რატომ ითხოვდა "სითი პარკი" მოქალაქისგან 6 500 ლარის გადახდას? | Allnews.Ge

რატომ ითხოვდა "სითი პარკი" მოქალაქისგან 6 500 ლარის გადახდას?

ჩვენს რედაქციას "სითი პარკის" მიერ დაზარალებული მოქალაქე დაუკავშირდა. მას 38 ჯარიმა ჰქონდა და "სითი პარკი" 6 500 ლარზე მეტის გადახდას სთხოვდა.

ჩვენ ველაპარაკეთ დაზარალებულის ადვოკატს თეონა გელაშვილს, რომელი იურიდიული კლინიკის "ჩემი ადვოკატი" ტრენერ-ადვოკატია.

ისტორია კი შემდეგნაირია: მოქალაქეს "სითი პარკის" 38 ათლარიანი ჯარიმა ჰქონდა. მათგან 9 ხანდაზმული იყო, დანარჩენი 29 კი - მოქმედი. ხანდაზმულზეც და მოქმედზეც 150 ლარიანი საურავები იყო დარიცხული. ჯარიმებს აღსრულების ეტაპზე, აღსრულების საფასურიც დაემატა და თითოეულმა ჯარიმამ 190 ლარს მიაღწია. ჯამში კი 6 500 ლარზე მეტი შეადგინა.

"ამ დადგენილებების განხილვის მოთხოვნით, მივმართეთ სასამართლოს და საურავების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ. "სითი პარკის" მიერ ჯარიმები ჩაბარებულად ითვლებოდა და საურავის დაკისრება სწორედ ამიტომ მოხდა.

თუმცა, საფოსტო გზავნილში მითითებული მისამართი იურიდიული იყო და იქ დაჯარიმებული არ ცხოვრობდა.

ფოსტის თანამშრომელი წერდა, რომ ჯარიმების ჩაბარება ივლისში მოხდა და აღწერდა ჩამბარებელსაც. ივლისის დასაწყისში იმ სახლში დაჯარიმებულის ნათესავი ცხოვრობდა, მეორე ნახევარში კი სახლი გაქირავდა. ფოსტალიონის აღწერილობა რეალურად არც ნათესავის და არც მქირავებლის აღწერილობას არ ემთხვეოდა.

სასამართლოზე დაიკითხნენ როგორც მითითებულ მისამართზე იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანები, ისე ფოსტის თანამშრომელი. ამ უკანასკნელის ჩვენების პირველი ნაწილი, სადაც სახლის ეზო იყო აღწერილი, რეალობას შეესაბამებოდა. მაგრამ მერე მოწმეები დააპირისპირეს და მან ჯარიმების ჩამბარებლის ამოცნობა ვერ მოახერხა. არც ჩამბარებლის აღწერილობა შეესაბამებოდა რეალობას. ამიტომ "სითი პარკის" მხრიდან ჩაბარების ფაქტის დადასტურება ვერ მოხდა. საქმე ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა და ყველა საურავი გაუქმდა," – Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს თეონა გელაშვილი.

მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია.

უბრალოდ, ჯარიმების ასეთი რაოდენობა არაა ხოლმე და ხშირად დაჯარიმებულს 200-300 ლარის გადახდა ურჩევნია, საქმის სასამართლომდე მიყვანას, დროის და ენერგიის ხარჯვას.

"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ

აღნიშნული საქმეც საკმაოდ გაიწელა დროში, რადგან გადავადებაზე შუამდგომლობა ორჯერ მოხდა. რამდენიმე თვის განმავლობაში მოქალაქის ანგარიშებს ყადაღა ედო, რამაც მას ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

"სამწუხაროდ, ამ პერიოდში მოქალაქეს დედა გარდაეცვალა და მას დასაკრძალი ფულიც კი არ ქონდა, რადგან ანგარიშები იყო დაყადაღებული. დაყადაღების შესახებ წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ აქვს.

ამის ვალდებულება აქვს "სითი პარკს". თუმცა ის პრობლემების აღმოჩენის დროს, ფოსტას ადანაშაულებს ხოლმე და აცხადებს, რომ მათ მიერ დაქირავებული ფოსტა არის ვალდებული ჩაბარება კანონიერად მოხდეს. დღეს ამბობდნენ პროცესზე, რომ ფოსტის თანამშრომლებს დამატებით მოტივაციას არ უქმნიან, რომ ტყუილი თქვან და ჯარიმა ჩაბარებულად მონიშნონ. მაგრამ ჩვენთან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ფოსტის თანამშრომელს ისტორიები შეუთხზავს ჩაბარების შესახებ და არარეალური პიროვნებები მიუთითებიათ ჩამბარებლად," - ამბობს ადვოკატი.

რა უნდა გაითვალისწინოს "სითი პარკის" მომხმარებელმა

თეონა გელაშვილი ავტომფლობელებს ურჩევს, ნუ იქნებიან "სითი პარკის" იმედად და პერიოდულად შეამოწმონ ხოლმე ჯარიმები კომპანიის ვებგვერდზე.

"ყველას მოვუწოდებ, გაიმეტოს ცოტა დრო, მინიმალური ხარჯი და სამართლებრივი გზით მოახდინონ "სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერა. რაც მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება, მით მეტად დაფიქრდება კომპანია და საქმიანობის პრინციპებს შეცვლის. ერთობლივი მუშაობა სჭირდება ამას," - ამბობს გელაშვილი.

ნანა მღებრიშვილი

myquiz