როგორ უნდა მოვიქცეთ თუ საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხე გვსურს | Allnews.Ge

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხე გვსურს

ხელოვნური ნაძვის ხეების ფართო არჩევანის მიუხედავად, საახალწლოდ ნაძვის ხის მოჭრა, მისთვის ტოტების მომტვრევა, მაინც პრობლემად რჩება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წიწვოვანი მცენარეების უკანონო რეალიზაციასა და ტრანსპორტირებაზე 2013 წელს 6 ადმინისტრაციული და 1 სისხლის სამართლებრივი ფაქტი ფიქსირდება, 2014 წელს 8 ადმინისტრაციული და 2 სისხლის სამართლის, ხოლო 2015 წელს მხოლოდ 5 ადმინისტრაციული შემთხვევაა აღნიშნული.

სამინისტროს წარმომადგენლის, მაია ცხობაძის თქმით, საინფორმაციო კამპანიისა და სხვა ღონიძიებების შედეგად, წიწვების უკანონო მოპოვება შემცირებულია, და თუ თქვენს გემოვნებას მაინც მხოლოდ ბუნებრივი ნაძვი აკმაყოფილებს, მისი მოპოვება კანონიერი გზითაც შეგიძლიათ.

"წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ის გამოყვანილია სანერგეებში, პლანტაციებში, კერძო საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ასევე მნიშვნელობა აქვს ასაკს. ნაძვის ჭრის წესები ითვალისწინებს, რომ მოჭრის შემთხვევაში, მცენარე ასაკოვანი უნდა იყოს, რადგან ახალგაზრდა მცენარის მასობრივი მოჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს კონკრეტული სახეობა ვერასდროს ვეღარ განვითარდეს, " - განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ ბუნებრივი წიწვოვანი მცენარის მოპოვების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა გვქონდეს, რათა მისი ადგილწარმოშობის დადასტურება შევძლოთ.

წიწვოვანი მცენარის უკანონი მოპოვებაზე სხვადასხვანაირი რეგულაცია არსებობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, რეგულაცია ორი ნაწილისგან, საჯარიმო თანხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიხედვით დათვლილი თანხისგან შედგება, რაც ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალია.

თუ წიწვოვანი მცენარის მოჭრა-დაზიანება, სახელმწიფოს მიერ დაცული ტყის ფონდში მოხდა, ჯარიმა 40-დან 400 ლარამდეა;

თუ მცენარის მოჭრა-დაზიანება დაცულ ტერიტორიაზე, ნაკრძალში განხორციელდა, 400-დან 500 ლარამდე;

ხოლო თუ მისი გაჩეხვა-დაზიანება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა, აღნიშნულის განმახორციელებელი პირი 500 ლარამდე ჯარიმას გადაიხდის;

ამას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება, რომელიც თუ 1 000 ლარზე ზემოთ იქნება, პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ხდება.

რატომ არის საშიში ხელოვნური ნაძვის ხე

რაც შეეხება უკანონო ტრანსპორტირებას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია, რომელიც 500-დან 1000 ლარამდე განისაზღვრება, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება.

მაია ცხადაძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ამ უკანონო ქმედებისგან თავი შეიკავოს.

უწყების წლევანდელი ინიციატივაა, გარეთ არსებული ხეების მოჭრის ნაცვლად, ისინი მოვრთოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი ნაძვი გსურთ, თუმცა გარემოს დასაცავად, მისი მოჭრისგან თავს იკავებთ, შეგიძლიათ, ნერგი ქოთანში ჩარგოთ და საახალწლოდ მორთოთ, ხოლო როდესაც წამოიზრდება, აუცილებლად გადარგოთ - აღნიშნული რეკომენდაცია Allnews.ge-ის მკითხველს ბოტანიკის მეცნიერებათა ასისტენტ-პროფესორმა ნანა ბარნაველმა მისცა.

ბოტანიკოსის განმარტებით, წიწვოვანი მცენარეებისთვის ხელსაყრელი პირობები უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. დედაქალაქში მარადმწვანე ნარგავებისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის, რადგან ტენი და ატმოსფერული ნალექი მისი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.

თუ ნერგის ქოთანში ჩარგვას გადაწყვეტთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის უნდა დაირგას ჩრდილში, რადგან ახალგაზრდა ნაძვის ნარგავი მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას ვერ უძლებს.

უკეთესია, სხვა მცენარის ჩრდილში იყოს და როდესაც გადავრგავთ, 70 სანტიმეტრის ორმო უნდა ამოვიღოთ.

თუ რამდენიმე ნერგის ჩარგვა გვიწევს, მათ შორის დაშორება 2-3 მეტრი უნდა იყოს. კვირაში ერთხელ, მშრალ პერიოდში ნარგავები 10-12 ლიტრი წყლით უნდა მოვრწყათ," - განმარტავს ნანა ბარნაველი და დასძენს, რომ გადარგული მცენარე მზის გულზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს.

გარემოს დაცვის სამინისტროსა და ბოტანიკოსის რეკომენდაციით, ნაძვის მოჭრას და მის სამუდამოდ განადგურებას, უმჯობესია ქოთანში ჩავრგათ და მოვუაროთ.

მარიამ მენაბდიშვილი

 

myquiz