რა მეთოდებით იგებენ საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის პროგნოზს? | Allnews.Ge

რა მეთოდებით იგებენ საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის პროგნოზს?

"საქართველოს რეგიონი საპროგნოზოდ ერთ-ერთი ყველაზე რთულია" - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა.

რა ტექნოლოგიით პროგნოზირებენ საქართველოში მოსალოდნელ ტემპერატურას? ამის შესახებ Allnews.ge მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროს დოდო გვაზავასა და ფიზიკოს კუკური თავართქილაძეს ესაუბრა.

დოდო გვაზავას თქმით, საბჭოთა პერიოდში, საქართველოში 300 მეტეოსადგური ფუნქციონირებდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი რაოდენობა 21-მდეა დაყვანილი.

მოქმედებს როგორც ავტომატური, ისე მეტეოროლოგებით დაკომპლექტებული მეტეოსადგურები.

ამ უკანასკნელთა რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 5, ხოლო აღმოსავლეთში 6-ია, - "ეს მეტეოსადგურები ინფორმაციას ყოველ 3 საათში ერთხელ გვაწვდიან, თუმცა გვაქვს რამდენიმე მეტეოსადგური, რომელიც არასრული ინფორმაციით შემოიფარგლება და მხოლოდ დილისა და საღამოს ტემპერატურას გვიჩვენებს," - განმარტავს ის.

დოდო გვაზავა აღნიშნავს, რომ საქართველოში ამინდის დასადგენად ძირითადად, ოთხი კომპონენტის ცოდნაა საჭირო.

"თუ ჰაერის მასები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოდის, ამ დროს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა. მეორე კომპონენტი ცივი ჰაერის მასების აღმოსავლეთ საქართველოში კასპიის ზღვის ჩდილო-აღმოსავლეთიდან შემოსვლაა.

აქ დიდი მნიშვნელობა კავკასიონის ქედს ენიჭება, რადგან ის ჰაერის ამ ცივ მასებს მნიშვნელოვნად აფერხებს.

კიდევ ერთი ფაქტორი ანტიციკლონური სიტუაციის გათვალისწინება (ანტიციკლონი არის მაღალი წნევის არე) და სამხრეთიდან ჰაერის თბილი მასების გადმონაცვლებაა, რომელიც ცივი ჰაერის მასებს ათბობს, მაგრამ ღრუბელწარმოქმნის პირობებს ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თბილი ჰაერის მასები ხმელთაშუა ზღვიდან მოდის, ის ცივ ჰაერთან ურთიერთქმედების შემდეგ ნალექს იწვევს," - განმარტავს სინოპტიკოსი.

მიმდინარე და მოსალოდნელი ამინდის დადგენისას მნიშვნელოვანია თანამგზავრული ინფორმაციის ცოდნა, "თანამგზავრული ინფორმაციით ჩვენ ჰაერის მასების მოძრაობას განვსაზღვრავთ და ღრუბელთა ქვედა, საშუალო და ზედა იარუსის მიხედვით ვიგებთ, თუ სად არის ძლიერი ღრუბელი.

თანამგზავრის მეშვეობით, საქართველოში ჰაერის მასების შემოსვლასა და მათ ტემპერატურას განვსაზღვრავთ.

ეს არის "იუმეტსატის"თანამგზავრი, რომელიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ეკუთვნის. იგი ჩვენი ქვეყნის ფოტოებს იღებს და დამუშავებულ მასალას ინტერნეტის საშუალებით გვიგზავნის," - აღნიშნავს ის.

დოდო გვაზავას თქმით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში ნალექის, თოვლის სიძლიერისა და ქარბუქის პროგნოზირება 100%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი.

როგორ ხდება მსოფლიოს მასშტაბით ამინდის პროგნოზის დადგენა და რა ცვლილებები განიცადა აღნიშნულმა ტექნიკამ ჩვენს რეალობაში?

ამის შესახებ Allnews.ge ფიზიკოს კუკური თავართქილაძეს ესაუბრა.

"ახლა ჩვენ მეტეოროლოგიური მონიტორინგის გარდაქმნის ეტაპზე ვიმყოფებით. მისი მეთოლოგია თანდათან კოსმოსური მეტეოროლოგიით იცვლება. ესე იგი მონიტორინგში მკვიდრდება მეთოდოლოგია, რომელსაც რაც დღემდე კეთდებოდა, იმასთან არავითარი საერთო არ აქვს,"- აღნიშნა მან.

ხელოვნურმა თანამგზავრებმა საშუალება მოგვცა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წერტილში, არსებული მეტეოროლოგიური ვითარების შესახებ გვქონდეს ინფორმაცია."

კუკური თავართქილაძის თქმით, კოსმოსურ მეტეოროლოგიაში, ამინდის პროგნოზის განსაზღვრა ღრუბლების განლაგების მიხედვით ხდება, რომლის ფოტოსურათებსაც თანამგზავრი დედამიწაზე არსებულ მეტეოსადგურებში გზავნის, - "მისი პროგნოზი დაახლოებით 98%-ით მართლდება," - აღნიშნავს ის.

მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ კოსმოსური მეტეოროლოგიის განვითარებასთან ერთად მეტეოსადგურების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ სინოპტიკოსისა და ფიზიკოსის თქმით, საქართველოში ტემპერატურა თითქმის სრული სიზუსტით იზომება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz