ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვილებებზე საუბრობს | Allnews.Ge

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვილებებზე საუბრობს

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და განათლების სამინისტროში მიმდინარე პრობლემებზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა. მისი თქმით, სკოლებში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად რეალური მოთხოვნებისგან სასწავლო პროგამაში ჩამორჩენის საკითხია. ამის შესახებ ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 66 ათასი ბავშვი სარგებლობს სასკოლო ავტობუსებით და ამ მიზნით, სახელმწიფო წელიწადში 20 მლნ ლარს ხარჯავს. ჯეჯელავა ასევე მიიჩნევს, რომ კლასებში მოსწავლეთა გადაჭედილობისა და მოსწავლეთა სკოლამდე ფეხით სიარულის პრობლემაზე მეტად, აღსაზრდელების სასწავლო პროგამაში ჩამორჩენის საკითხი დგას.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვილებებზე საუბრობს

"კლასში ბავშვების რაოდენობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს და ის უკავშირდება სასწავლო პროგამის ჩამორჩენის საკითხს რეალური მოთხოვნებისგან. სკოლებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რომ რეპეტიტორები სჭირდებათ V-VI კლასელებს, რაც ალბათ წარმოუდგენელია და XI-XII კლასში ლამის აღარაფერი აქვთ საქმე. რაც პირიქით უნდა იყოს. ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს და მაღალ კლასებში უნდა იყოს აქცენტი სწორედ აკადემიურ მოსწრებაზე და ამ მიმართულებით ბევრი სამუშო გვაქვს ჩასატარებელი", - განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა.

"საქართველოში ბავშვების მხოლოდ 20%-ს აქვს საბავშვო ბაღში სიარულის საშუალება.

მინისტრმა აღნიშნული ფაქტი ორი მიზეზით ახსნა. ერთი იმით, რომ კომუნისტების პერიოდში ყველა სოფელში ბაღებში ბავშვის ტარებას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ და, შესაბამისად, ბაღები არ არსებობდა და მეორე - საბავშვო ბაღების შენობები გაიყიდა და ინფრასტრუქტურა დაინგრა.

"ჩვენ გვაქვს 5-ჯერ ნაკლები ბაღები, ვიდრე უნდა გვქონდეს და ძალიან სწრაფი ტემპით ვაშენებთ ბაღებს. ამით მუნიციპალიტეტები არიან დაკავებული. ახალი კანონით ჩვენ ბაღებში სასწავლო პროგრამის შექმნა გვეხება. პასუხისმგებლობის ძირითადი ნაწილი მუნიციპალიტეტებზეა. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი ფულის დახარჯვა, რომ დავეწიოთ ამ მოთხოვნას", - განაცხადა მინისტრმა.

ჯეჯელავამ ვერ დააკონკრეტა, როდის იქნება შესაძლებელი თუნდაც გაორმაგდეს საბავშვო ბაღების რაოდენობა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზეა დამოკიდებული.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია, სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა რეორგანიზაცია მოხდეს. საერთო ჯამში, ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს.

"რესურს-ცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ.

ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში სკოლებში ინტერნეტ სპეციალისტების მუშაობის ნაცვლად, ინტერნეტ კომპანიების მომსახურეობა შეისყიდონ.

მინისტრმა პროფორიენტაციის გუნდზეც ისაუბრა.  "გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით", - განაცხადა ჯეჯელავამ.

myquiz