაფერი ძვირდება, მალე ნავთობპროდუქტების ფასიც მოიმატებს, რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, ვნახოთ რა მოხდება" - განმარტავს ის.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანა ამჟამად ფსკერზე იმყოფება, საიდანაც უფრო ღრმად არ უნდა წავიდეს, ამიტომ იმედი აქვს, რომ ხელისუფლება უფრო ეფექტურად იმუშავებს და მომავალ წელს, მდგომარეობა გაუმჯობესდება.

"დინამიკა პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური, ხელისუფლების მოქმედებებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი გამოწვევებისთვის ღირსეული პასუხების გაცემას. ჯერჯერობით მე აქ ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს, იმიტომ რომ გეგმები, რომლებიც ხელისუფლებამ წარმოადგინა, საბოლოო ჯამში, იმ გამოწვევებს სრული მასშტაბით ვერ პასუხობს, რის წინაშეც ქვეყანა დგას," - განმარტავს ის და დასძენს, რომ თუ ხელისუფლება ინვესტორებითვის სასუველ გარემოს შექმნის, ეკონომიკური მდგომარეობა, შედარებით გამოსწორდება.

2017 წლის კიდევ ერთი მთავარი მოლოდინი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაა, რაც, ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნატალია საბანაძის თქმით, დაახლოებით, გაზაფხულზე მოხდება.

საგარეო ურთიერთობების ექსპერტის, პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება რეალურ პერსპექტივას წარმოადგენს და მომავალ წელს, ჩვენს მოქალაქეებს ევროპაში შედარებით მარტივად მიმოსვლა შეეძლებათ, ამის თქმის საფუძველს გობრონიძეს, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აძლევს, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან არასწორად გადადგმულ ნაბიჯებსაც ხედავს, რომლებმაც, შესაძლოა, მომავალში დაგვაზარალონ.

"ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო ინიციატივებს რომ გადავხედოთ, საუბარი, მაგალითად, ცილისწამების კრიმინალიზაციას შეეხებოდა, ასეთი ტიპის საკანონმდებლო ინიციტივები საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების ურთიერთობას არ წაადგება და მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ, შესაძლოა, საქართველო ევროკავშირს დააშოროს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება," - განმარტავს პოლიტოლოგი.

თუ როგორ გაგრძელდება მომავალ წელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები, ამაზე გიორგი გობრონიძე გვპასუხობს, რომ ვითარების გაუარესებას ელოდება:

"რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მომავალში პოზიტიური გარღვევის საფუძველი ნაკლებად არსებობს, რადგან, რუსეთი ურთიერთობებს აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან ნაბიჯ-ნაბიჯ ამყარებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელდა ისეთი ქმედებები, რომლებიც ანექსიის პირდაპირი ტოლფასია,

აქ საუბარი სეპარატისტული რეჟიმის აღიარებაზე აღარ არის, რადგან ეს უკვე უშუალო კონტროლის დამყარებას ნიშნავს," - აღნიშნავს პოლიტოლოგი და რუსეთის მხრიდან არსებულ სამხედრო საფრთხეზეც საუბრობს:

"რუსეთის ფედერაცია, საქართველოს ტერიტორიაზე, სამხედრო მიმართულებით ყოფნას აძლიერებს.

მაგალითად, გალის რაიონში სამხედრო ქალაქის მშენებლობა იგეგმება და ეს პირდაპირი პლაცდარმია, რუსეთის ფედერაციამ საჭიროების შემთხვევაში, დასავლეთ საქართველოს ანექსია უმოკლეს ვადებში განახორიციელოს. საფრთხეები შენარჩუნებელია და სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მიმართ ატარებს, შესაბამის შედეგებს არ იძლევა, რადგან რუსეთი საქართველოს პოლიტიკის ამ მიმართულებას არ მიყვება და ცდილობს, საპასუხოდ, შემხვედრი ნაბიჯები გადადგას," - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ზეგავლენას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, გობრონიძის თქმით, ორივე სახელმწიფოს ერთმანეთის მიმართ ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ვალდებულებები აქვს, რაც უნდა შესრულდეს, შესაბამისად, აშშ-სთან ურთიერთობების ცვლილებას მხოლოდ პოზიტიური ხასიათი ექნება, - "რა ვარაუდიც არ უნდა არსებობდეს ტრამპზე, ის ხედავს, რომ ისინი კარგავენ პოზიციებს, თუ უფრო აქტიურები არ გახდებიან საერთაშორისო არენაზე," - დასძენს პოლიტოლოგი.

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე საუბრისას, ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ პროტესტი უკვე არის, თუმცა კონკრეტული ცენტრის გარშემო გაერთიანებას ვერ ახდენს, - "თუკი 2017 წელს ლარის გაუფასურებაც იგივე ტემპით გაგრძელდა, როგორც ის ამჟამად მიმდინარეობს

2017 წლის ბოლოს, ბევრად უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს ცვლილებებს.

იმედია იმ დროისათვის ისინი მზად იქნებიან საკუთარი უკმაყოფილების საჯაროდ დაფიქსირებისათვის," - პროგნოზირებს ფილოსოფოსი.

ლევან ღამბაშიძე, განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მინისტრს, ძირითადად, პოპულისტური გამონათქვამები ახასიათებს, აქედან გამომდინარე, სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის მოლოდინი არ აქვს, - "პირველ რიგში სამინისტრომ უნდა განსაზღვროს თუ რა დაკვეთა უნდა შეასრულოს სკოლამ, რა არის სკოლის მიზანი და სხვა ფუნდამენტური საკითხები. თუ სამინისტროში მსგავს საკითხებზე იქნება მსჯელობა, ჩვენც ვიმსჯელებთ შესაძლო შედეგებზე. სხვა მხრივ, ზედაპირულ პოპულისტურ განცხადებებს არ მგონია რამე ეფექტი ჰქონდეს," - აღნიშნავს ის.

ფილოსოფოსის თქმით, მომავალი წელს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოების ცნობიერებაში პოზიტიურ ცვლილებებს ელოდება.

"ველოდები, რომ ახლო მომავალში, დღევანდელი მთავრობის მაგალითზე ამომრჩეველი კონკრეტული უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით აირჩევს პოლიტიკოსებს და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა, ირაციონალური განცდებისა და სასწაულების რწმენის მიხედვით. თუ ამ მთავრობამ ამ ფორმით შესძლო ვადის ამოწურვამდე ფუნქციონირება, ვფიქრობ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უფრო დაფიქრებულ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი," - განმარტავს ლევან ღამბაშიძე.

როგორც სპეციალისტების შეფასებით ჩანს, ზოგიერთი მიმართულებით მოლოდინები უფრო პოზიტიურია, თუმცა, ნეგატიური ჭარბობს. თუმცა, მოსახლეობას ახალი წლის დაწყებასთან ერთად, უკეთესი ცხოვრების იმედი აქვს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz