რა უნდა გაითვალისწინოს ავტომობილის მფლობელმა ზამთარში | Allnews.Ge

რა უნდა გაითვალისწინოს ავტომობილის მფლობელმა ზამთარში

ზამთარში ავტომობილით გადაადგილება, ძირითადად, რთულ კლიმატურ პირობებში გვიწევს, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს ავტომობილის ტექნიკური გამართულობა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ ზამთარში მგზავრობისას ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს, სპეციალისტები, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ავტომრბოლელი, მევლუდ მელაძე რჩევებს გავძლევენ.

რა ტიპის ტექნიკური გამართულობა ესაჭიროება ავტომობილს ზამთარში?

მევლუდ მელაძის თქმით, თავდაპირველად ძრავის გამაგრილებელი სითხის (ე.წ "ანტიფრიზის") მდგომარეობა უნდა შევამოწმოთ, რისთვისაც სპეციალური ხელსაწყო არსებობს. თუ მისი ყინვამედეგობა საკმარისი არ არის, მაშინ კონცენტრატი უნდა დავამატოთ, რათა არ გაიყინოს.

"შემდეგია საქარე მინის წყლის ამოსასხმელის მდგომარეობა. არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, წყალს ემატება, ავტომობილის მინასაც კარგად წმენდს და თან არ იყინება," - აღნიშნავს ის.

როგორი იქნება მომავლის ავტომობილები

ავტომრბოლელის განმარტებით, მკაცრ კლიმატურ პირობებში შესაბამისი საბურავებით გადაადგილებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

"თუ ზამთარში ავტომობილზე ზაფხულის საბურავი გვიყენია, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირთან ჩაჭიდულობა ძალიან გაუარესებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლიან ან ყინულიან გზაზე გადავადგილდებით და რომელიმე მოსახვევში, შეიძლება, ავტომობილი მოულოდნელად მოგვიცურდეს, რაც ხშირად უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ზამთრის საბურავი ზედაპირს დაახლოებით 80%-ით უკეთ ეჭიდება, ვიდრე ზაფხულის საბურავი.

შალვა ოგბაიძის თქმით, ტექნიკური გამართულობის შემოწმებისას, გარდა ძრავის გამაგრილებელი სითხისა და საქარე მინის ავზაკისა, სამუხრუჭე სითხეც უნდა შევამოწმოთ და თუ ის ნორმას არ შეესაბამება, ზომები მივიღოთ:

"თუ ავტომობილის ზეთი შეცვლის ზღვარზეა, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ.

სამწუხაროდ, საქართველოში ტექდათვალიერება არ არსებობს, რათა ავტომობილებზე საბურავების პროტექტორები შემოწმდეს, რაც ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია. მსუბუქი ავტომობილის პროტექტორის სიღრმე 1,6 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მოტოციკლის - 0,8 მმ-ზე ნაკლები, სატვირთოსთვის -1 მმ-ზე ნაკლები, ხოლო სამგზავრო ტრანსპორტისთვის - 2 მმ-ზე ნაკლები. თუ საბურავები აღნიშნულ ზღვარზე დგას, ჩემი კატეგორიული რჩევა იქნებოდა, რომ ისინი აუცილებლად შეიცვალოს," - განმარტავს ის.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის რეკომენდაციით, ავტომობილი ნისლის საწინააღმდეგო ფარებითა და უკანა მაშუქი ელემენტებით აღჭურვილი უნდა იყოს, რადგან ეს ნისლში გადაადგილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - "უნდა შევამოწმოთ სალონის გამათბობელის მდგომარეობა და შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა შემოწმდეს კონდიციონერის ფუნქციონირება, რომლის ჩართვის შემთხვევაშიც წინა საქარე მინა აუცილებლად უნდა გამშრალდეს," - აღნიშნავს ის და Allnews.ge-ს მკითხველს, მინების დაორთქვლის პრევენციის "ხალხურ მეთოდს" სთავაზობს:

"საკმარისია, მინების გასაწმენდი ჩვარი, ჭურჭლის სარეცხი სითხეთი დავასველოთ, კარგად გავწუროთ და ავტომობილის მინები მისი საშუალებით გავწმინდოთ, რომ ისინი აღარ დაიორთქლება."

