ვის რამდენით გაეზარდა ხელფასი 2016 წელს საქართველოში | Allnews.Ge

ვის რამდენით გაეზარდა ხელფასი 2016 წელს საქართველოში

საქართველოში დაქირავებულთა საშუალო ხელფასი 900-დან 1 000 ლარამდე მერყეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სფეროშია. შემდეგ მოყვება სახელმწიფო მმართველობა და მშენებლობა. ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროები კი სოფლის მეურნეობა- ნადირობა - სატყეო მეურნეობა და განათლებაა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თევზჭერა - მეთევზეობაში დაფიქსირდა. 2016 წლის მეორე კვარტალში სექტორის საშუალო თვიური ანაზღაურება იყო 907 ლარი. 2015 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 535 ლარს შეადგენდა.

ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო ზრდა განიცადა დამამუშავებელმა მრეწველობამ. 2015 წლის მეორე კვარტალში ანაზღაურება 806 ლარი იყო. 2016 წლის მეორე კვარტალში კი 820 ლარი გახდა.

ასევე უმნიშვნელოდ გაიზარდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება. 2016 წლის მეორე კვარტალში მათი ხელფასი - 1245 ლარი, 2015 წლის მეორე კვარტალში კი 1240 ლარი დაფიქსირდა.

საფინანსო საქმიანობა საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა, თუმცა 2016 წელს ამ მიმართულებით ანაზღაურების მცირე ზრდა დაფიქსირდა. 2015 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 1955 ლარი იყო, 2016 წლის მეორე კვარტლისთვის კი საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ მხოლოდ 10 ლარით მოიმატა და 1965 ლარი გახდა.

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 2016 წელს შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალში 531 ლარი იყო, 2015 წლის იმავე პერიოდში კი - 600 ლარი. ანაზღაურება, ასევე, შეუმცირდათ ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიმართულებით დასაქმებულებს. მათი ხელფასი 2016 წლის მეორე კვარტალში 1069 ლარი იყო. წინა წლის მეორე კვარტალში კი - 1139 ლარი.

აქვე გთავზობთ ინფოგრაფიკას, სადაც მოცემულია ის სფეროები, რომლის წარმომადგენლებსაც 2016 წლის მეორე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საშუალო თვიური ანაზღაურება 100 ლარის ფარგლებში გაეზარდათ.

ნანა მღებრიშვილი

myquiz