საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი და უცნობი ხალხები | Allnews.Ge

საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი და უცნობი ხალხები

საქართველო ეთნიკური უმცირესობების სიმრავლით გამორჩეული ქვეყანაა, სადაც 20-მდე სხვადასხვა მცირე და დიდი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი საქართველოში საუკუნეების წინ შემოვიდა და დამკვიდრდა. ზოგიერთი კი ძალიან მცირერიცხოვანია და მათი რაოდენობა წლებთან ერთად უფრო და უფრო მცირდება.

ALLNEWS.GE გთავაზობთ ცნობებს საქართველოში მცხოვრები ყველაზე მცირერიცხოვანი და უცნობი ეთნოსების შესახებ.

უდიები

უდიები კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგებული ეთნიკური ჯგუფია. ისინი საქართველოში 1920-22 წლებში შემოვიდნენ. მსოფლიოში უდიების რაოდენობასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. პირველი შედარებით სანდო წყარო მე-19 საუკუნიდან არსებობს. რაც შეეხება საქართველოს, 1970 წლის აღწერით, საქართველოში 800 უდი ცხოვრობდა, 1989 წელს - 793, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი, საქართველოში - 203 უდი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიაში არის დასახლებული.

უდიებმა ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობას უდიებმა თავიანთი ძველი რელიგიური წარმოდგენებიც შეუერთეს. ამის გამო სადღესასწაულო ცერემონიები უდიური რწმენებისა და ქრისტიანული კულტების ნაზავს წარმოადგენს.

წყარო: http://totadze.blogspot.com

უდიებში ქორწინებისათვის დასაშვები ასაკი ქალისათვის 12-15, ხოლო ვაჟისათვის 15-17 წელი იყო. მამაკაცისათვის საქორწინო ასაკის ზედა ზღვარი არ არსებობდა. დღეისათვის საქორწინო ასაკი 18 წლიდან იწყება. დროთა განმავლობაში შეიცვალა მათი ჩაცმის სტილიც და სრულიად გაქრა ქალის მიერ თავსაბურავის ტარებისა და სახის ქვედა ნაწილის დაფარვის ტრადიციაც.

ასურელები

საქართველოში ასურელთა ცხოვრების პირველ კვალს "ქართლის ცხოვრებაში" ვხვდებით. ხოლო სამონასტრო ცხოვრების დაწყება და განვითარება შუა საუკუნეებში ასურელი მამების სახელთანაა დაკავშირებული. XVIII საუკუნის II ნახევარში, ერეკლე II-ის ინიციატივით, ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი ქურთული და ასურული ოჯახები კახეთში ჩაასახლეს.

გერმანული კოლონია საქართველოში - რა ისტორიას ინახავს თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი

რუსეთ-სპარსეთის ომის შემდეგ 1830-იან წლებში, სპარსეთიდან 3000-მდე ასურელი დაიძრა საქართველოსკენ, ნაწილი საქართველოში დარჩა.

1840-იან წლებში ასურელები თბილისში სამუშაოდ ჩამოდიოდნენ, სადაც დროთა განმავლობაში მუდმივად რჩებოდნენ.

1915-1918 წლებშიც თურქეთიდან ასურელ ლტოლვოლთა არაერთი ტალღა მოადგა საქართველოს. 1917-18 წლებში რუსეთის იმპერიაში განვითარებული მოვლენების გამო, ასურელები საქართველოში დამკვიდრნენ.

XX საუკუნის აღწერებით, საქართველოში ასურელთა შემდეგი რაოდენობრივი მონაცემები იკვეთება: 1926 წელს — 2904 ასურელი, 1959 წელს — 5005, 1989 წელს — 6206.

აღსანიშნავია, რომ ასურულენოვანი სკოლები XX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, ყველა ასურელის ოჯახში მშობლიურ ენად ასურული ენა რჩება. ტრადიციულად, ასურელები ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ —მამაკაცები 16-20-ის, ხოლო გოგონები — 12-14 წლის. დღეს ეს ტრადიცია დარღვეულია და ვაჟები 20-25, ხოლო ქალები 17 წლის ასაკიდან ქორწინდებიან.