როგორ უნდა მოვიქცეთ რთულ კლიმატურ პირობებში ავტომობილით გადაადგილებისას?

ზამთარში ავტომობილის ძრავის ამუშავებისას, თითქმის ყველა ჩვენგანი ელოდება, თუ როდის გათბება ის, რათა მოძრაობა დავიწყოთ, თუმცა მევლუდ მელაძის თქმით, ეს არასწორი პრაქტიკაა, -"ყველას ვეუბნები, ავტომობილი დაქოქე და წადი. ძრავს ზედმეტი გათბობა არ სჭირდება. ზეთის მიერ მთელი სისტემის შესავსებად საჭირო მხოლოდ 2-დან 5 წამამდეა და სანამ სიჩქარეს შევცვლით, ეს დრო უკვე გადის. იმ შემთხვევაში, თუ მინები გაყინულია, ცხადია, ძრავის ჩართვა და ლოდინი მოგვიწევს, რომ ისინი გათბეს. ძრავისა და სხვა სისტემისთვის კი ავტომობილის ძრავის ჩართვა და მის გადათბობად ლოდინი, რეკომენდებული არ არის," - განმარტა Allnews.ge-სთან საუბრისას მელაძემ.

მევლუდ მელაძე გვირჩევს, რომ თუ დილით ადრე ან გვიან ღამით ვმგზავრობთ და გზა შედარებით თავისუფალია, მაინც ფრთხილად ვიმოძრაოთ, რადგან მოსახვევებში ხშირად გაყინული წყლის მასა გვხვდება, რომელსაც ავტომობილის მოცურება ძალიან მარტივად შეუძლია გამოიწვიოს, "თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვიაროთ 10-ით, არამედ დაშვებული სიჩქარით უნდა ვიმოძრაოთ, თუმცა მეტად ყურადღებით," - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, თოვლში ან ყინულზე გადაადგილებისას, დაღმართი უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე აღმართი.

"აღმართზე ინერციის განვითარება თამამად შეგვიძლია, დაღმართზე კი პირიქით, ძალიან ნელა და სიფრთხილით უნდა ჩავიდეთ, იმიტომ რომ, შესაძლოა, ავტომობილი, უმართავად დაცურდეს და რამეს შევეჯახოთ,"- განმარტავს ავტომრბოლელი.

Google-ის ახალი პატენტი: "წებოვანი" ავტომობილი შეჯახებისას ფეხით მოსიარულეს იკრავს

მევლუდ მელაძის თქმით, თუ ყინულზე მოვცურდებით, მთავარია, არ შეგვეშინდეს და სიფრთილე შევინარჩუნოთ, - "შეგრძნება გაგვიჩნდება, რომ ავტომობილი უკიდგანოდ აჩქარდა, თუმცა ეს ასე არ არის და თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და საჭის დამორჩილებას შევეცდებით, ავტომობილი აუცილებლად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება," - აღნიშნავს ის.

შალვა ოგბაიძის რჩევით, გადაადგილებისას ყურადღება სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრასა და გზის საფარის მდგომარეობას უნდა მივაქციოთ, - "უნდა დავაკვირდეთ, აქვს თუ არა გზას ყინულის საფარი, რომელიც ღამით არ ჩანს და ამიტომ მკვეთრ მანევრსა და მუხრუჭს უნდა მოვერიდოთ. დაღმართზე ჩამოსვლის დროს ბერკეტი დაბალი სვლის რეჟიმში უნდა გადავიყვანოთ," - განმარტავს ის და დასძენს, რომ დაჩრდილულ გზებზე, მოსახვევებში ხშირად ყინულიან გზას ვაწყდებით, ამიტომ სიფრთხილესა და სიჩქარის კონტროლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ორივე სპეციალისტის რეკომენდაცია საბურავებს უკავშირდება, მათი თქმით, არა ყველა სეზონისთვის განკუთვნილი, არამედ აუცილებლად ზამთრის საბურავებით უნდა გადავადგილდეთ, რითაც როგორც საკუთარს, ისე სხვების სიცოცხლესაც გავუფრთხილდებით.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz