საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა მატულობს | Allnews.Ge

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა მატულობს

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს აეროპორტებიდან 1425 რეისი განხორციელდა, მათ შორის: თბილისის აეროპორტიდან - 1119, ქუთაისიდან -159, ბათუმიდან -147. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული თვის განმავლობაში გაფრენილი და მოფრენილი მგზავრების რიცხვმა ერთად შეადგინა 263 386. ზაფხულის თვეებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 350 000-ს უტოლდება.

საშუალოდ, ყოველწლიურად საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 20%-ით იზრდება.

"ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ტენდენცია არ იცვლება იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ესენია თურქეთი და ეგვიპტზე. ასევე, გამარტივებულია ვიზის მიღება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და ესეც საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა ტურისტული მიზნებით მოგზაურობისთვის," - განმარტავს "ქორალ თრეველის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ხორცილავა.

"ვიზეარის" შემოსვლამ პოპულარული მიმართულებების ტენდენცია მეტ-ნაკლებად შეცვალა, მაგრამ საერთო სურათზე დიდი გავლენა არ ჰქონია. რადგან ევროპის ქვეყნებში სამოგზაურო ვიზის მიღების წესები არ გამარტივებულა," - დაამატა მან.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია: მოსკოვი, თელავივი, სტამბული, შარჟა (არაბეთის გაერთიანებული ემირატები), დუბაი და კიევი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შარჟა, სადაც საქართველოდან წასული მოგზაურების რაოდენობა 2016 წელს წინა წელთან შედარებით 137 %-ით გაიზარდა.

ავიაკომპანია Georgian Airways დღეიდან ერაყის მიმართულებით ფრენებს იწყებს

სააგენტოს განცხადებით, საქართველოს აეროპორტები და მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება მუდმივად დახვეწისა და განვითარების პროცესშია. თუმცა Allnews.ge-iს მიერ გამოკითხულ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფრენების ღამის საათებში არსებობასა და იაფფასიანი რესიების მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებაზე ჩივის.

"ფრენების ღამის საათებში განხორციელებას ორი მიზეზი აქვს.

აეროპორტის მომსახურება ავიაკომპანიებისთვის ღამის საათებში უფრო იაფია და შესაბამისად, ისინიც უფრო იაფად სთავაზობენ მომხმარებელს ბილეთებს. მეორე საკითხი ეხება გადაჯდომებს. კარგი შუალედი გამოდის საქართველოდან ღამით გამავალ და ყველა იმ რეისს შორის, რომელიც შემდგომში არის აწყობილი სტამბულიდან, მიუნხენიდან, ვარშავიდან და სხვა ქალაქებიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსული ავიაკომპანიები ფრენას დღის საათებში ახორციელებს.

ფასშიც არ არის სხვაობა. თუმცა ხშირად, როცა ჩემი კლიენტები არჩევანს აკეთებენ, მაინც ღამის რეისს ირჩევენ, რადგან ევროპაში მთელი დღის დაკარგვა მეორე რეისის ლოდინში არ უნდათ," - განმარტავს სკყ-ს დირექტორი ელა კარაპეტიანი.

ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც ადასტურებს.

"აღსანიშნავია, რომ ამჟამად თბილისის აეროპორტიდან შესრულებული ფრენების და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 52% მოდის 00.00 დან 06.00 საათამდე განხორციელებულ რეისებზე. ყველა ევროპული ავიაკომპანია ორი მიზეზის გამო ოპერირებს საქართველოში ღამის საათებში: 1. ევროპის ძირითადი, მაგრამ არა ყველა აეროპორტი დაკეტილია 00.00 დან 06.00 საათამდე. 2. ფრენის დაგეგმვისას გათვალისწინებულია საქართველოდან მიმავალი მგზავრების გადანაწილების ყველაზე ხელსაყრელი დროები ევროპიდან სხვა მიმართულებებით დამაკავშირებელ ფრენებზე.

მსოფლიოს ყველა აეროპორტის Wi-Fi-ის პაროლი - საჭირო ინფორმაცია მოგზაურებისთვის

რაც შეეხება 2016 წელს საქართველოში შემოსულ ავიაკომპანიებს, ყველა მათგანი ფრენებს ახორციელებს დღის პერიოდში," - Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია.

საზოგადოების მეორე პრობლემა - ქუთაისის აეროპორტში არსებული იაფფასიანი რეისები, თავად აეროპორტის ბიზნეს-მოდელიდან გამომდინარეობს.

"ქუთაისის აეროპორტი, ძირითადად, გათვლილია ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისათვის.

აქ მომსახურება შედარებით იაფია, ვიდრე საქართველოს სხვა აეროპორტებში. ეს იაფფასიანი ავიაკომპანიებისათვის ხელსაყრელია და წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ფრენების არსებობისთვის," - აღნიშნავს ჯალაღონია.

2016 წლის განმავლობაში საქართველოში 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. ესენია: ელალ ისრაელის ავიახაზები, ზაგროს ეარლაინზი (ირანი), ტაბან ეარი (ირანი), ქეშმ ეარი (ირანი) და პობედა (რუსეთი). მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებს დაიწყებს ასევე ავიაკომპანია "დარტი" კიევი-თბილისის მიმართულებით ჟულიანის აეროპორტიდან. ასევე, მუშაობა მინდინარეობს ავიაკომპანია "თურქმენეთის ავიახაზებთან", რომელზეც სააგენტოს მხრიდან გაცემულია ფრენების ნებართვა და უნდა დაეწყო ოპერორება ნეომბრიდან. თუმცა კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე ცოტა ხნით გადაიწია ფრენების დაწყებამ.

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები

მიმდინარე წელს განხორციელდა Wizz Air-ის ბაზირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც აღნიშნულმა ავიაკომპანიამ დაიწყო რეგულარული ფრენები დამატებით 7 ახალი მიმართულებით: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგემი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი, სოფია.

"საქართველოს აეროპორტები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად ხდება აეროპორტების მოდერნიზება/განახლება. მაგალითად: თბილისის აეროპორტში განხორციელდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ჩამოფრენის ახალი დარბაზის მშენებლობა. ასევე ხორციელდება ქუთაისის აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომების დამატება," - აცხადებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს მთავრობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში ახორციელებს ლიბერალიზაციის პოლიტიკას. ავიაკომპანიებს ეძლევათ საშუალება, თავად განსაზღვრონ ფრენის სიხშირეები, რაოდენობა და ტარიფები, რაც ხელს უწყობს კონკურენციის გაზრდას და დადებითად აისახება ავიაბილეთის ფასსა და მომსახურების ხარისხზე.

ნანა მღებრიშვილი

myquiz