თანამედროვე ასურელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქრიატიანია.

საქართველოში მცხოვრებ ასურელებში ჩამოყალიბდა ე.წ. სინთეზირებული რელიგია: იგი ნესტორიანულ, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ელემენტებს შეიცავს.

ავარიელები

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 1996 ავარიელი ცხოვრობდა. ავარიელების აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფლებში - თივში, ჩანთლისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში ცხოვრობს.

უტარებენ თუ არა გოგოებს წინადაცვეთის პროცედურას საქართველოში

საქართველოში შემოსვლა ავარიელებმა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ დაიწყეს. 1990-ანი წლების დამდეგს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, ავარიელების ერთმა ნაწილმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება დაიწყო. კახეთში მცხოვრებ ავარიელებსა და ადგილობრივ ქართველებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ავარიელები სრულად არიან ჩაბმულნი ყვარლის რაიონის ცხოვრებაში. რაიონის საკრებულოში ავარიელებს თავიანთი რწმუნებული ჰყავთ.

ავარიელები ოფიციალურად მუსლიმი სუნიტები არიან, თუმცა მათი რწმენა არქაული ისლამური და ქრისტიანული (შედარებით მცირე დოზით) რელიგიების ელემენტთა ნაზავს წარმოადგენს. ქრისტიანული კულტურის კვალი კარგად ვლინდება ლეკების მიერ ქრისტიანული დღესასწაულების - ალავერდობისა და ნეკრესობის - ქართველებთან ერთად აღნიშვნის ტრადიციაში.

ვაინახები

ვაინახი - ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებაა და ნიშნავს "ჩვენს ხალხს". ვაინახები ცენტრალური კავკასიის მკვიდრნი არიან. ვაინახებს უშუალოდ ემეზობლება თუშეთი და ხევსურეთი. ვაინახების საქართველოში მიგრაციის მიზეზად მკვლევარები მთიელთა ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მწირი მიწის სავარგულებს, სისხლის აღების ტრადიციასა და შამილის მიერ გატარებულ რელიგიურ რეფორმებს მიიჩნევენ.

ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ვაინახური ეთნიკური ერთეულები ჩვ. წ. III საუკუნეში შემოვიდნენ. ვაინახთა გადმოსახლების პროცესი ინტენსიურ ხასიათს, XIII საუკუნიდან იღებს, ხოლო XVIII საუკუნის მიწურულიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. ვაინახები ძირითადად ქისტებად იწოდებოდნენ. ისინი ძირითადად თელავის რაიონში დასახლდნენ, მათი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა, ხოლო ნაწილი პანკისის ხეობაში დასახლდა.

ვაინახების ოჯახში მკაცრად არის დაცული უფროს-უმცროსობის მამაპაპური წესი, რაც ყოფის ნებისმიერ სფეროში იჩენს თავს.

ქართული კულტურის გავლენით, პანკისელ ქისტებში შარიათით ნებადართული მრავალცოლიანობა აკრძალულია.

მიგრირებული ქისტების ძირითადი ნაწილი იმ ადგილებიდან წამოვიდა, სადაც ისლამი ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული. მათი რწმენა ვაინახთა უძველესი რწმენა-წარმოდგენებისა და ქრისტიანული რელიგიის მთური ვარიანტის სინთეზს წარმოადგენდა. ამიტომ პანკისის ხეობაში ქართველთა მიტოვებულ სამოსახლოზე დაფუძნებულმა ქისტებმა ადვილად გაითავისეს ადგილობრივი სამლოცველო ნიშები და ქრისტიანული ძეგლები.

დღეს პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები, ერთეული შემთხვევის გარდა, სუნიტური ისლამის აღმსარებლები არიან. ხეობაში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ვაჰაბიზმი გავრცელდა. მისი მიმდევრები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. პანკისის ხეობის სოფლებში 1998-99 წლებში 4 მეჩეთი აშენდა.

myquiz