ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ვაქცინის დეფიციტია.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში გრიპის ვირუსის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.

ამ კონტექსტში, მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და პროფილაქტიკური ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მიუთითა. მისი ინფორმაციით, წელს სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის 20 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, კერძო სექტორში აცრილთა რაოდენობა კი, 10-დან 15 ათასამდე მერყეობს.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნებაყოფლობითი ვაქცინაცია აუცილებელია.

ჩვენ ვცრით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს, ბავშვთა სახლებში, მოხუცთა სახლებში, გარკვეული ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის, დიაბეტიან ბავშვებს, ასევე ვცრით შიდსიან, ჰეპატიტიან ავადმყოფებს და რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალს, რომელთათვის აცრა აუცილებელია, რადგან ისინი პირველი ეხებიან გრიპიან ავადმყოფს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციაზე, რომ საზოგადოების ნაწილი, პროფილაქტიკური აცრის ჩატარების სურვილის მიუხედავად, ვაქცინაციას ვერ ახერხებს, რადგან ვაქცინის დეფიციტია, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მოთხოვნა ახლა გაჩნდა.

"გრიპის სეზონი ქვეყანაში მე-40 კვირას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იწყება.

ვაქცინაცია მთელი გრიპის სეზონის დროს შესაძლებელია, მაგრამ ვაქცინა საუკეთესო შედეგს იძლევა, როცა სეზონის დაწყებადე ხდება ვაქცინირება, ანუ, ოქტომბრისა და ნოემბრის დასაწყისში. სახელმწიფომ შემოიტანა 20 000 დოზა ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ფოკუს ჯგუფებზე განაწილდა. ხოლო, კერძო სექტორს ჰქონდა დახლოებით 15 000-მდე დოზა ვაქცინა, როგორ მე მაქვს ინფორმაცია. იმის გამო, რომ სამწუხაროდ, ქართველებს ასე გვჩვევია, მაშინ ვამახვილებთ ყურადღებას, როდესაც უკვე მდგომარეობა მწვავდება, იმ დროს მიმართვიანობა როგორც ჩანს კერძო სექტორში ვაქცინაციაზე დაბალი იყო, ამიტომ კერძო სექტორი, როგორც მომგებიანი სექტორი რეაგირებს მოთხოვნილებაზე.

მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში ვაქცინაციის დეფიციტია. სახელმწიფომ რაც შემოვიტანეთ, გუშინდელი მონაცემებით, ამ ვაქცინის 96%-ით ათვისება გვქონდა. ალბათ ეს 4% ამ თვეში სრულად დაიფარება. რაც შეეხება კერძო სექტორს, გეთანხმებით, რომ ქვეყანაში გარკვეული დეფიციტი არის, რადგან მოთხოვნილება ახლა გაჩნდა, როდესაც ადამიანებმა ნახეს, რომ გრიპის სეზონი დაიწყო. ამავე დროს, რაღაც პოზიტივი არის, რომ ქვეყანაში კულტურა თანდათან იზრდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, აუცილებელია საერთო ჰიგიენური წესების დაცვა, საუკეთესო მეთოდად ხელების ხშირად დაბანა, ოთახის განიავება, სველი წესით დალაგება და ხალხმრავალ ადგილებს მორიდება სახელდება.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების მარაგი საკმარისია.

myquiz