საქართველოში განქორწინებათა რიცხვი მატულობს | Allnews.Ge

საქართველოში განქორწინებათა რიცხვი მატულობს

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებების რიცხვი, დაახლოებით, ოთხჯერ გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2005 წელს საქართველოში 1928 ადამიანი განქორწინდა, 5 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და 4726 შეადგინა. ბოლო, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 9112 განქორწინება დაფიქსირდა.

როგორც დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ ALLNEWS-სთან საუბრისას განაცხადა, განქორწინებების მატებასთან ერთად, საქართვლოში ქორწილის რაოდენობამაც იმატა, თუმცა, პროპორცია დარღვეულია.

"ზოგადად რაც უფრო მეტად იზრდება ქორწინებათა რაოდენობა, იზრდება განქორწინებების რაოდენობაც.

როგორ უნდა განვსაზღვროთ, რამდენად რთული მდგომარეობაა ქვეყანაში?

მართალია განქორწინებასთან ერთად, ქორწილის რაოდენობაც იცვლება, თუმცა საინტერესოა როგორია დისბალანსი. თუ ქორწილის რაოდენობა გაიზარდა 10-15 %-ით, მაგრამ განქორწინებათა რაოდენობა 20-30%-ით, ეს უკვე დისბალანსია." - აღნიშნავს ჩიბურდანიძე.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მთელ საქართველოში ყველაზე მეტი განქორწინება დედაქალაქში ხდება. 2015 წლის მონაცემებით, 9112 განქორწინებიდან 3601 თბილისში დაფიქსირდა. განქორწინების სიმრავლით თბილისს - იმერეთი 1409 და ქვემო ქართლი 1013 მოსდევს.

ყველაზე მცირე რაოდენობის განქორწინება რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, დედაქალაქში ქორწინების თითქმის, 50% განქორწინებით სრულდება.

მთელ ქვეყანაში ქორწინების 30% განქორწინებით მთავრდება. განქორწინებათა რაოდენობამ მთიან რეგიონებშიც იმატა, რომელიც ყოველთვის მყარი ქორწინებით გამოირჩეოდა.

"ზოგადად 2000 წლიდან ქვეყანაში განქორწინებათა ზრდის ტენდეცია შემოდის. ეს მაჩვენებელი პიკს 2005-2006 წელს აღწევს, შემდეგ რამდენიმე წელი ნარჩუნდება და 2013 წლიდან ისევ იზრდება. " - აღნიშნა ჩიბურდანიძე.

რაც შეეხება ასაკობრივ სეგმენტს, როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, განქორწინებათა ყველაზე მაღალი რიცხვი 19-25 წლის ასაკობრივ სეგმენტში ფიქსირდება.

"ზოგადად ქორწინებათა რაოდენობის ზრდა 19-25 ასაკობრივ სეგმენტში ფიქსირდება. რომელ ასაკობრივ სეგმენტშიც ფიქსირდება ქორწინებათა რაოდენობა, იმ ასაკში იზრდება განქორწინებათა რიცხვიც.

35 წელს ზემოთ განქორწინებათა რაოდენობა მცირეა. " - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

როგორც დემოგრაფმა აღნიშნა, განქორწინებები ძირითადად ეკონომიურად მყარ ოჯახებში ხდება.

ჩვენმა ფონდმა მცირე კვლევა ჩაატარა და დადგინდა, რომ განქორწინება ეკონომიკურ მდგომარეობას არ უკავშირდება. განქორწინებები ზრდა სწორედ ეკონომიურად საშუალო და ძლიერ ოჯახებში აღინიშნება." - აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

აღსანიშნავია რომ განქორწინების ინიციატორი უმეტესად ქალია და მათი რიცხვი დაახლოებით, 60-64%-ს შეადგენს.

myquiz