რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა და ვინ მუშაობს მსგავს საწარმოებში | Allnews.Ge

რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა და ვინ მუშაობს მსგავს საწარმოებში

ხმაურიანი გამზირიდან მშვიდ ქუჩაზე აღმოჩენისას, პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს ფერადი ვიტრინაა - მინიდან ანგელოზები, ჭრელი სახლები, ბრჭყვიალა ვარსკვლავები და წითელი მამლები გიმზერენ.

ეს "ბაბალეა" - სოციალური საწარმო. იმ საოცარ ნივთებს, რომელიც ზემოთ ვახსენე, საწარმოში სპეციალური საჭიროებების მქონე 7 ახალგაზრდა ქმნის.

გიორგი 19 წლისაა და თანატოლებთან ერთად, საწარმოში დღეში რამდენიმე საათს ატარებს. ძალიან აქტიურია და უყვარს პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა, მუშაობის დროს კი, მეგობრებს არაჩვეულებრივი სიმღერით უქმნის ფონს. გიორგისთან ერთად, დღეს საახალწლო სუვენირებს სპეციალურ საჭიროებათა მქონე კიდევ ოთხი ახალგაზრდა ქმნის - 18 წლის დათუნა, 19 წლის თამუნა, 20 წლის ნინო და 30 წლის ნატალია, ნაძვის ხის სათამაშოების მოხატვითა და გაფერადებით არიან დაკავებულები.

"აქ ჩვენ იმიტომ ვმუშაობთ, რომ ხალხმა საახალწლოდ სათამაშოები იყიდოს,

ვმუშაობთ ფუნჯებით, ვხატავთ. თევზი დავხატე, ჩიტი, გავაკეთე უჯრა. ყველაფერს ვხატავთ. ძალიან კარგი ნივთები გვაქვს და იყიდეთ თუ მოგესურვებათ" - გვეუბნება გიორგი და თავისი და მისი თანატოლების ნამუშევრებს გვაჩვენებს.

საქართველოში 150 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა.

"ბაბალე" თითქმის, წელიწადნახევარია არსებობს და ამ ხნის მანძილზე, საწარმოს მუშაობაში 30-მდე სპეციალური საჭიროების მოზარდი და ახალგაზრდა იყო ჩართული. საწარმოს ძირითადი მიმართულებები ხის მხატვრული დამუშავება და ტექსტილზე მუშაობაა. სოციალური საწარმოს ძირითადი არსი მიღებული მოგების რეინვესტირებაა - "ბაბალეს" შემთხვევაში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა, საწარმოს განვითარებასა და დასაქმებულთა ხელფასებს ხმარდება.

სოციალური საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლია ტაბატაძე ხელოვნებათმცოდნეა და როგორც თავად ამბობს, იდეა საჭიროებებიდან გამომდინარე გაუჩნდა - მისი 6 წლის ქალიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

"შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების პრობლემა მწვავედ დგას და სწორედ დასაქმებასა და უნარების განვითარებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ და დავაფუძნეთ "ბაბალე", რომელიც პროფესიული ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და შშმ პირების დასაქმებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.

საწარმოში დაკავებული მოზარდები რამდენიმე ეტაპს გადიან.

პირველი, სწავლების ეტაპია - ვასწავლით პროფესიულ უნარებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება სამსახურში მოსასვლელად, საქმიანობის დაგეგმვა, ხარისხის კონტროლი - ხშირ შემთხვევაში ეს უნარები გამოსამუშავებელია, რადგან სკოლა, ბაღი, ოჯახი ხშირად ამ უნარების გამომუშავებას ვერ უზრუნველყოფს.

მეორე ეტაპია სტაჟირება, ანუ იმ საქმის ადგილზე შესწავლა, რასაც ვაწარმოებთ, ხოლო მესამე, საბოლოო ეტაპი - დასაქმებაა.

ამ ეტაპზე საწარმოს ისეთი მოგება არ რჩება, რომ სოციალური პროექტების გაკეთებაზე ვიზრუნოთ, თუმცა, სამომავლოდ თუ წარმოება გაიზრდება, გვსურს თანხები სოციალურ პროექტებს მოვახმაროთ, იმ მიზნებს რასაც ჩვენ ვემსახურებით. მაგალითად, შეზღუდული შესალებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის რაიმე პროექტის განხორციელება, მისი ფინანსურად დამოუკიდებლად მართვა და არა დონორის მოლოდინში ყოფნა. ფინანსური მდგრადობა სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი - ემსახურები შენს სოციალურ მიზნებს და ამოცანებს" - გვეუბნება ლია ტაბატაძე.

რა მომავალი აქვს სოციალურ მეწარმეობას საქართველოში?

დღესდღეობით ქვეყანაში რამდენიმე ათეული სოციალური საწარმოა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,ამ საკითხზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციიდან  ერთ-ერთია და 2009 წლიდან უწყობს ხელს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

ცენტრი დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის ტრენინგებსა და კონსულტაციებს მართავს. დამწყები სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, საგრანტო კონკურსებს აცხადებს, ხოლო გამარჯვებულ ორგანიზაციებს საქმიანობის პროცესში ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ და საკანონმდებლო საკითხებზე უწევს პერიოდულ კონსულტაციებს.

კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2016 წლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამწლიან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლამდე ქვეყანაში 15-მდე ახალი სოციალური საწარმო შეიქმნება.

"სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" - ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ხუციშვილი, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ გეგმებზე გვესაუბრება:

"გვინდა დაფუძნებული საწარმოები მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს, როგორც ბიზნესკომპონენტით ისე, სოციალური კომპონენტით. იყოს ერთგვარი საჩვენებელი მაგალითი, როგორი შეიძლება იყოს წარმატებული სოციალური საწარმო. გვექნება კონსულტაციები მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის. ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ერთად, ვმუშაობთ სოციალური კრედიტის შემუშავებაზე, რომელიც მორგებული იქნება სოციალურ საწარმოზე და ხელს შეუწყობს მის გაფართოებას" - ამბობს სალომე ხუციშვილი.

პროექტის კიდევ ერთი მიმართულება კანონმდებობის გაუმჯობესება იქნება.

ხუციშვილის განმარტებით, კანონდებლობაში არ არსებობს სოციალური მეწარმეობის განმარტება, რაც ხშირად პრობლემებს უქმნის ამ ტიპის მეწარმეებს. "ევროკავშირის პროექტის დაწყებამდე მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა, მისი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჩავარდა. ახლა გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის ლობირებას. თუ მოწესრიგდება კანონმდებლობა, ეს გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას" - ამბობს სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, მიკროკრედიტები და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები გადამწყეტი ფაქტორია არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის.

სალომე ხუციშვილის თქმით, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებას ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში იჩენენ.

ეთო ფურცხვანიძე

 

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Small wonderland of angels and magnificent creatures in Tbilisi

myquiz